LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი ზაფხულის კულმინაცია “ექოვეივსთან” ერთად

565
eqowaves

ზაფხულის ბოლო დღეების ათვლასაც მალე დავიწყებთ, თუმცა მანამდე ფესტივალ “ექოვეივსთან” ერთად დრო ჯერ კიდევ გასატარებელი გვაქვს.

22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩავთვლით  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი სწორედ “Echowaves” გაიმართება.

იმისათვის, რომ ანაკლიაში 4 დღე ფესტივალის სტუმრებმა დრო განსაკუთრებულად გაატარონ, “ექოვეივსის” გუნდი აქტიურად მუშაობს. ანაკლიაში მზადება აქტიურ ფაზაშია გადასული.

ლაშა წურწუმია – ფესტივალ “ექოვეივსის” ტერიტორიის მენეჯერი :

„პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ბევრი სცენა იქნება  განსხვავებული მუსიკალური ჟღერადობის. ანაკლიაში მუსიკის  ასეთი ფართო არჩევანი და ამდენი სცენა არასდროს ყოფილა.  გველოდება განსაკუთრებით ლამაზი სთეიჯები და ინსტალაციები, რაც სასიამოვნოდ გააოცებს ჩამოსულ სტუმრებს.

რაც შეეხება ფესტივალის წლევანდელ სრულ ლაინაფს, ფესტივალის ფარგლებში მსმენელს შეუძლია როგორც უცხოელ, ასევე ქართველ არტისტებსაც მოუსმინოს, მათ შორის არიან: NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS? KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს “ექოვეივსს” რამდენიმე ახალი სცენა შეემატა, რაც ნიშნავს იმას, რომ  მელომანები თავად აირჩევენ ადგილს, სადაც მათთვის  სასურველ მუსიკას მოისმენენ.

  • WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები;
  • TAIYO STAGE – ჰაუსმუსიკის სცენა;
  • BOX STAGE – ტექნომუსიკის სცენა;
  • OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა;
  • ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა;
  • BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა;
  • ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე;
  • TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

მარია – “ფრიკ ფაბრიკის” დიზაინერი:

ჩვენ ფესტივალის კეთილმოწყობით ვართ დაკავებულები. ვმუშაობთ ობიექტების განთავსებაზე და ასევე ახალ სცენებზე, რომლებიც აქ ადრე არ იყო.  მაგალითად, ახალი სცენაა „ოქტაგონი“, რომელიც შეიძლება ითქვას, აჟურული და გამჭირვალე იქნება. ის მთლიანად რკინის კონსტრუქციაა და შედგება ბოძებისგან. ბოძების ინსპირაციის წყარო კი აქაური მშენებლობა გახდა. ასევე ვაკეთებთ პატარა ნიჟარის ფორმის სცენას, რომელიც მთლიანად ბამბუკისგან იქნება დამზადებული. საერთოდაც, ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ მასალას, რაც აქ ადგილზე გვხვდება – ხეებს, ფოთლებს, ბამბუკს. ასევე ძირითადად, ვამუშავებთ იმას, რაც უკვე აღარ გამოიყენება.

ლუკა ჯაშიაშვილი, ფესტივალ “ექოვეივსის” სპიკერი:

“ექოვეივს 2019” შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, გამოირჩევა  სთეიჯების რაოდენობით. წელს მსმენელს ტერიტორიაზე 5-ის ნაცვლად, 8 სცენა დახვდება, ასევე სიახლეებია მუსიკალური მიმართულებით, რადგან ფესტივალის ლაინაფი თითქმის ყველა მუსიკის ჟანრის მოყვარულის გემოვნებას აკმაყოფილებს. იქნება ვიზუალური მხარე განსხვავებული, რადგან ფესტივალის გაფორმებაზე მუშაობს როგორც ქართული,  ასევე უცხოელი გუნდი, შესაბამისად, ფესტივალზე მოსულ ადამიანებს დახვდებათ ულამაზესი გარემო და დაუვიწყარი მოგონებები.

გარდა მუსიკის მოსმენისა, ანაკლიის სანაპიროზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში შესაძლებლობა, ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ.

საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც განთავსდება. წელსაც იმუშავებს ე.წ. CASHLESS სისტემა, რაც იმას ნიშნავს რომ ფესტივალის ვიზიტორებს გადახდა მხოლოდ სპეციალური სამაჯურებით შეეძლებათ.

წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ შარშან მუსიკალურ ღონისძიებას 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.

ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ფესტივალის ვებგვერდზე-http://bit.ly/EchowavesTickets

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები