LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომლებიც ბავშვებში მხედველობის პრობლემებზე მიუთითებს – თამარ კვიტაშვილის რეკომენდაციები

54
doctor

ამდენად ხშირია ბავშვებში მხედველობის დარღვევა, რომელ ასაკში უვლინდებათ ბავშვებს მხედველობის პრობლემები. რამ უნდა აფიქრებინოს მშობელს, რომ მის შვილს მხედველობის პრობლემები აქვს, რა უნდა ვიცოდეთ ფერადი თვალის, მხვედლობის კორექციისა და  გაჯეტებით გამოწვეული რისკების შესახებ – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-ოფთალმოლოგმა თამუნა კვიტაშვილმა ისაუბრა.

თამარ, რამდენად ხშირია ბავშვებში მხედველობის პრობლემები?

ბავშვთა მხედველობის პრობლემები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა. მათი გავრცელების სიხშირე  ყველა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 19 მილიონი მხედველობა დაქვეითებული და მილიონ ნახევარი უსინათლო ბავშვია. ზოგადად კი, ყოველი ოციდან ერთი ბავშვი მხედველობის დაქვეითების პერმანენტული რისკის ქვეშ არის. ასე რომ ეს პრობლემა საკმაოდ გლობალურია და მასზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია.

 რა ასაკში ვლინდება მხედველობის პრობლემები ბავშვებში და არსებობს თუ არა სარისკო პერიოდი?

ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი ამა თუ იმ დაავადებისთვის რისკ-ჯგუფს წარმოადგენს. მაგალითად ერთ წლამდე ბავშვებში ყველაზე ხშირია საცრემლე არხთან დაკავშირებული პრობლემები, დაახლოებით 5% ახალშობილების ამ პათოლოგიით იბადება. თუმცა აქვე მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ ეს პათოლოგია მხედველობის განვითარებაზე უმრავლეს შემთხვევაში გავლენას არ ახდენს.  შედარებით მოგვიანებით ასაკში, 2-დან 4-წლამდე პერიოდში ხდება უკვე თანდაყოლილი რეფლაქციური დარღვევების გამოვლენა ე.წ. სათვალის მოთხოვნილება და სიელმით მანიფესტაციაც სწორედ ამ ასაკში ვლინდება. შემდეგია სასკოლო ასაკი, როდესაც პირველადი მომართვიანობის უმთავრეს ჩივილს ახლომხედველობა წარმოადგენს.

რა არის მხედველობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემა ბავშვებში?

პირველი ეს არის რეფლაქციური დარღვევები  ე.წ. სათვალის მოთხოვნილება, ასევე ზარმაცი თვალი ანუ „ამლიოპია“ და სიელმე.

სიელმეზე მინდა გკითხოთ, რამდენად სერიოზული და საყურადღებო პრობლემაა, შესაძლებელია თუ არა ის თავისთავად ალაგდეს გარკვეულ ასაკთან ერთად და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ მომართვიანობას?

პერიოდული სიელმე ფიზიოლოგიურად ითვლება მხოლოდ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი თვის ასაკამდე. ამ ასაკის შემდეგ პერიოდული სიელმე პათოლოგიის მანიშნებელია და ასეთი ბავშვი აუცილებლად ოფთალმოლოგის მიერ უნდა იქნეს გამოკვლეული. სიელმე ის დაავადებაა, რომლის იდენტიფიცირებაც მშობლისთვის ძალიან მარტივია, ვიზუალურად შეიმჩნევა. სამწუხაროდ დღესაც კი ძალიან გვიან მიმართავენ ექიმს, მიზეზი კი არის მითი იმის შესახებ, რომ ეს ნორმალურია 3 წლის ასაკამდე.  ან მშობელი ელოდება ბავშის ვერბალურ განვითარებას, რადგან ჰგონია რომ ექიმს და ბავშვს შორის აუცილებელია ვერბალური კონტაქტი შედგეს, ეს აბსოლუტურად მცდარი მიდგომებია. გამომდინარე იქიდან, თუ რა არის სიელმის გამომწვევი მიზეზი, მასთან ბრძოლის მეთოდებიც იცვლება. სიელმე შეიძლება იყოს თანდაყოლილი, დაბადებისთანავე ან სიცოცხლის პირველი წლის განვალობაში გამოვლინდეს და შეძენილი, რომელიც უფრო ხშირია და 2-4 წლის ასაკში ვლინდება.  გამომწვევი მიზეზი გენეტიკურ ფაქტორთან ერთად ხშირად არის სხვადასხვა გენეტიკური დაავადებებით და დარღვევებით გამოწვეული ნევროლოგიური ჩივილები და არაკორეგირებული რეფრაქციული დარღვევები, ანუ როდესაც მაღალი სათვალის მოთხოვნილებაა, მაგრამ ბავშვი სათვალეს არ ატარებს. აქედან გამომდინარე სიელმის კლინიკური გამოვლენის რისკების პრევენცია პრობლემის დროული იდენტიფიცირების და შესაბამისი ოპტიკური კორექციის დანიშვნის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია.

ყველაზე ვერაგი მონოლატერალური სიელმეა. ეს არის სიელმის ფორმა, როდესაც მუდმივად გადახრილია მხოლოდ ერთი თვალი და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს მხედველობის დაქვეითებასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ თვეების ასაკიდან არის აუცილებელი ექიმის ჩართვა და მკურნალობის დაწყება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის დაქვეითების შეუქცევადი პროცესი. სამწუხაროდ გავრცელებული აზრია, რომ სიელმე კოსმეტიკური დეფექტია, მაგრამ ეს ასე არ არის, თუკი დაქვეითდა მხედველობა და განვითარდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზარმაცი თვალის სინდრომი, ასეთ შემთხვევაში დროს გადამწყვეტი მნიშველობა აქვს.

შესაძლებელია თუ არა სიელმე მაღალი სიცხის ფონზე განვითარდეს და შველის თუ არა მას ოპერაცია?

დიახ, ის ვირუსული ინფექციის, უმნიშვნელო ტრამვის ან სტრესის ფონზე შეიძლება განვითარდეს. ძირითადად ეს არის გამშვები მექანიზმი, ირღვევა ბალანსი თვალის გარეთა ექსტრაოკულარულ კუნთებს შორის და ვლინდება სიელმე. რაც შეეხებას მკურნალობას, პირველ რიგში ეს არის ოპტიკური კორექცია, ანუ სათვალე, მაგრამ თუ კი თერაპიული მეთოდებით მაქსიმუმ ერთი წლის ვადაში შედეგი არ მიიღება და სიელმე რჩება, პირდაპირი ჩვენებაა ქირურგიული მკურნალობა. მისი ეფექტურობა კი, ნორმალურად წარმართვის შემთხვევაში, საკმაოდ მაღალია, თითქმის 90% აღწევს.

რომელია სიმპტომები, რომლებმაც უნდა აფიქრებინოს მშობლებს, რომ მათ შვილს შეიძლება  მხედველობის პრობლემები ჰქონდეს?

ძირითადი სიმპტომია ნევროლოგიური ტიპის ჩივილები, ძლიერი თავის ტკივილები და თავბრუსხვევები, ასევე ქცევითი თავისებურებები. მაგალითად ახლომხედველი ბავშვები ახლოს მიდიან ტელევიზორთან, სკოლაში უჭირთ დაფიდან გადაწერა, ისრესენ თვალებს, უწითლდებათ, იღლებიან ადვილად. თავბრუსხვევები და თავის ტკივილებიც ადრეულ სასკოლო ასაკში უვლინდებათ და ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს 100% იანი მხედველობა, მაგრამ თუ ადგილი აქვს რეფრაქციულ დარღვევას, ნორმიდან თუნდაც მცირედით არის გადახრილი და თან ახლავს ნევროლოგიური ჩივილი, აუცილებელია ასეთ ბავშვს დაენიშნოს ოპტიკური კორექცია, რათა სიმპტომები შემსუბუქდეს თუნდაც ახლო მანძილზე დატვირთვის დროს.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, როდესაც ბავშვის ქცევითი ნორმები აბსოლუტურად ნორმალურია, არადა სახეზეა მხედველობის პრობლემა. ეს ხდება მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი თვალია დაავადებული  ანიზომეტროპია”, არსებობს ასეთი დაავადება, როდესაც სათვალის მოთხოვნილება მხოლოდ ერთ თვალზეა.

ასევე, კიდევ ერთხელ ვახსენებ ჩემთვის პირადად ყველაზე ვერაგ დაავადებას ბავშვთა ასაკში, ამბლიოპია” ზარმაცი თვალი. ამ დროს მეორე თვალის მხედველობა 4-5%-ს არ აღემატება ხოლმე და რაც ყველაზე ცუდია, არ ხერხდება ამისი კორექცია, თუკი მკურნალობა დაგვიანებულია, დაგვიანებულად კი 6-7 წლის ასაკი ითვლება. სახეზეა მხედველობის დაქვეითება ანატომიურად აბსოლიტურად ჯანმრთელი თვალის პირობებში, რომლის კორექცია არ ხერხდება ოპტიკური საშუალებებით, ანუ სათვალე არ აუმჯობესებს მხედველობას. მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს სკრინინგ პროგრამები, რომელიც გამორიცხავს ამ ტიპის შეუქცევადი დარღვევების ალბათობას. 19 მილიონი ბავშვია მსოფლიოში მხედველობის პრობლემებით, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დროული მიმართვიანობის და სათანადო მკურნალობის პირობებში შემთხვევების 80%-ის თავიდან აცილება  იქნებოდა შესაძლებელი.

შესაძლებელია მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცოდეს, ახალშობილი იბადება ძალიან დაბალი მხედველობით, 3-5%-ს არ აღემატება მისი მხედველობის სიმახვილე. პირველი დღეები ძალიან კრიტიკულია ამ თვალსაზრისით და სტიმულს წარმოადგენს სინათლის სხივი, რომელიც დაუბრკოლებლად უნდა ხვდებოდეს ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში. 6 თვის ასაკში ბავშვს უკვე 50%-იანი მხედველობა აქვს და 4-5 წლის ასაკში აღწევს 100%-ს, ამ პროცესის ნორმალური წარმართვისათვის აუცილებელია, რომ არ არსებობდეს ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია მაღალი რეფრაქციული დარღვევა ანუ სათვალის მოთხოვნილება. ასევე თვალებს შორის სხვაობა, მონორატელარული ფორმის სიელმე, როდესაც მხოლოდ ერთი თვალია გადახრილი და ასევე ყველა ის კონდიცია, რომელიც მექანიკურად აბრკოლებს სინათლის სხივის მოხვედრას თვალის ფსკერზე ანუ ბადურა გარსზე, მის ცენტრალურ ნაწილზე. დაყოვნებამ შესაძლოა შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს, მაგალითად თანდაყოლილი კატარაქტის შემთვევაში თუკი მითუმეტეს ცალმხრივი ფორმაა, მაქსიმუმ ორი თვის ასაკში თუ არ დაიწყო მკურნალობა, შემდგომ მიღებულ ყველანაირ ღონისძიებას აზრი ეკარგება, მედიცინა უძლური ხდება. ზარმაცი თვალის შემთხვევაში კი მაქსიმალური ასაკი მკურნალობის 8-9 წელია, შემდგომ პრაქტიკულად მინიმალურია მდგომარეობის გამოსწორების შანსი და ბავშვი განწირულია მხედველობის პერმანენტული დაქვეითებისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ხედავს ბავშვი სათვალის გარეშე, თუკი სათვალის გამოყენებით ხერხდება მხედველობის ასაკობრივი ნორმის მიღება, ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად ეს დიაგნოზი (ზარმაცი თვალი) არ ისმევა, ზარმაცი თვალის შემთვევაში ოპტიკური კორექცია არის შეუძლებელი.

მართალია თუ არა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ფერადი თვალი აქვთ, უფრო სენსიტიურები არიან, ანუ მათ მეტი მოფრთხილება სჭირდებათ?

თვალის ფერს განაპირობებს ფერად გარსში პიგმენტ მელანინის არსებობა, შესაბამისად რაც უფრო ნაკლებია ეს პიგმენტი, თვალიც უფრო ღია ფერია.  პიგმენტი მელანინი წარმოადგენს ბუნებრივ ფილტრს, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ბუნებრივი მექანიზმია. ცისფერ თვალებიან ადამიანებში მზის სხივების უფრო დიდი ნაწილი ხვდება უკანა სეგმენტზე და შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, რომელთა განვითარება მოზრდილ ასაკში შესაძლოა მოხდეს. ცისფერ თვალება ბავშვები ალერგიული კონიუქტივიტების მიმართ არიან მიდრეკილნი, გამოხატული სიმპტომებია ქავილი, სიწითლე, ისრისავენ თვალებს და შესაძლოა, მეორადი ინფექცია შეიტანონ თვალში. ასე რომ, რადგანაც ბუნებრივი დამცავი მექანიზმი არ გააჩნია, ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ხელოვნურად, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრის შემცველი შუშებით აღჭურვილი მზის სათვალით ან კეპიანი ქუდების გამოყენებით.

რეკომენდაცია მშობლებისთვის კი ასეთია, განსაკუთრებით ზაფხულში და ზამთარში კურორტებზე მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის თვალები ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ღია ფერის თვალის მქონე ბავშვების მშობლებმა უფრო განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინონ.

რა პრინციპით ხდება მხედველობის კორექცია ბავშვებში?

მიუხადავად იმისა, რომ ხშირად მშობლებს ეჭვი აქვთ მათი შვილის მხედველობასთან დაკავშირებით, აყოვნებენ და ელოდებიან ბავშვის ვერბალურ განვითარებას. რატომღაც ფიქრობენ, რომ აუცილებელია პაციენტსა და ექიმს შორის ვერბალური კონტაქტი შედგეს. არსებობს მთელი რიგი ობიექტური კვლევის მეთოდებისა, ინსტრუმენტული თუ მანუალური, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ოპტიკური კორექცია.

ბავშვებში სათვალის გამოწერის პრინციპი მოზრდილებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ბავშვის თვალი არ უნდა იქნეს განხილული როგორც მოზრდილის თვალის მინიატურული ვერსია.  ბავშვებში უფრო დიდი ყურადღება ენიჭება ობიექტურ მონაცემებს და უმნიშვნელოვანესია თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინება. კონკრეტულად სიელმე და ზარმაცი თვალი, რადგან ერთი და იგივე ნომრის პირობებშიც კი ამ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში აბსოლიტურად განსხვავებული ნომერი იწერება. რაც შეეხება ბავშვის სათვალესთან შეგუების მომენტს, თუკი მას არ აქვს ზარმაცი თვალი, ძალიან მარტივად ეგუება ოპტიკურ კორექციას, რადგან მხედველობითი ხარისხის გაუმჯობესებას და სხვაობას აღიქვამენ. თუ ადგილი აქვს ზარმაცი თვალის სინდრომს, პირველ ეტაპზე სათვალის გამოყენების შემთხვევაშიც არ უმჯობესდება მხედველობის ხარისხი, შესაბამისად ბავშვისთვის ძალიან ძნელია იმის აღქმა, თუ რატომ უნდა ატაროს სათვალე, როდესაც ის ვერანაირ შედეგს ვერ ხედავს. ყველა ქვეყანაში ასეთი რეკომენდაციებია ექიმებისთვის, არ დავიზაროთ და დიდი დრო დავუთმოთ მშობლებთან საუბარს, დიდი მოთმინებაა საჭირო როგორც მშობლის ასევე ბავშვის მხრიდან.

 არის თუ არა გაჯეტებისა და ტელეფონის სისტემატიური მოხმარება მხედველობის გაუარესების მიზეზი?

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლია. ტექნოლოგიური პროგრესი და გაჯეტების ასეთი ხშირი მოხმარება სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ყველაზე ხშირი გაჯეტების გამოყენების შედეგად გამოწვეული დაავადება არის ”მიოპია” ანუ შეძენილი ახლომხედველობა, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად ზრდის ტენდენცია ახასიათებს. გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად არასწორ მხედველობით რეჟიმს, ანუ დიდი ხნით ახლო მაძილზე მხედველობით დატვირთვას, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ დაავადების გამოვლენაში. ეპიდემიის სახელწოდებითაც კი არის მოხსენიებული მთელს მსოფლიოში ”მიოპია”, მაშტაბური კვლევები ტარდება ყველა მიმართულებით, რათა მაქსიმალრად დავიცვათ ეს ბავშვები პათოლოგიური მინუსებისა და ციფრების მიღწევისგან. მთავარი პრინციპი კი ნორმალური მხედველობითი რეჟიმის დაცვაა, რაც მოიცავს იმას, რომ ყოველ 20-30 წუთში ერთხელ ბავშვის თვალმა უნდა დაისვენოს. თვალი ისვენებს მაშინ, როდესაც არის დახუჭული, ან მზერას ვაფიქსირებთ 6 მეტრით და უფრო მოშორებით არსებულ საგნებზე. გაჯეტები ასევე იწვევს აკომოდაციის აპარატის დარღვევებს, სიელმის განვითარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს და ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც კომპიუტერების და გაჯეტების ხშირ მოხმარებასთან არის ასოცირებული. ეკრანს მიღმა თვალის 5-ჯერ უფრო ნაკლებად ხამხამებს ვიდრე ბუნებრივ პირობებში, შესაბამისად მეტია თვალიდან ცრემლის აორთქლების ალბათობა. ეს კი მშრალი თვალის სინდრომს იწვევს.

 თუ არსებობს რაიმე რეკომენდაცია ბავშვებისთვის მეცადინეობის დროს თვალს რომ არ ავნოს?

მეცადინეობის და ახლო მანძილზე დატვირთვის დროს იქნება ეს ხატვა, წერა, ლეგოების აწყობა თუ სხვა, აუცილებელია ხანმოკლე შესვენების გაკეთება. დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. სასურველია როგორც ჭერის განათება, ასევე მაგიდის სანათი. მანძილს აქვს მნიშვნელობა საგანსა და თვალს შორის, ძალიან ახლოს არ არის სასურველი. ბოლო პერიოდში დიდი ყურადრება ექცევა ბავშვის ფიზიკურ აქტივობას, რეკომენდაცია ეძლევათ ბავშვევს, რომ დღეში მინიმუმ ორი საათი დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით. არა მხოლოდ სპორტი, არამედ სეირნობა, ეზოში თამაში და ა.შ. ბუნებრივ განათებას კვებასთან, ძილთან და სხვა ფაქტორებთან ერთად მხედველობის სიმახვილის შენარჩუნების საქმეში უდიდესი როლი ენიჭება. ამ პრინციპების დაცვაა რეკომენდირებული, რომლებიც სამწუხაროდ არა 100%-ით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების რისკს.

მიზანშეწონილია თუ არა მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ფიზიკური დატვირთვა, კერძოდ, სპორტი, ცეკვა?

სათვალის გამოყენება არ უკრძალავს ბავშვს ფიზიკურ აქტივობას. მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. თუ კი თვალი ანატომიურად ჯანმრთელია, ასეთ ბავშვს არანაირი ფიზიკური აქტივობა არ ეკრძალება და სათვალის ნომერიც არ არის კოლერაციაში ამ ყველაფერთან. მაგალითად შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს ახლომხედველობა – 4, ამასთან ჰქონდეს ჯანმრთელი თვალის ფსკერი და ნორმაში ან ნორმასთან მიახლოებული თვალის წინა და უკანა ღერძი. შესაბამისად არ ეკრძალებოდეს არანაირი ფიზიკური დატვირთვა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ახლომხედველობა – 1-ის დროს, თუ პაციენტს სხვა პათოლოგიები აღენიშნება, პრევენციის მიზნით ეკრძალება ფიზიკური დატვირთვა. ხშირად მშობლები თვითნებურად წყვეტენ, რომ თუ ბავშვს სათვალე უკეთია, მისთვის არ შეიძლება სპორტი, ცეკვა და ა.შ. ეს ერთმნიშვნელოვნად არასწორია, ასეთ დროს მკურნალი ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია.

სრულფასოვანი კვება, ძილი, A, E, D, B და C ჯგუფს ვიტამინები თვალისთვის განსაკუთრებით ნიშვნელოვანია, ასევე მხედველობითი რეჟიმის დაცვა, ხანმოკლე, თუნდაც ნახევარ წუთიანი შესვენებები და ფიზიკური აქტივობა. ბოლოს კი კიდევ ეთხელ მინდა ავღნიშნო, რომ შეუქცევადი პროცესების თავიდან ასარიდებლად დროული სკრინინგი და დიაგნოსტიკა აუცილებელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები