,,ახალგაზრდა ბრენდი ვართ, მაგრამ ასწლოვან ბრენდებს ვუმკლავდებით ჩვენს ბაზარზე'' - ზვიად ციკოლია

გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემის ,,ვიზიტორი” სტუმარი დიზაინერი, ზვიად ციკოლია იყო.  როგორ განვითარდა მისი კარიერა და რა გეგმები აქვს მომავალში, დიზაინერმა ამის შესახებ რადიო ,,ფორტუნა პლუსის” ეთერში ისაუბრა.

ძალიან წარმატებული დიზაინერი გახდი. როგორ დაიწყო ყველაფერი?

რამდენად წარმატებული ვარ, დრო აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მამას საინჟინრო ჰქონდა დამთავრებული, დიზაინერობის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ვფიქრობ, რომ მისი ნიჭი გამომყვა.

იყო პერიოდი, როცა საქართველოდან წახვედი…

ძალიან მაინტერესებდა საზღვარგარეთ მუშაობა, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდი. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, გამიჭირდა სხვაგან ყოფნა. ერთი წელი ვიყავი იაპონიაში, როცა იქ მუშაობა მომიწია, იქიდან დავაფასე ჩემი ქვეყანა. რომ ჩამოვედი დაახლოებით ერთ თვეში მეგობართან ერთად გავაკეთე სტუდია, ძალიან სერიოზული შეკვეთები ავიღეთ.

ყოველთვის ასოცირდები ,,ბუგატთან’’…

,,ბუგატის’’ მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. 97-ში, როცა  ფრანკფურტში გადავწყვიტე გამომეფინა მანქანა, სწორედ ,,ბუგატის’’ კონცეპტი იყო წაღებული, ,,ბუგატის’’ ინსპირაციით იყო გაკეთებული ყველაფერი. ვთვლი, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ჩემს კარიერაში. მისი ელემენტები, განსაკუთრებით ცხვირი და რადიატორი, იყო გამოყენებული ,,ვეირონში’’. პირველი ,,ვეირონი’’ რომ გააკეთა ,,ფოლკსვაგენმა’’ 99 წელს, იქ ზუსტად მისი ცხვირი იყო გამოყენებული. მანამდე ,,ბუგატი’’ გაკეთებული ჰქონდა იტალ-დიზაინერს, ჯორჯეტო ჯუჯაროს, თუმცა არა ისეთი ცხვირით, რომელიც ჩემს მიერ წარდგენილ მოდელს ჰქონდა. დღესაც  თუ რამე ,,ბუგატი’’ გამოდის, გნებავთ ,,შირონი’’, ,,ვეირონი’’, ყველას სტილისტიკა ლაითმოტივად დასდევს. ვერ გეტყვით, ადგნენ და ბრმად მოიპარეს თუ არა, მაგრამ ორი წლით ადრე მე მქონდა გამოფენილი. როგორც წესი დიზაინერები გამოფენაზე იმ მიზნით დადიან, რომ ინსპირაციას ეძებენ, ასე რომ არ არის გამორიცხული.

რა ავტომობილით გადაადგილდები დღეს?

ორი ავტომობილი მყავს, ,,ჰიუნდაი გეთსი” და ,,ზეტ 4 კუპე”.

,,ციკოლიას საათი”, რომელმაც მოიცვა მსოფლიო…

ახალგაზრდა ბრენდი ვართ , მაგრამ ასწლოვან ბრენდებს ვუმკლავდებით ჩვენს ბაზარზე და შეიძლება ითქვას, რომ ვჯაბნით კიდეც. სულ მალე დავიწყებთ სამკაულების კეთებას ქალბატონებისთვის.

თვითმფრინავის ესკიზი გააკეთე, რომელიც არ დაგიფინანსეს…

ის, რომ ეს პროექტი გაგრძელდება წყალი არ გაუვა, თუმცა, შეგვეძლო ჩვენ საქართველოს დროშა აგვეფრიალებინა იქ, სადაც სხვა წარმატებული ქვეყნები აფრიალებენ თავიანთ დროშებს.

დღეს საქართველოში როგორ არის დიზაინერის პროფესია დაფასებული?

გაცილებით მეტ ყურადღებასა და განვითარებას იმსახურებს. დიზაინი დაკავშირებულია მრეწველობასთან და იმ სფეროებთან, რომლებიც განვითარებულია ქვეყანაში, მეტნაკლებად მეღვინეობასთან და პოლიგრაფიასთან. დღესდღეობით, გრაფიკოსი დიზაინერები უფრო ჭარბობენ, ვიდრე სამრეწველო მიმართულების. ჯერჯერობით მეტნაკლებად გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვართ  განვითარებული.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი: