LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან და გავაძლიეროთ იმუნიტეტი – მაია გოთუას რეკომენდაციები

21
maia-gotua-stumrad-eqimtan

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ, როგორ განვასხვავოთ ალერგია ვირუსული ინფექციისგან. ცემინება, სპაზმური ხველა, ლოყების სიწითლე, გამონაყარი და ქავილი, დგას თუ არა ამ სიმპტომებს უკან ალერგია და რა უნდა ვიცოდეთ დღეს ასე გავრცელებული დიაგნოზის, ალერგიული რინიტის შესახებ. ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გოთუამ ისაბრა.

-ამ სეზონისთვის აქტუალური კითხვით დავიწყოთ, ეს არის გაციება. ვიცით, რომ ეს ტერმინი ექიმებს მაინცდამაინც არ უყვართ, ასე რომ გკითხავთ ასე: ვირუსული ინფექციები და ალერგია. რატომ ვხედავთ ამ ბოლო დროს ასეთ მჭიდრო კავშირს ამ ორ პრობლემას, ორ ტერმინს შორის?

მაია გოთუა: მარტივად გიპასუხებთ: ალერგიას და ვირუსულ ინფექციებს შორის შემაერთებელი სიტყვა არის იმუნიტეტი – ორგანიზმის თავდაცვის უნარი. თუ ადამიანს აქვს კარგი იმუნიტეტი, ის კარგად პასუხობს ვირუსულ ინფექციებს და მასზე ნაკლებად მოქმედებს ტემპერატურის ცვალებადობა, გაციება, დაღლილობა, სტრესი და სხვა გარემო-ფაქტორები. ადამიანი კარგი იმუნური სისტემით ადვილად უმკლავდება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მის გარშემო არსებობს, ეს არის სხვადასხვა სახის ფაქტორის ზემოქმედება, მათ შორის ბაქტერიული, ან ვირუსული ინფექცია. კარგი იმუნიტეტი ასევე დიდ როლს ასრულებს თვითონ ორგანიზმის შიდა ფაქტორებთან ურთიერთობაში, მაგალითად სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმუნიტეტზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

თუ ადამიანს აქვს ძალიან მგრძნობიარე იმუნიტეტი და შესაბამისად მისი ორგანიზმი გარემოში არსებული ალერგენების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეა იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ნორმალური იმუნიტეტის წყალობით მათ მიმართ სრულიად ინდიფერენტულია, ასეთ ჰიპერრეაქტიულ ადამიანებს უვლინდებათ ალერგია.

მედიკოსები ხშირად ვამბობთ, XXI საუკუნე  ალერგიის საუკუნეა, გარდა ამისა ეს საუკუნე ონკოლოგიური, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების საუკუნეცაა,  თუმცა საბედნიეროდ, ალერგიული დაავადებები გაცილებით ადვილად მართვადია. მათი ამოცნობა, რასაკვირველია, ცოდნას და პროფესიულ დახელოვნებას საჭიროებს,  მაგრამ შესაძლებელია ალერგია იყოს რაციონალურად მართული და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით იყოს პროგნოზულად კეთილსაიმედო.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, ვირუსულ ინფექციებსა და ალერგიას ხშირად იმიტომ მოიხსენიებენ ერთად, რადგან მათი სიმპტომები ძალიან წააგავს ერთმანეთს და რთულია მათი დიფერენცირება. გამორიცხული არ არის, რომ ისინი თანაარსებობდნენ კიდეც, ამიტომ ყველა პაციენტის მიმართ საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

-ისევ სიტყვა ალერგიას  და მის სიმპტომებს დავუბრუნდეთ. განსაკუთრებით მინდა ვისაუბროთ ბავშვებზე და მათში გამოხატულ სიმპტომებზე. როდესაც ბავშვი აცემინებს, უმიზეზოდ ეწყება ქავილი ან უწითლდება ლოყები, როდესაც ხველა ხანგრძლივდება და ხდება სპაზმური ხასიათის. არის თუ არა ეს ყველაფერი იმის მანიშნებელი, რომ სახეზე ალერგია?

მაია გოთუა: ამ დროს შეიძლება იყოს ალერგია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ არ იყოს, რადგან ყველა ეს სიმპტომი ალერგიული დაავადებების გარდა ასევე ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს. მაგალითად, იგივე სპაზმური ხველა  შეიძლება ვირუსინდუცირებული იყოს,  ან რინიტის სიმპტომების მიზეზი ხან ინფექცია იყოს და ხან ალერგია, ამიტომაც საჭიროა ამ სიმპტომების უფრო ღრმა ანალიზი.

ვირუსული ინფექციებისა და ალერგიისათვის ზოგჯერ მსგავსია არა მხოლოდ რესპირაციული, არამედ კანის სიმპტომებიც. მაგალითად, საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ მშობლები და ამბობენ, რომ ბავშვს ძალიან წითელი ლოყები აქვს, შიშობენ რომ ხომ  არის ალერგია ამის მიზეზი, თუმცა შესაძლოა ეს სიმპტომი გამოწვეული იყოს არა ალერგიით, არამედ, მაგალითად, მეხუთე დაავადებით – ინფექციური ერითემით, რომელსაც იწვევს პარვოვირუსი. ეს დაავადება ინფექციონისტებისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ვლინდება ლოყებზე წითელი გამონაყრით, ანუ „ალიყურის სიმპტომით“, რომელიც შემდგომ ვრცელდება  გულ-მკერდზე, მკლავებსა და ფეხებზე.

შესაბამისად, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით ალერგიის დიაგნოზს ვერ დავსვამთ. ამისთვის საჭიროა პაციენტის გასინჯვა და შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა.

-ამ ყველაფრის მიუხედავად ახასიათებს თუ არა ალერგიას რაღაც განსხვავებული, რაიმე ისეთი სიმპტომი, რაც მხოლოდ მას ახასიათებს, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, რაც მოგვცემს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ალერგია გვაქვს?

მაია გოთუა: გააჩნია რა შემთხვევაზეა საუბარი. ზოგჯერ ალერგიაზე ეჭვის მიტანა მშობელსაც კი შეუძლია. მაგალითად, თუ ალერგიული დაავადების სიმპტომები მეორდება რომელიმე კონკრეტულ ალერგენთან კავშირში და მშობელი ამას შენიშნავს, გარკვეულწილად ეს ალერგიისკენ მიანიშნებს. ყველა მშობელმა იცის, რომ არსებობს სეზონური ალერგია. თუ მშობელი დააკვირდა, რომ ყოველ სეზონზე, მაგალითად, კონკრეტული მცენარეების ყვავილობისას ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები (სურდო, ცემინება, კონიუნქტივიტი, სპაზმური ხველა, ზოგჯერ კანისმხრივი გამოვლინებები), ეს მიანიშნებს ალერგიაზე. შეიძლება პირველ წელს მშობელს შეეშალოს და რესპირაციული სიმპტომები ინფექციად მიიჩნიოს, მაგრამ როდესაც მეორე წელსაც, ზუსტად იმავე დროს, ეს სიმპტომები მეორდება და  შენობის გარეთ ბავშვს  ეწყება ცემინება, სურდო, ხველა ტემპერატურის მატების გარეშე და არ აღენიშნება ინფექციის არანაირი სხვა  ნიშანი, სიმპტომები უმჯობესდება დახურულ შენობაში და წვიმის დროს,  მშობელს შეიძლება გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ გვაქვს საქმე ალერგიასთან და მიაკითხოს ალერგოლოგს.

ანალოგიურად, მშობელმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს კვებით ალერგიაზე, თუ შეამჩნია, რომ ბავშვს ერთი და იგივე საკვების მიღების შემდეგ უვლინდება ალერგიული სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კლინიკური და ლაბორატორიული ალერგოდიაგნოსტიკით დადგინდეს რომელ საკვებზე ზოგადად და კონკრეტულად, საკვების რომელ პროგნოზულად მნიშვნელოვან კომპონენტზე აქვს პაციენტს ალერგია და მიეცეს შესაბამისი რეკომენდაციები და დაენიშნოს მკურნალობა.

მინდა ვთქვა მშობლების საყურადღებოდ, ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ოჯახებში შენობაში შინაური ცხოველების ყოლა. ალერგოლოგიური თვალსაზრისით ეს რთული საკითხია, რადგან ოჯახს და თავად ბავშვსაც, შინაური ცხოველი უყვართ, ის მათი მეგობარია და უჭირთ აღიარება, რომ ალერგიის მიზეზი შესაძლოა სწორედ შინაური ცხოველი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებით დახურულ შენობაში, ცხოველთან კონტაქტის შემდეგ დაიწყოს ალერგიული სიმპტომები: კანის ალერგიული გამოვლინებები, სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, სპაზმური ხველა და სხვა.

ხშირად, ალერგიული პაციენტის ოჯახს სურს ცხოველის შეძენა და არ იცის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში სასურველია ჩატარდეს ალერგოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი ალერგოდიაგნოსტიკის საფუძველზე მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.

თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ  თუ ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს ფერმაში, სადაც ბევრი ცხოველია, ეს მის იმუნიტეტს უკეთებს ტრენირებას და მას ნაკლებად ემართება ალერგია.

ხდება ისეც, რომ ბინაში ცხოველია და ცხოველს ბრალდება ალერგია, მაშინ როდესაც ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვა ფაქტორი იყოს, მაგალითად: ოთახის მტვერი, სოკოს სპორები, საკვები და სხვა. ამ შემთხვევაში დეტალური ანამნეზის საფუძველზე, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების შედეგად  ალერგოლოგი დაგეხმარებათ პრობლემის გადაწყვეტაში.

-თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება ცხოვრების რაღაც ეტაპზე იჩინოს თავი სხვადასხვა ტიპის ალერგიულმა სიმპტომებმა, რასაც აქამდე არასდროს შევუწუხებივართ. ცხოვრების რა ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი ალერგიულმა დაავადებებმა და როდის ჩნდება ალერგიული დაავადება? ადამიანი იბადება ამ დაავადებით თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იძენს მას? შეიძლება ისე მოხდეს, რომ დაიბადო ამ დაავადებით და ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაძლიო?

მაია გოთუა: არიან ადამიანები, რომელთა შემთხვევაშიც ალერგიული განწყობა დაბადებისთანავე იჩენს თავს. ბევრი მშობელი, რომელიც ალერგიულია, განიცდის, რომ მისი შვილიც ალერგიული დაიბადება, თუმცა ალერგიული დაავადების ასე პირდაპირი უცილობელი მემკვიდრული გადაცემა  არ ხდება. ალერგია, ეს არის მრავალფაქტორული დაავადება. გარკვეული გენეტიკური განწყობა ბუნებრივია გადაეცემა, ჩვენ ვიცით, რომ გენეტიკურ/მემკვიდრულ ფაქტორს აქ დიდი მნიშნველობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია, ალერგიული დაავადების მქონე პაციენტების  რაოდენობა ოჯახში, ნათესაური სიახლოვე, თვით ალერგიული დაავადების გამოვლენის თავისებურებები, საგულისხმოა ოჯახში გარემო ფაქტორების ზემოქმედებაც, კვებისა და ცხოვრების თავისებურებები, პაციენტის საცხოვრებელი ადგილის კლიმატო-გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა.

ცნობილია, რომ თუ ორივე მშობელი ალერგიულია და მათ ერთი და იგივე ალერგიული დაავადება აქვთ, რისკი იმისა, რომ ბავშვსაც განუვითარდეს ალერგია  არის მაღალი, დახლოებით -60-80%-ია. თუმცა ეს პესიმიზმის საფუძველი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლებელია დროულად მიმართოთ პედიატრს, ოჯახის ექიმს, ალერგოლოგს, რათა დროულად გაითვალისწინოთ შესაბამისი პრევენციული რეკომენდაციები.

თუ ვიცით, რომ ბავშვის ერთ ან ორივე მშობელს გარკვეული ალერგიული პრობლემა აქვს, ჩვენ დაბადებიდანვე ვაკვირდებით ბავშვის ალერგიულ პროფილს, ვაკვირდებით გარემო-ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ალერგიის გამოვლინებას. ვცდილობთ, რომ ბავშვი იყოს ბუნებრივ კვებაზე,  ვზრუნავთ იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციები, ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ არ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები და ა.შ. სასურველია თითოეული კონკრეტული ოჯახის სიტუაციის, საცხოვრებელი გარემოს და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი ზომები.

კლიმატურ და გეოგრაფიულ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ალერგენის ექსპოზიციის დონე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალერგიის განვითარებაში. განსხვავებულ კლიმატურ ზონაში მცხოვრებ ადამიანებში სხვადასხვა ტიპის ალერგიული დაავადებები გვხვდება.

ჩვენთან ერთ-ერთ ძირითად ალერგენს წარმოადგენს ოთახის მტვერი, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც ტენიანობა მაღალია და თან თბილა, რაც ხელს უწყობს მტვირს ტკიპების გამრავლებას. იქ უფრო პრობლემურია რესპირაციული ალერგიული სიმპტომების განვითარება და ალერგიის ფორმირება ოთახის მტვრის და სოკოვანი ალერგენების მიმართ, რომლებსაც ნესტიან გარემოში ვხვდებით.

სადაც არის კონტინენტური მშრალი კლიმატი, მაგალითად ტაშკენტში, სადაც ჩვენი ალერგიის ცენტრისა და უზბეკი კოლეგების თანამშრომლობით შეიქმნა ალერგიის საერთაშორისო ცენტრი, ნაკლებად გვხვდება სენსიბილიზაცია ანუ ალერგიის გამოხატულება ოთახის მტვრის მიმართ, სამაგიეროდ მკვეთრადაა მომატებული მცენარეების მტვრის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, რადგან იქ ძალიან ცხელა, მშრალი კლიმატია და მცენარეების პოლინაცია ძალიან ინტენსიურია. გლობალური დათბობის პირობებში მცენარეები ადრე იწყებენ ყვავილობას და მათი ექსპოზიცია გახანგრძლივებულია. შესაბამისად პაციენტებისათვის ალერგიის გამწვავების სეზონი იზრდება და ხანგრძლივდება  მედიკამენტებით სარგებლობის აუცილებლობა.

ამ ქალაქშიც ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ალერგიული არიან ბინაში მათთან ერთად მცხოვრებ ცხოველებზე, განსაკუთრებით კატაზე, რომელის ალერგენებიც, ცნობილია, რომ ასთმოგენურია. ამიტომაც,  სანამ ცხოველს სახლში მოვიყვანთ ჯობია დავრწმუნდეთ, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ აწუხებს ალერგია სასურველი ცხოველის მიმართ, ვიდრე მოგვიანებით დავდგეთ მძიმე რეალობის წინაშე, თუ საჭირო გახდება ცხოველის სახლიდან გაშვება, რაც დიდ ემოციურ სტრესს უკავშირდება.

-კითხვა შემოვიდა ფრინველთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა სახლში ვიყოლიოთ ფრინველი, როდესაც ბავშვი ალერგიულია? გარდა ამისა მინდა ვისაუბროთ ძირითად მაპროვოცირებელ ფაქტორებზეც. რას უნდა მოვერიდოთ, როდესაც სახეზე გვაქვს ალერგია?

მაია გოთუა: იმუნური პასუხი არის სპეციფიკური, ანუ მიმართული გარკვეული ალერგენის მიმართ. თანამედროვე ალერგოლოგია გულისხმობს არა მხოლოდ იმის გარკვევას, ადამიანი ალერგიულია, მაგალითად, რძის, კვერცხის, ხორბლის, თევზის, თხილეულის, სოიოს თუ სხვა საყოფაცხოვრებო ალერგენების მიმართ, არამედ შესაძლებელია დადგინდეს რომელ თერმოლაბილურ, თუ თერმოსტაბილურ მოლეკულაზე, ანუ მთელი ალერგენის რომელ კომპონენტზე არის პაციენტი ალერგიული. თანამედროვე ალერგოლოგია მიდის უფრო დიდ სიღრმეებში და მოლეკულური ალერგოდიაგნოსტიკის საფუძველზე შეიძლება მაღალი სიზუსტით დავადგინოთ ალერგიის გამომწვევი ალერგენი, ან ალერგენები და  მკურნალობაც სწორედ და შედეგიანად წარვმართოთ.

ადამიანის ალერგიის მაპროვოცირებელი  შეიძლება იყოს ლატექსი, რომელიც არის მცენარისგან დამზადებული რეზინის ნაწარმი. ალერგია გამოვლინდება ლეიკოპლასტირის დაკრობის შემდეგ  კანის ალერგიული დერმატიტით, ურტიკარიით, შეშუპებით, შესაძლოა ლატექსთან კონტაქტის შედეგად განვითარდეს სისტემური ურტიკარია, შეშუპება, აღწერილია ანაფილაქსიის შემთხვევებიც. ლატექსი შედის ძალიან ბევრ სამედიცინო საშუალებაში: ხელთათმანებში, პლასტირში, გარკვეულ საოპერაციო/სადრენაჟო საშუალებებში და სხვა. ეს პროდუქცია არსებობს ლატექსთავისუფალი და ლატექსიანი ფორმების სახით. ლატექსზე ალერგიული პაციენტები უნდა იყენებდნენ ლატექსთავისუფალ პროდუქციას. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ზუსტ ალერგოდიაგნოსტიკას.

ცნობილია პოლისენსიბილიზაციის ფენომენი, ანუ როდესაც ადამიანი რამდენიმე ალერგენის მიმართაა ალერგიული. ალერგიის მაპროვოცირებელი ფაქტორები პაციენტისათვის არის იმ ალერგენების  მთავარი მოლეკულები, რომელთა მიმართაც ვლინდება პოლიზენსიბილიზაცია. ამ კონკრეტულ მთავარ მოლეკულებთან კონტაქტი იწვევს  ალერგიულ სიმპტომებს: ცემინებას, სურდოს, ალერგიულ კონიუნქტივიტს, სპაზმურ ხველას, რომელიც შეიძლება შემდეგ ასთმაში გადაიზარდოს, შეიძლება განვითარდეს მწვავე ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, ალერგიული დერმატიტი, ანაფილაქსიური შოკი და სხვა.

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის „დამნაშავე“ ალერგენის/ან ალერგენების დროული ამოცნობა და მისგან განრიდება, რადგან სწორედ ეს ალერგენები იწვევენ ალერგიული რეაქციების კასკადს.

ამიტომ, როდესაც პაციენტს აქვს ეჭვი, რომ მას რამეზე აქვს ალერგია, აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს ალერგოლოგს, რის შემდეგაც მას უნდა ჩაუტარდეს კვალიფიციური ალერგოდიაგნოსტიკა. შემდეგ ალერგოლოგი გასცემს  რეკომენდაციებს რა უნდა გაკეთდეს მომავალში,  თუ შესაძლებელია, როგორ უნდა აღდგეს ტოლერანტობა, ანუ შეგუება პაციენტის ორგანიზმსა და ალერგენს/ალერგენებს შორის.

ბავშვებს ხშირად აქვთ მომატებული მგრძნობელობა ძროხის რძის ცილის, კვერცხის, ხორბლის და სხვ. საკვები ალერგენების მიმართ. ამიტომ ალერგოდიაგნოსტიკის საფუძველზე ხდება დამნაშავე საკვების დროებით ამოღება რაციონიდან, შემდეგ კი იმაზე ზრუნვა, რომ ორგანიზმს გამოუმუშავდეს  ტოლერანტობა ალერგიული საკვების მიმართ, მისი დოზირების მართვით საკვები რაციონში.

ალერგოლოგების მიმართ არის მოლოდინი, რომ ჩვენ ყველაფერს ვკრძალავთ და თანაც სამუდამოდ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საჭიროების მიხედვით დავეხმაროთ ადამიანებს ალერგენებთან შეგუებაში, თუ ამის განხორციელება კონკრეტულ მძიმე შემთხვევაში შეუძლებელია, პაციენტს მივცეთ სწორი რეკომენდაცია რას უნდა მოერიდოს კატეგორიულად და როგორი დახმარება შეუძლია თავის თავს გაუწიოს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.

რაც შეეხება თქვენ კითხვას შეიძლება, თუ არა ბინაში ვიყოლიოთ ფრინველი, თუ ბავშვი ალერგიულია, ეს საკითხი საჭიროებს კომპლექსურ შესწავლას. თუ ბავშვს ალერგია ფრინველის ბუმბულზე აქვს, რა თქმა უნდა – ფრინველის ყოლა ბინაში ბავშვთან ერთად არ შეიძლება.   თუ ბავშვს ალერგია ოთახის მტვერზე აქვს, არც მაშინ არ არის რეკომენდებული, რადგან ფრინველი ხშირად ქმნის მტვრიან გარემოს.

თუ ბავშვს ალერგია რომელიმე სახის საკვებზე აქვს, მაგალითად თევზზე, მაშინ შეიძლება ალერგოლოგი ჩავრთოთ და მასთან ერთად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით განვიხილოთ, რამდენად მიზანშეწონილია ფრინველის ყოლა. კატეგორიულად ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ადამიანი როდესაც ალერგიულია, ზედმეტ ალერგენებს უნდა ვერიდოთ. ყველაფრის კატეგორიული აკრძალვაც არ შეიძლება, რადგან ეს არაეთიკურია, ამას შეუძლია ბავშვს გული გაუტეხოს და დეპრესიაში ჩააგდოს. ბუნებრივია, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეული დროით, თუ ამით ბავშვს ზიანი არ მიადგება.

-მინდა გკითხოთ ე.წ. „ალერგიაზე ალერგიის გარეშე“. შემთხვევაზე, როდესაც ლაბორატორიული კვლევები პირდაპირ არ გვიდასტურებს ალერგიის არსებობას, მაგრამ გვაქვს ყველა სიმპტომი და მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებები გამორიცხულია. შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს რაღაც იდუმალი ფორმის ალერგია?

მაია გოთუა: როდესაც ვიკვლევთ ალერგიას და თქვენ მეკითხებით ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალის მიერ, იმიტომ რომ ყველა მოვლენას თავისი ადეკვატური ახსნა მოეძებნება.

ვფიქრობ თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითის დროს უფრო ხშირად პაციენტი ან მისი მშობელი არასწორად აფასებს სიტუაციას.

შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანი უბრალოდ შესამოწმებლად მოვიდეს, პროფილაქტიკის მიზნით გაიკეთოს გამოკვლევა და დადგინდეს, რომ მას რაიმე კონკრეტული ალერგენის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა. თუ ლაბორატორიულმა კვლევამ მსგავსი რამ აჩვენა, ეს არის მხოლოდ პოტენციური განწყობა, რადგან თუ ადამიანს არ აქვს სრული კლინიკური გამოვლინება ვერ ვიტყვით, რომ მას ალერგიული დაავადება აქვს და ეს „დამნაშავე“ ალერგენია.

იმისთვის, რომ ალერგენი ალერგიული სიმპტომების გამომწვევად ჩაითვალოს, სახეზე უნდა იყოს კლინიკური სიმპტომები და ლაბორატორიული კვლევის დასტური, რომელიც ადასტურებს კავშირს ამ სიმპტომებსა და ამ კონკრეტულ ალერგენს შორის.

მოგიყვანთ მაგალითს: დავუშვათ, ადამიანს აწუხებს კუჭი, აქვს მაღალი მჟავობა და  წყლული, რაც ასოცირებულია ჰელიკობაქტერიულ ინფექციასთან.  ამ მდგომარეობის გამო პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ქრონიკული სპონტანური ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება და შეშუპება/ანგიოედემა. მოდის პაციენტი, მას ვიზუალურად აქვს ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელი ე.წ. „დაფოთლილი“ გამონაყარი, შეიძლება იყოს ასევე  ძალიან შეშუპებული.

პაციენტს შეიძლება ეს ეგონოს გამოწვეული რაიმე საკვებით, ან საყოფაცხოვრებო ალერგიით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქრონიკული სპონტანური ურტიკარია არ არის ალერგიით გამოწვეული, ის ქრონიკულად მიმდინარეობს და მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰელიკობაქტერიის, ან სხვა ბაქტერიული, ვირუსული ინფექცია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და სხვ.  ამ  დაავადებებს თავისი დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვთ, მაგრამ გარკვეულ პაციენტებში შეიძლება ისინი გახდნენ ქრონიკული ურტიკარიის და შეშუპების მიზეზი და ლაბორატორიულად ალერგიის მაჩვენებლები იყოს ნორმის ფარგლებში.

მწვავე ურტიკარია/შეშუპება, პირიქით ხშირად გამოწვეულია ალერგიით, რომლის მიზეზი შეიშლება იყოს კვებითი, ან საყოფაცხოვრებო ალერგია და ლაბორატორიულად შესაბამისად ვლინდება დამნაშავე ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.  მწვავე და ქრონიკული ურტიკარია/ შეშუპება კლინიკურად აბსოლუტურად მსგავსია, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ერთი იწყება მწვავედ , ალერგენების ზემოქმედებით, ხოლო მეორეს აქვს 6 კვირაზე მეტი ხანგრძლივობა და ალერგოდიაგნოსტიკა -ნეგატიურია.

ლაბორატორიულად არ დასტურდება ალერგია იმ შემთხვევებშიც, როდესაც ალერგიული საკვების (შოკოლადი, ტკბილეული, თხილეული, კვერცხი, კოკა-კოლა, მჟავე/ცხარე საკვები და სხვ.) გადამეტების დროს შესაძლებელია პაციენტს  უეცრად გამოუვლინდეს ალერგიული პათოლოგია (მწვავე ჭინჭრის ციენა/შეშუპება, ალერგიული დერმატიტი და სხვა), რაც მკურნალობის შედეგად გადის და აღარ მეორდება სწორი კვების პირობებში.

ალერგიის მართვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში ჭინჭრის ციების მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ალერგენი, რომელიც შეიძლება ლაბორატორიულად აღმოვაჩინოთ, ან ჭინჭრის ციება იყოს ქრონიკულად მიმდინარე პროცესი, რომელიც არ არის ალერგიით გამოწვეული და შესაბამისად ალერგოდიაგნოსტიკა – ნეგატიურია. არც ერთი დარგი არ არის ისე მარტივი, როგორც ეს შორიდან ჩანს, ამიტომ საჭიროა ჩაღრმავება და ყველა იმ აუცილებელი გამოკვლევის ჩატარება, რაც გვაძლევს არა მხოლოდ ალერგიის, არამედ იმ სხვა თანარსებული პათოლოგიების გამორიცხვის საშუალებას, რომლებიც იწვევენ ალერგიის პროვოცირებას. საგულისხმოა, რომ ალერგიული სიმპტომების განვითარების მიზეზი ყოველთვის ალერგია არ არის.

-რას გვეტყვით ალერგიული რინიტის შესახებ, რეალურად რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა?

მაია გოთუა: ძალიან გავრცელებულია. ალერგიული რინიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოსახლეობაში და ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ  ყოველი სამიდან ერთს  აქვს ალერგიული რინიტი. ამის მიზეზი არის თანამედროვე საზოგადოების ქიმიზაცია, გლობალური დათბობის პროცესები, რადიაციული ფონის გაზრდა, ცხოვრების სტესული ფონი და სხვა.

ალერგიული რინიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კარშიდა ალერგენებით, მაგალითად ოთახის მტვრით, შინაური ცხოველებით ან სოკოვანი ალერგენებით, ასევე კარგარეთა ალერგენებით – მცენარეული ალერგენებით, რომლებიც პოლინოზს, ანუ სეზონურ ალერგიულ რეაქციას იწვევენ მცენარეების მტვერზე.

ალერგიული რინიტი ძალიან თრგუნავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, არღვევს ადამიანის ძილის რეჟიმს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება უწევთ, რადგან გამოცდები მცენარეების ყვავილობის პერიოდში ტარდება და ალერგიული რინო-კონიუნქტივიტი (სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ზოგჯერ ხველა) ხელს უშლის ბავშვებს კონცენტრაციაში და გამოცდების ჩაბარებაში. თუ მას დროზე არ მიექცა ყურადღება, შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ალერგია ქვედა სასუნთქი გზების ალერგიაში გადაიზარდოს და ასთმურ მოვლენებამდე მივიდეთ.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება,  რომ როდესაც ჩვენ პოლინოზზე – სეზონურ რინო-კონიუქტივიტზე, ან ასთმაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ერთი მცენარეული ჯგუფის მიმართ ალერგია გაფართოვდეს და პაციენტი სხვა ჯგუფის მცენარეებზეც გახდეს ალერგიული დაშესაბამისად  გაიზარდოს პერიოდი, როდესაც პაციენტს აწუხებს ალერგიული სიმპტომები.

ყოფილა შემთხვევა, რომ მოსულა პაციენტი და უთქვამს, რომ მას ადრე ასე დიდხანს არ აწუხებდა ეს სიმპტომები და მხოლოდ ადრე გაზაფხულზე ჰქონდა გამოვლინება, მან არ მიაქცია დროულად ყურადღება და ახლა უკვე გაზაფხულიდან შემოდგომამდე აწუხებს სხვადასხვა სახის ალერგიული სიმპტომი. თუ ამ ყველაფერს ოთახის მტვერის მიმართ ალერგიაც დაემატა, შეიძლება ადამიანი მთელი წელი წუხდეს ალერგიის გამო.

ამდენად, შეიძლება დაავადება მსუბუქი ალერგიული რინიტით დაიწყოს და შემდგომ მდგომარეობა უფრო გართულდეს და ასთმაშიც გადავიდეს. ამიტომაც,სასურველია დროზე მოხდეს ალერგოლოგთან კონსულტაცია, ალერგოდიაგნოსტიკა და მკურნალობა.

-ვისაუბროთ ალერგიის მკურნალობის სქემაზე. ცნობილია, რომ ეს მარტივი სქემა არ არის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი სქემა როგორია? დაახლეობით რა დრო სჭირდება ალერგიისაგან განკურნებას?

მაია გოთუა: თანამედროვე ალერგოლოგიას უმრავლეს შემთხვევაში პაცინეტისათვის სწრაფი შვების მიცემის შესაძლებლობა აქვს. თუ თქვენ გულისხმობთ რადიკალურ განკურნებას, ანუ ისეთ განკურნებას, როდესაც ადამიანს წამალი აღარ სჭირდება, ბუნებრივია ეს შედეგი მალე არ მიიღწევა და მარტივი არ არის იმდენად, რამდენადაც ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქცია არის იმუნური მახსოვრობა. თუ იმუნური მახსოვრობა არ გვექნება, ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუმკლავდება ინფექციებს, ონკოლოგიურ პრობლემებს და ა.შ.

იმუნური სისტემა დაჯილდოვებულია გრძელვადიანი მახსოვრობით და იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანის იმუნურ მახსოვრობაში ალერგიის სახით ჩაწერილი შეცდომა შევცვალოთ, დროა საჭირო.

ალერგოლოგები ვცდილობთ, რომ პაციენტის იმუნურ სისტემას მეთოდურად, ნელ-ნელა ალერგენის, ან ალერგენების აღმავალი დოზირებით ვასწავლით, რომ ის, რაზედაც პაციენტი რეაგირებს, მისი მტერი არ არის და მასზე უნდა გამომუშავდეს ტოლერანტობა.

ჩვენი პირველი ამოცანა არის ადამიანისათვის შვების მიცემა. ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია იმედი აქვთ გაცრუებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სადღეისოდ ალერგოლოგებს ძალიან ბევრი ახალი და კარგი საშუალება გვაქვს, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო და პაციენტებს ნამდვილად შეგვიძლია მივცეთ იმედი.

აღსანიშნავია, რომ ალერგიის ბაზისური მკურნალობის ძირითადი წამლები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს შვება მოჰგვარონ, უმრავლეს შემთხვევაში უსაფრთხოების კარგი პროფილით გამოირჩევა, მცირე გვერდითი მოვლენებით ხასიათდება  და შესაძლებელია მათი ხანგრძლივი გამოყენება  (საინჰალაციო ტოპიკური მოქმედების სტეროიდები, თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატები, ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები და სხვ.)

ბუნებრივია, სისტემური კორტიკოსტეროიდები მნიშვნელოვანი საშუალებებია რთულ სიტუაციებთან გასამკლავლებლად და ასეთ დროს ძალიან გვეხმარება. თუმცა ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ეშველოს მდგომარეობასაც და ამავდროულად მკურნალობამ ნაკლები გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს.

მინდა ხაზი გავუსვა სწორი დიაგნოსტიკის მნიშვნელობასაც. ჩვენს სწორ დიაგნოსტიკაზე არის დაფუძნებული მკურნალობის რაციონალური  ტაქტიკა. აუცილებელია, დავადგინოთ ალერგიული სიმპტომების გამომწვევი ზუსტი მიზეზი. უნდა გავიგოთ, რა იწვევს ამ სიმპტომებს, ხომ არ არის ამაში დამნაშავე რაიმე თანარსებული სხვა დაავადება, თუ  ჭეშმარიტი ალერგიული მექანიზმი.

თუ სიმპტომების გამომწვევი მიზეზი კონკრეტული ალერგენია, რომელიც მუდმივად იმოქმედებს პაციენტის ორგანიზმზე და მისი მდგომარეობის გამამწვავებელი იქნება, უნდა ჩატარდეს სპეციფიკური იმუნოთერაპია, ანუ ალერგიული ვაქცინაცია. „დამნაშავე“ ალერგენის დადგენის შემდგომ ხდებაორგანიზმში ალერგენების მზარდი დოზით თანდათანობითი შეყვანა და ამ  გზით ხდება ალერგენებთან ორგანიზმის შეგუება. ითვლება, რომ მინიმუმ სამი წელი სჭირდება იმას, რომ კონკრეტულ ალერგენსა და ადამიანის ორგანიზმს შორის შეგუება მოხდეს.

სიახლეებია ალერგენების მიწოდების გზებშიც. ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ კანქვეშა ინექციით, არამედ არსებობს სუბლინგუარული, ანუ ენის ქვეშ ჩასაწვეთებელი ალერგენები და ტაბლეტები, რომლებიც ამარტივებს ამ პროცესს. ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში დროს არ კარგავს, რადგან მას სახლში თვითონ შეუძლია მიიღოს სუბლინგვალური წვეთები, ან ტაბლეტები და წლებიც, რაც საჭიროა იმუნიტეტის გამოსამუშავებლად სწრაფად და იოლად გადის.

როგორც აღვნიშნე, ყველაფერი ინდივიდუალურია. ისეთი პაციენტებიც არსებობენ, ვისი ორგანიზმიც ბევრად ნაკლებ დროში ეგუება ალერგენს, მაგრამ შედეგის სიმყარისათვის მის მიღებას ვაგრძელებთ და მინიმუმ 3 წელი ვატარებთ ალერგენით მკურნალობას.

ბუნებრივია, სხვადასხვა ალერგიული დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი და მედიკამენტი არსებობს, რომელთა არჩევანი უკვე პაციენტებთან, კონკრეტულ შემთხვევებში ინდივიდულაურად ხდება.

-ბოლოს ასთმაზე ვისაუბროთ, დიაგნოზზე, რომლისაც ადამიანებს ძალიან ეშინიათ ხანდახან წარმოთქმის დონეზეც კი. შეიძლება თუ არა,რომ ყველა ტიპის ალერგია გადაიზარდოს ასთმაში და თუ შეიძლება თავის დაცვა, ანუ თუ შეიძლება ასთმის პრევენცია?

მაია გოთუა: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ასთმა ისეთი საშიში დაავადება სულაც აღარ არის, როგორიც ადრე იყო.  დღეისათვის, ასთმა კარგად კონტროლირებადი დაავადებაა. დახვეწილია მისი როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მართვა.

რასაკვირველია, არსებობს მძიმე ასთმის რთული შემთხვევებიც, მათ სამკურნალოდ მოწოდებულია თანამედროვე ბიოლოგიური პრეპარატები. ეს პრეპარატები ძალიან ეფექტურია, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ძვირადღირებული. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ქვეყნისათვის.

უმეტეს შემთხვევაში ბრონქული ასთმური სტანდარტული მკურნალობა გვაძლევს ასთმის კარგი კონტროლის საშუალებას. გარდა ამისა, თუ ასთმა არის ალერგიული, ალერგენებით ვაქცინაცია ძალიან კარგ შედეგს იძლევა. შეიძლება ასთმა ამ დროს იმდენად მოწესრიგდეს, რომ სრულ რემისიაში გადავიდეს.

სწორი დიაგნოსტიკის გარდა, უმნიშვნელოვანესია ალერგოლოგთან დროული მიმართვა. სწორედ ეს ორი რამ განაპირობებს   დროულად სწორი მკურნალობის არჩევანს და მკურნალობის კარგ შედეგს. სასურველია მკურნალობა ჩატარდეს იმ 4 თანამედროვე პრინციპის გათვალისწინებით, როგორიცაა: პროგნოზირება, პრევენცია, პერსონიფიცირება და პარტნიორობა/თანამშრომლობა  ალერგოლოგისა პაციენტთან, ასევე იმ ექიმებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პაციენტის მკურნალობაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები