LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშიერი ბავშვების დასახმარებლად შექმნილი ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო აამღერა – უცნობი ფაქტები Fugees-ის შესახებ

135
1

ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Fugees-ის ისტორია 1987 წლიდან იღებს სათავეს, როცა ნიუ-ჯერსის სკოლის მოსწავლეები, პრაზ მაიკლი და ლოურენ ჰილი ერთმანეთს შეხვდნენ. მაშინ ლოურენი მხოლოდ 13 წლის იყო. მუსიკაზე შეყვარებულმა ახალგაზრდებმა შექმნეს ჯგუფი სულ სხვა სახელწოდებით, რომელსაც მალევე ვაიკლეფ ჯინიც შეუერთდა. ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, თუმცა, პირველი წარმატება 1993 წელს მოვიდა. საქმე იმაშია, რომ მუსიკოსები დემოვერსიებით თვეობით დადიოდნენ სტუდიიდან სტუდიაში, დიდხანს არ უმართლებდათ, თუმცა, მოხდა ისე, რომ სტუდია „რუფჰაუსმა“ მათ შანსი მისცა.

სახელწოდება Fugees წამოვიდა სიტყვიდან refugees, რაც ლტოლვილს, ემიგრანტს ნიშნავს. ეს იდეა ძმებს პრაიზსა და ვაიკლეფს გაუჩნდათ, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ პრობლემის მიმართ მსოფლიოს ყურადღება მიექციათ. საქმე კი იმაშია, რომ ბიჭები ჰაიტიში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, რათა ამერიკაში სამსახური ეპოვა. სხვათა შორის ის ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ბიჭების მუსიკით გატაცების ამბავს და ამბობენ, რომ კონცერტს მხოლოდ მაშინ დაესწრო, როცა ჯგუფმა არნახულ წარმატებას მიაღწია.

ჯგუფს ჰქონდა უდიდესი უპირატესობა სხვა მუსიკალურ კოლექტივებთან შედარებით. ისინი თავად წერდნენ მუსიკას სხვადასხვა სტილში. წერდნენ ემოციურ და მრავლისმთქმელ ტექსტებს. სხვა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებისგან განსხვავებით, ისინი არ ეწეოდნენ მარიხუანას პროპაგანდას, რადგან ამბობდნენ, რომ მათ მუსიკის შესაქმნელად არანაირი სარელაქსაციო საშუალებები არ სჭირდებოდათ. მეტიც, ჯგუფი აქტიურად ეწეოდა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და მღეროდა პრობლემებზე, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტით. სადებიუტო ალბომი Blunted on Reality 1994 წელს გამოვიდა. სხვათა შორის ამ ალბომიდან შემოსული თანხით, მუსიკოსებმა ჰაიტიზე სკოლა ააშენეს. მეორე ალბომი The Score გახდა ნამდვილი გარღვევა მუსიკის სამყაროში. ეს უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ჰიპ-ჰოპი, ეს იყო ეგრეთ წოდებული „შავი მუსიკის“ ყველა სტილის გემოვნებიანი ნაზავი. მალევე მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა ჰიტები Ready Or Not, No Woman No Cry და Killing Me Softly. ალბომი მარტო ამერიკაში 6 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამავე ალბომის წყალობით კოლექტივმა მიიღო ,,გრემი”, საუკეთესო რეპ-ალბომისა და არ-ენ-ბი სინგლის ნომინაციაში. ჯგუფის ეს ალბომი იყო ძალიან თემატური და აზრიანი, ყველა სიმღერა შექმნილი ერთი იდეის გარშემო და სულ სხვადასხვა მელოდიებით.

ამას მოჰყვა მსოფლიო ტურნე, რომელიც ჰაიტიზე, ქალაქ პორტ-ო-პრენსში დასრულდა. ეს გახლდათ 80 ათას კაციანი კონცერტი, საიდანაც შემოსული თანხა ლტოლვილებსა და ბავშვებს გადაურიცხეს. იმ ბავშვებს, რომლებიც შიმშილობდნენ, სწორედ ს იყო ჯგუფის ოცნება. ამ კონცერტს მოჰყვა უდიდესი სკანდალი, რადგან მიღებული თანხა ადრესატამდე ვერ მივიდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ის ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა მიისაკუთრეს.

1997 წელს ლოურენ ჰილმა განაცხადა, რომ ორსულობის გამო, შემოქმედებით პაუზას იღებდა. ამას დაერთო კონფლიქტი ჯგუფის სხვა წევრებსა და შემოქმედებით გუნდს შორის. მოგვიანებით ვაიკლეფ ჯინმა სოლო ალბომი გამოუშვა, სადაც ასევე იგრძნობოდა Fugees-ის მუსიკის გავლენა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ცნობილი ჰიტი Guantanamera და ასევე სიმღერა Gone Till November, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა მიიღო.

ვაიკლეფ ჯინმა აქტიურად გააგრძელა სოლო კარიერა, არა ისეთი წარმატებული, როგორც ადრე, მაგრამ სამაგიეროდ კომერციული. ის ძალიან წარმატებული მუსიკალური პროდიუსერიც გამოდგა და მსოფლიო მუსიკის ლეგენდებთან გააგრძელა მუშაობა.

რაც ეხება ლოურენ ჰილს, შვილის დაბადების შემდეგ მუსიკოსმა ასევე პირველი სოლო ალბომი Miseducation of Laurin Hill გამოუშვა. ეს ალბომი ლოურენ ჰილისთვის ცხოვრებისეული გახდა, რადგან ის თავად ქმნიდა მუსიკას, ტექსტს და იყო დაკავებული პროდიუსინგით. სხვათა შორის ალბომი ,,გრემის” 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 5 გზის გამარჯვებული გახდა. ამას მოჰყვა დიდხნიანი პაუზა და მეორე ალბომი, Ms. Hill მხოლოდ 2007 წელს გამოვიდა. რაც ეხება Fugees-ის კიდევ ერთ წევრს, პრაიზსს, მანაც სცადა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად ძალიან პოპულარული გამოდგა სინგლი Ghetto Supastar, სამაგიეროდ ჩავარდა მისი სადებიუტო ალბომი.

მიუხედავად ყველაფრისა, გულშემატკივრები და მუსიკის მოყვარულები წლები ელოდნენ Fugees-ის გაერთიანებას და ეს დღეც დადგა. ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა კოლექტივმა გაერთიანების შესახებ განაცხადა და მსოფლიო ტურნე დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები