LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა იმ ადამიანმა, ვინც გაიკეთა გრიპის ვაქცინა, კოვიდი იოლად გადაიტანა – ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

4
mamuchishvili-koronavirusi-2020-01-27-10-09-51-294457-2020-02-27-05-47-57-890802

როგორ განვასხვავოთ გრიპი და კორონავიურისი სიმპტომების მიხედვით, რა დაცვითი ეფექტი აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რა მოლოდინებია კორონავიურისის ვაქცინასთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა კითხვის ნიშნები მის უსაფრთხოებაზე – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ნიუ-ჰოსპიტალსის“ პედიატრიული  ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა.

– ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. პირველ კითხვას დაგისვამთ ზოგადად ვირუსების შესახებ, რომლებიც ამ დროს ცირკულირებენ, თუკი არის ასეთი ვირუსები კორონავირუსის გარდა. საქართველოში გუშინ გრიპის ვირუსიც დაფიქსირდა, რომელიც არანაკლებ აგრესიულია, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც აცრილი არ არის. უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ეს კორონავირუსია.

 ინგა მამუჩიშვილი: დიახ, ამ ეტაპზე პანდემიის აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით და ახალი კორონავირუსის შემთხვევები ძალიან ხშირია. გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორის ფონზე პირადად მე დღეს 6 ადამიანის ჰოსპიტალიზაციისათვის ვიბრძოდი. ჯერჯერობით მათგან მხოლოდ ორის გადაყვანა მოხერხდა საავადმყოფოში. ახალი კორონავირუსის გარდა საქართველოში ცირკულირება დაიწყო ბე ტიპის გრიპის ვირუსმაც.

რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებას, მაგრამ ჩვენც დაგვიგროვდა გარკვეული გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომებით კორონავირუსი და გრიპი ჰგავს ერთმანეთს, გარკვეულწილად მათი კლინიკის განსხვავება შეგვიძლია. ორივე მათგანი ვირუსით გამოწვეული ინფექციაა, მაგრამ მათ აქვთ როგორც მსგავსი, ასევე განმასხვავებელი ნიშნები. ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურული რეაქცია, თავის ტკივილი, ართრალგიები, დიარეა, ღებინება, კონიუქტივიტი, დაღლილობა და ინტოქსიკაცია ახასიათებს როგორც გრიპს, ასევე კოვიდ ინფექციას. თუმცა გრიპს შედარებით ნაკლები საინკუბაციო პერიოდი აქვს, დაახლოებით 1-4 დღე მაშინ, როდესაც კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შეიძლება 14 დღემდეც კი გაგრძელდეს.

გარდა ამისა, გრიპის დროს ელვის სისწრაფით, ერთდროულად იწყება კლინიკური სიმპტომების გამოვლენა.  შემცივნება, მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ოსალგიები, ართრალგიები, ღებინება, ყველაფერი ხდება უეცრად. კოვიდს გარკვეულწილად ახასიათებს ციკლური მიმდინარეობა, სიმპტომების თანდათანობითი გამოვლინება, განსაკუთრებით ბავშვებში. ის იწყება თავის ტკივილით და სუფებრილური ტემპერატურით. ბავშვებში ხშირია ასევე წელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, დიარეა და კონიუქტივიტი. ბოლო პერიოდში სტომატიტით დაწყებული კოვიდ ინფექციაც შემხვდა.  მაქსიმუმ მეათე დღეს გრიპის ვირუსი ორგანიზმიდან ელიმინირებულია, კოვიდი კი ასე მარტივად არ გამოდის ორგანიზმიდან, მას დაახლოებით 10 დღეს +4 უსიმპტომო დღე ესაჭიროება ვირუსის ასიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი.

– ახლა, როდესაც გრიპის ვირუსიც დაფიქსირდა ქვეყანაში, ძალიან ძნელი იქნება ინფექციების დიფერენცირება და იმ პაციენტების ჰოსპიტალიზება, რომლებსაც გრიპის გამო დასჭირდებათ მედიკოსების დახმარება. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. გრიპთან დაკავშირებით გამოცდილება ბევრად დიდია და მინდა გკითხოთ, აქვს თუ არა გრიპს ისეთივე მიმდინარეობა, როგორიც კოვიდს, არსებობს თუ არა გრიპი, რომელიც მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს?

ინგა მამუჩიშვილი: თუ მსუბუქი ტიპის გრიპზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს არა ა, არამედ ბე ტიპის გრიპი, რომელიც შეიძლება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდეს. გრიპი სხვა ვირუსებისაგან განსხვავებით მძიმედ მიმდინარეობს, თავიდანვე იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მატებით,შეუპოვარი მარალი ცხელებით, რომელიც არაფრით არ ემორჩილება სიცხის დამწევებს. “ჯანმოს” რეკომენდაცია კოვიდია და გრიპის დიფერენცირებისათვის არის ტესტირება. ტესტი არსებობს კოვიდზეც და გრიპზეც, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები.

განსაკუთრებით მეორე ტალღის დაწყებამდე, ბავშვებში კოვიდი მსუბუქი რესპირაციული სიმპტომებით მიდიოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო ცხვირის გაჭედვა, სუბფებრილური ტემპერატურა, ძვლების და სახსრების ტკივილი. მეოთხე-მეხუთე დღეს კი შეიძლებოდა გამოვლენილიყო მაღალი ტემპერატურა. გრიპის შემთხვევაში თავიდანვე ერთიანად ვლინდება მაღალი ტემპერატურაც და სხვა სიმპტომებიც. მე პირადად დაახლოებით 1200 ბავშვი მყავს მიღებული ონლაინ კოვიდ ინფექციით და შემიძლია ვთქვა, რომ გრიპის შემთხვევაში უფრო შემხვედრია გართულებები, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში.

თუმცა ახალი კორონავირუსი ვერაგია და მისი გართულება ბავშვებში შეიძლება იყოს მულტიორგანული ანთებითი პროცესები, რომლებიც შესაძლოა ვირუსის გადატანიდან 4, 6, 8 კვირის თავზე გამოვლინდეს. თუმცა სარს-კოვ-2 ბავშვებს ინდობს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მარტივად იტანს ის კოვიდ ინფექციას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ის რეცეპტორები, რომლითაც ახალი კორონავირუსი იჭრება ორგანიზმში, ბავშვებს არ აქვთ ან სუსტად აქვთ განვითარებული.

– გრიპზე ვსაუბრობდით და ვახსენოთ ვაქცინაც. ამირან გამყრელიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მარაგისა,მოთხოვნა დიდი არ არის გრიპის ვაქცინაზე. შეიძლება ეს იმით იყოს განპირობებული, რომ აქამდე გრიპის ვირუსი არ ცირკულირებდა ქვეყანაში და ალბათ ადამიანები იმედოვნებდნენ, რომ არსებული პრევენციული ზომებიდან გამომდინარე გრიპი ქვეყანაში იქნებ არც შემოსულიყო. ვისაუბროთ თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევაზეც, რომელიც გრიპის ვაქცინის ერთგვარი ჯვარედინი ეფექტის შესახებ შეიძლება მიანიშნებდეს კოვიდთან მიმართებაში.

ინგა მამუჩიშვილი: დიახ, სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის სერიოზული ეპიდემია წელს არ ყოფილა, რასაც ხელი საყოველთაოდ მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა შეუწყო. დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენის დაცვა გრიპისგანაც გვიცავს. გარდა ამისა ბავშვები, რომლებიც გრიპის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებლები არიან, წელს იზოლირებულნი არიან და ზრდასრულებს უფრო შეგვიძლია ინფექციის შინ მიტანა. აქედან გამომდინარე, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ გრიპი წელს სერიოზულ პრობლემებს არ შექმნის. თუმცა რასაკვირველია, გრიპზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრაა სასურველი, მით უმეტეს რისკ-ჯგუფების. ვაქცინამ აუცილებლად უნდა მოიცვას 5 რისკ-ჯგუფი. ესენია: ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ის პირები, ვისაც საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ხალთან უწევს კონტაქტი, მაგალითად მასწავლებლები.

რაც შეეხება ჩემს კვლევას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემს მიერ, “ფეისბუკზე” ჩატარებული კვლევა და არა რანდომიზებული კვლევა, აქედან გამომდინარე მე სამეცნიერო არგუმენტებით ვერ ვისაუბრებ. ჩემი კვლევის მთავარი მიზანი იყო მეპოვა პასუხი კითხვაზე: “გაიკეთეთ თუ არა წელს გრიპის აცრა და შემდეგ შეგხვდათ თუ არა კოვიდი, და თუ შეგხვდათ, როგორ გადაიტანეთ”. როგორც აღმოჩნდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც გაიკეთა გრიპის ვაქცინა, კოვიდი იოლად გადაიტანა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ‘სარს-კოვ-2″-ის ინკუბაციურ პერიოდში აიცრა, ანუ იქამდე, ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდებოდათ. აქედან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ გრიპის ვაქცინა გარკვეულწილად კოვიდის გართულებებისაგან იცავს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის  ჩემს მიერ, “ფეისბუკზე” ჩატარებული და არა რაიმე რანდომიზებული კვლევა.

– და ბოლოს ვისაუბროთ “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს. თუმცა ცნობილი ხდება, რომ მაგალითად “ფაიზერის” ვაქცინა, რომლით ვაქცინაციის პირველი ტალღაც ბრიტანეთში უკვე დაიწყო, ჯერჯერობით არ არის რეკომენდებული ორსულებსა და ბავშვებში გამოსაყენებლად, რაც ბადებს ეჭვებს მის შესაძლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი მოლოდინი? ბევრი ისედაც არაფერი ვიცით ამ ვაქცინაზე, იქნება თუ არა საჭირო ყოველწლიურად აცრა, შეიცვლება თუ არა კორონავირუსის შტამები და ა.შ.

ინგა მამუჩიშვილი:  როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში რამდენიმე ტიპის ვაქცინა იწარმოება, ძირითადად ეს არის “ფაიზერის, “მოდერნას” და “ასტრაზენეკას”, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინები. მე პირადად იმედებს ძირითადად “ასტრაზენეკას” და “მოდერნას” ვაქცინებზე ვამყარებ. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ვაქცინის სამი ტიპი: ცოცხალი, ინაქტივირებული და გენური ვაქცინები. ვაქცინა იმუნურ სისტემას აძლევს ბრძანებას, რომ გამოიმუშაოს ჯერ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ცილა და შემდეგ მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს არის გარკვეულწილად დატვირთვა ორგანიზმისათვის. ინაქტივირებული და ცოცხალი ვაქცინები წლები იცდებოდა, გენური ვაქცინა კი ახალია, ამიტომ ჯერჯერობით მისი ბავშვებში და ორსულებში გამოყენების რეკომენდაცია არგაიცემა. პირადად მე, როგორც ექიმი და რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი, ალბათ ავიცრები. პირველ რიგში აიცრებიან მედმუშაკები და ჯარისკაცები. სავარაუდოდ ისინი იქნებიან პირველები, ვინც ამ ვაქცინას მიიღებენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები