LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტუნინგი ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ ფულს და ენერგიას მოითხოვს..“

14
tuning-cars

გადაცემას „ავტოსერვისი“ რეზიდენტი ავტოექსპერტი ლევან გორდელაძე ესტუმრა. კომპანია next level performance-ის დამფუძნებელმა ავტომობილის გაძლიერებაზე ანუ იგივე დატუნინგებაზე ისაუბრა.

რას ემსახურება Next Level Performance ?

ჩვენი კომპანია არც თუ ისე დიდი ხნის არის. ოფიციალურად რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა. ჩვენ მომხმარებელს არასტანდარტულ ავტოსერვისს, ტუნინგის მიმართულებას ვთავაზობთ. ეს შეეხება – ვიზუალს, სიმძლავრეს, მოდიფიცირებას თუ ავტომობილის სარბოლო მომზადებას. ანუ სტადარტულ ავტომობილებს სარბოლოდ ვაქცევთ, რაც ბუნებრივია, ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული.

საქართველოში ეს ყველაფერი ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება. ამ სფეროში დაფინანსება არ არსებობს და ალბათ როცა მუშაობა დაიწყეთ, მაშინ მხოლოდ თეორიული ცოდნა თუ გქონდათ…

კი ნამდვილად ასეა, თავიდან ყველაფერი ავტომობილის სიყვარულით დაიწყო. შესაბამისი სერვისი არ არსებობდა, ამიტომ საკუთარ ავტმობილებს თავად ვატუნინგებდით. ამჟამად კი ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ ის, რაც წლების წინ ჩვენ ვერ შემოგვთავაზეს.

წლების წინ თუკი ადამიანს სპორტული ავტომობილი მოუნდებოდა, ან უცხოეთიდან უნდა გამოეწრა მზა ნაწილები, ან აქ თავისით უნდა ეცადა რამის შექმნა, რაც იშვიათად ამართლებდა.

კი, წამყვანი ნაწილები უცხოეთიდან უნდა ჩამოგეტანა. ამჟამად კი თითქმის ყველაფერს ადგილზე ვაკეთებთ და ბევრ ნაწილს უკვე საზღვარგარეთ თავად ვყიდით. ეტაპობრივად ვიხვეწებით და ვსწავლობთ უფრო მეტს.

როგორც ვიცი, განათლება საქმიანობაში ძალიან გეხმარებათ..

ყველაფერს თეორიულად ვითვლით და პრაქტიკაში მხოლოდ ამის შემდეგ ვახორციელებთ. როგორც წესი, გარკვეული ცდომილებები ყოველთვის არის, თუმცა გამოთვლების 90% მაინც ზუსტია. ჩემი ცოდნა ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მაქვს დამთავრებული, პროფესიით არქიტექტორი ვარ და სხვებთან შედარებით მარტივად ვწყვეტ ბევრ საკითხს. ჩვენი ჯგუფი პროექტს თეორიულად თვლის და პრაქტიკას მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ხოლმე.

როდესაც ხდება ჩვეულებრივი ძრავის გადაკეთება, ძირითადად რა კომპონენტები იცვლება? ტუნინგი დაუსრულებელი პროცესია, იდეები არ ილევა, ამიტომ საინტერესოა, რითი ვიწყებთ?

ტუნინგი ნამდვილად დაუსრულებელი სფეროა. ჩვენი გამოცდილებით, არის ძრავების მოდელები რომელებიც ტუნინგს კარგად იტანს, მაგალითად BMW-ს ახალი მოდელები. ასეთ შემთხვევაში მოდიფიცირებით ძრავის სამმაგი სიძლიერის ამოღებაა შესაძლებელი. თანაც ეს ხდება ძრავის შიგთავსის ხელშეუხებლად. ხოლო იმ შემთხვევებში კი როცა მოთხოვნა სხვანაირია, ხდება შიგთავსის მთლიანად შეცვლა. უნდა ვახსენოთ ე.წ. „სვაპი“ როცა ერთ ავტომობილში სხვა ავტმობილის ძრავს ამონტაჟებენ და ასეთ დროს გაძლიერების მიღწევა დროის ეკონომიითა შესაძლებელი.

ჩამოთვალეთ ის ძრავები, რომლებსაც სხვადასხვა პროექტებისთვის იყენებთ ხოლმე.

ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია Toyota Supra-ს იაპონური წარმოშობის ძრავები, 3 ლიტრიანი, ორტურბინიანი აგრეგატები. ასევე LS-ის ამერიკული მოდელები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ BMW-ში ჩავდეთ „მერსედესის“ ძრავი და ამ პროექტმა ძალიან გაამართლა.

ტუნინგი ეს არის დაუსრულებელი პროცესი, იდეალური ავტომობილის მიღება ალბათ შეუძლებელია…

პირველად ავტომობილის დატუნინგება მრავალი წლის წინ დავიწყე. ჩემი სურვილია, რომ მყავდეს ავტომობილი რომელიც ჩემზე იქნება მორგებული და მასში არაფრის შეცვლა არ მენდომება, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში ამას ვერ მივაღწიე. 14 წელია ვცდილობ და საბოლოო შედეგამდე მაინც ვერ მივედი. ამიტომ სანამ დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, ეს ყველაფერი ბევრ ფულს და ენერგიას მოითხოვს.

შესაძლოა ყველაფერი ძალიან მარტივით – დისკების შეცვლით დაიწყოს და ნელ-ნელა სხვა რაღაცეებიც მოგინდეს.

თქვენთან ყველაფერი სამეცნიერო დონეზეა აყვანილი, ქმნით დეტალებს, იგივე შემშვები, გამომშვები კოლექტორები. ხდება მათი დაგეგმარება, დახაზვა და შემდეგ მეტალში გადაყვანა.

კონკრეტული ძრავისთვის კონკრეტულ დეტალს ვამზადებთ. ვითვალისწინებთ მოთხოვნას და შესაძლოა ერთი და იგივე ძრავზე სხვადასხვა ნაწილები დაგვჭირდეს. ამიტომ ყველა პროექტი განსხვავებული და ინდივიდუალურია.

რა მასალებს იყენებთ და როგორ დუღდება ეს ყველაფერი?

ჩვენი მასალები ძირითადად – ალუმინს, უჟანგავ ლითონსა და შავ ლითონს, ანუ რკინას მოიცავს. იქიდან გამომდინარე თუ რა მოთხოვნა და ბიუჯეტი აქვს დამკვეთს – ვარჩევთ შესაბამის ლითონს. უჟანგავი ლითონი სხვებთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირი ჯდება. ასევე განსხვავებაა შედუღების ფასშიც, სხვადასხვა აპარატებით ვმუშაობთ და მათი ღირებულება იცვლება.

ბევრი საინტერესო პროექტი გაქვთ, მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე შეჯიბრებებზე სწორედ თქვენ მიერ შექმნილი ავტომობილით გამოდის…

სარბოლო ტუნინგი ეს კიდევ სხვა მიმართულებაა. როგორც ჩვენ ვამბობთ, უფრო Next level-ია. ავტომობილი გავუმზადეთ მევლუდს, რომლითაც ევროპაში ასპარეზობს. ამჟამად საფრანგეთშია და drift master-ზე გამოდის, სადაც ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

როგორია თქვენ სამომავლო გეგმები ?

სამომავლოდ პროექტების  მიმართულებას არ ვცლით. ველოდებით კანონმდებლობაში ცვლილებას, რომ სპორტული ავტომობილისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. გვსურს უფრო მეტი ავტომობილი გადავაკეთოთ სპორტულად და შემდეგ გავიყვანოთ ევროპაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები