LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ესაჭიროება კომპიუტერული ტომოგრაფია ყველა კოვიდპაციენტს და რატომ უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები რაციონალურად – ანი ქავთარაძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

3
page

როგორ უნდა იმართოს კოვიდ-ინფექცია სახლის პირობებში, როდისაა საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდპაციენტებში, როგორ უნდა მოვიქცეთ შემაწუხებელი ხველის დროს, რას ფიქრობს პრეპარატ “რემდესივირზე” და კოვიდ-ვაქცინებზე – ,,ფორტუნას კითხვებს  გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან“ ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე პასუხობს.

– ანი, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დროს გვითმობთ. დღეს ყველა ექიმი ძალიან დაკავებულია და ამის ფონზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან აქტიური ექიმი ხართ და ყოველთვის გვიზიარებთ გამოცდილებას კოვიდთან დაკავშირებით. კოვიდის სახლში მართვასთან დაკავშირებით ძალაინ მრავალრიცხოვანი და განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება და ადამიანების დიდი რაოდენობა, ვისაც არ აქვს ხშირი წვდომა ექიმთან, განსხვავებულ პასუხებს იღებს კითხვებზე. რა არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ მაშინ, როდესაც სახლში ვმკურნალობთ? რას ნიშნავს კორონავირუსის  საშუალო მიმდინარეობა და როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ სიტუაცია მძიმეა და განსაკუთრებული დახმარებაა საჭირო?

მადლობა თქვენ იმისათვის, რომ საშუალება მომეცით რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია. ზოგადად, რასაკვირველია, მართლაც ზღვა ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთებით სოციალურ ქსელში. ზოგი მათგანი პროფესიონალურია, ზოგ შემთხვევაში კი ადამიანები ერთმანეთს პირად გამოცდილებას უზიარებენ, რაც რისკის შემცველი შეიძლება იყოს. ამითაა განპირობებული ჩემი აქტივობაც.

დაავადების მიმდინარეობის კუთხით კოვიდპაციენტები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად. საბედნიეროდ, კოვიდპაციენტების 80% დაავადებას მარტივ ფორმაში იტანს, მათ განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ. საშუალო სიმძიმის პაციენტებში მოიაზრებიან ისინი, ვისაც ჟანგბადით დახმარება ესაჭიროება. საშუალო სიმძიმის პაციენტები საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენენ. მძიმე პაციენტები არიან ისინი, ვინც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ანუ რეანიმაციაში ხვდება. მძიმე პაციენტები საერთო რაოდენობის 5% წარმოადგენენ.

ბევრი კითხვა დაისვა ანტიბიოტიკების შესახებ და მინდა ამაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ ხშირია არა მხოლოდ ანტიბიოტიკების თვითნებურად, პროფილაქტიკის მიზნით მიღების, არამედ ექიმების მიერ ნაადრევად დანიშვნის ფაქტებიც. ეს პრობლემა პანდემიამდეც აქტუალური იყო და ახლაც აქტუალურია. რა დროს უნდა მიიღოს ექიმმა გადაწყვეტილება ანტიბიოტიკის ჩართვის შესახებ კოვიდის მართვის დროს?

დიახ, ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ სამწუხაროდ, ეს პრობლემა აქამდეც მწვავედ იდგა. იმისათვის, რომ გავიგოთ რა დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, მიკრობიოლოგიის საფუძვლებიდან. უნდა გავიაზროთ, რომ ანტიბიოტიკები არის სპეციალური პრეპარატები, რომლებიც მიმართულია ბაქტერიებთან საბრძოლველად. ბაქტერია არის ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმი, ვირუსი კი არის მიკროსკოპული ნაწილაკი, რომელიც ცოცხალი არ არის და უჯრედში შეჭრის შემდეგ იწყებს გამრავლებას. ანტიბიოტიკები ებრძვიან ბაქტერიებს და არა ვირუსებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში ვირუსული ინფექცია შესაძლოა გართულდეს  ბაქტერიული ინფექციით. ანტიბიოტიკის მკურნალობაში ჩართვის გადაწყვეტილებას ექიმები სწორედ ამ დროს იღებენ. ვირუსის წინააღმდეგ ანტიბიოტიკი არ გამოიყენება, რადგან ის არ არის ბაქტერიის საწინააღმდეგო საშუალება. პირიქით, შედეგი რომელსაც ის მოიტანს შესაძლოა იყოს უარყოფითი და ეს არის მსოფლიოში ფართედ გავრცელებული  ანტიბიოტიკორეზისტენტობას. ეს  არის მდგომარეობა, როდესაც მიკროორგანიზმი(ბაქტერია) კარგავს მგრძნობელობას, მისთვის უკვე „ნაცნობ“ ანტიბიოტიკზე. როცა ადამიანი ანტიბიოტიკს ხშირად და უმეტესწილად უსაფუძვლოდ იყენებს, ბაქტერიები სწავლობენ ამ ანტიბიოტიკის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას. შესაბამისად მაშინ, როდესაც დგება ანტიბიოტიკის რეალური ა საჭიროება,   ის აღარ იმუშავებს. ამ პრობლემის წყალობით, ჩვენს ხელთ არსებული არსენალი სულ უფრო მცირდება და ანტიბიოტიკების მარაგი ამოუწურავი არ არის.

კოვიდინფექციის დროს ზოგ, ხაზგასმით ვამბობ, ზოგ და იშვიათ შემთხვევაში ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკს. ეს ხდება მაშინ , როდესაც  ბრძოლის ველზე ბაქტერიული ინფეცია ჩნდება .კვალიფიციურმა სპეციალისტმა ობიექტურ კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს მონაცემები შეიძლება იყოს  ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები.

ყოველთვის ახლავს თუ არა პნევმონიას თან ჰაერის უკმარისობა? ეს ის სიმპტომია, რომლისაც პაციენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ. ყოველთვის არის თუ არა ეს სიმპტომი პნევმონიის თანმხლები და  თქვენი დაკვირვებით, ინფიცირებიდან მერამდენე დღეს შეიძლება განვითარდეს პნევმონია?

როგორც ავღნიშნე, პნევმონია შეიძლება დაიწყოს მეორე კვირაში, ეს არის იმუნური ფაზა, როდესაც იმუნური სისტემა შედის ბრძოლაში ვირუსთან. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ფილტვის ანთება ანუ პნევმონია. პნევმონიის მიმდინარეობა შეიძლება გვქონდეს საშუალოც  და მძიმეც. საბედნიეროდ, შემთხვევების უმეტესობა საშუალოა. საშუალო მიმდინარეობისას პაციენტი შეიძლება იყოს ჟანგბადდამოკიდებული ან ჟანგბადდამოუკიდებელი. იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის გარეშე აგრძლებენ ცხოვრებას, ქოშინი ნაკლებად იქნება გამოხატული. შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობა საშუალო სიმძიმის პაციენტშიც გამოხატული იყოს, მაგრამ მოხდეს მისი ადგილზე მართვა. ზოგადად, პნევმონიის დროს არ არის აუცილებელი, რომ სუნთქვის უკმარისობა იყოს გამოხატული და უმეტესობაში ის არც არის სახეზე.

ანი, მინდა გკითხოთ ისეთ თანხმლებ დაავადებაზე, როგორიც დიაბეტია. სამწუხაროდ, დიაბეტი ძალიან ხშირადაა დაკავშირებული ლეტალურ გამოსავალთან და საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც დიაბეტი, როდესაც იმ ქრონიკული დაავადებების სია, რომლებიც რისკფაქტორებს წარმოადგენენ, გრძელია. თუმცა დიაბეტთან დაკავშირებით ყველაზე ბევრი ცუდი ამბავი გვესმის.

დიახ, სამწუხაროდ ბევრი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, თუმცა დიაბეტი გამორჩეულია. ამის მიზეზი ის არის, რომ დიაბეტი თვითონ წარმოადგენს  სისხლძარღვების დაზიანების და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების რისკს. მაღალი გლიკემია, ანუ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ხშირად აზიანებს სისხლძარღვის შიდა კედელს, ენდოთელიუმს და იწვევს მასში ანთებით პროცესს. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა პროცესებით, მაგალითად ოქსიდაციური სტრესით, რომელიც განსაზღვრავს ანთებით პროცესს. დიაბეტი თავადვე არის ასევე პროთრომბოზული დაავადება, სისხლის მომატებული შედედების განმსაზღვრელი და თრომბოზების, ანუ სისხლძარღვის დახშობის განვითარების გამომწვევი. კოვიდ ინფექცია მოქმედებს ანგიოტეზინის გარდამქმნელი ფერმენტის რეცეპტორებზე და მათი საშუალებით შედის უჯრედში,აღნიშნული რეცეპტორები მრავლადაა სისხლძრღვის კედელზე,რაც განაპირობებს ენდოთელიუმის დაზიანებას.  შესაბამისად კოვიდიც და დიაბეტიც აზიანებენ სისხლძარღვის კედელს და რისკ-ფაქტორი გაორმაგებულია. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ ისინი მუდმივად კავშირში იქნებიან ენდოკრინოლოგებთან და ნორმოგლიკემიას შეინარჩუნებენ, ეს რიკსები საკმაოდ დაიწევს. პრედიაბეტის ეტაპზეც, ანუ იქამდე, სანამ დიაბეტი ჩამოყალიბდება, სისხლძარღვის დაზიანების რისკი რასაკვირველია უფრო დაბალია, მაგრამ აქაც მთავარია მუდმივი კავშირი ენდოკრინოლოგთან, რომელიც მართავს ამ პროცესს.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და კრიტიკაც ისმის, განსაკუთრებით უცხოეთში მოღვაწე ექიმებისაგან. მართლაც გადაჭარბებულად ხომ არ ინიშნება ეს კვლევა და როდის არის ის საჭირო?

დიახ, მეც ვიყავი ერთ-ერთი იმ ექიმებიდან, რომელიც აკრიტიკებდა ასეთ დამოკიდებულებას. ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას ექიმები ვაფასებთ რისკს და სარგებელს,  შემდეგ კი  ვწყვეტთ ჩავატაროთ თუ არა ესა თუ ის კვლევა თუ მანიპულაცია. ბუნებრივია, ვერც კოვიდი და მასთან დაკავშირებული კვლევები იქნება გამონაკლისი. კომპიუტერული ტომოგრაფია დაკავშირებულია დასხივებასთან და ამიტომ, კონკრეტული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ გამოკვლევის გაკეთება და ის სასარგებლო უფრო იქნება თუ საზიანო.

მარტივად რომ გითხრათ, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის დროს ჩვენ ვიღებთ დასხივების იმ დოზას, რასაც გარემოში ათი დღის განმავლობაში. გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს კი ეს ნიშნული ძალიან იზრდება და ერთ პროცედურაზე ადამიანი სხივდება ორი წლის განმავლობაში გარემოდან მისაღები დასხივების დოზით. ამიტომ ამ კვლევის დანიშვნისას უნდა ვიფრთხილოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებთან, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში კიდევ შეიძლება მსგავსი კვლევები დასჭირდეთ. უნდა ვიყოთ უფრო დამზოგველები როგორც ექიმები, ისე საზოგადოება.

კომპიუტერული ტომოგრაფია უმეტესწილად საჭიროა ჰოსპიტალიზებულ ანუ მძიმე პაციენტებში. ეს არის საერთო რაოდენობის 5%. როგორც წესი, ეს კვლევა ესაჭიროებათ ინტენსიურ თერაპიაში მოხვედრილ პაციენტებს. საშუალო სიმძიმის პაციენტებში ანთებითი პროცესი ვირუსით არის განპირობებული, რისი მიზნობრივი საკმურნალწამლო საშუალებაც არ გვაქვს, ამიტომ ტომოგრაფია კლინიკური მონაცემების თვალსაზრისით არაფრისმომცემია. დიფერენცირების საშუალება კი არის სისხლის ლაბორატორიული კვლევები, რომლის შედეგების მიხედვითაც დავადგენთ, გვაქვს თუ არა ბაქტრიული ინფექციის ზედდება ან გართულება. იმ შემთხვევაში, სადაც პასუხების მიღება სხვა გზითაც შეიძლება და პაციენტი ამბულატორიულად მართვადია, კომპიუტერული ტომოგრაფია უმეტესწილად საჭირო არ არის.

რა ტიპის სამკურნალო საშუალებების მიღებაა  რეკომენდებული ხველის დროს? სიცხის დროს ვიცით,რომ გარკვეული ტემპერატურის ზემოთ უკვე შეიძლება სიცხის დამწევების გამოყენება, მაგალითად პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატების. მაგრამ როგორ მოვიქცეთ შემაწუხებელი ხველის დროს? გამოვიყენოთ ამოსახველებელი ან საინჰალაციო საშუალებები, ან რაიმე ტიპის სიროპი?

სიცხის დამწევებს ვიღებთ მაშინ, თუ ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსზე მეტია. ასეთ დროს შესაძლებელია როგორც პარაცეტამოლის, ასევე იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატების მიღება. ამ პრეპარატების მიღება შეიძლება მაშინაც, თუ მაღალ “დაუმორჩილებელ” ტემპერატურას” თან ახლავს ასევე, ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი კუნთების და სახსრების, ან თავის ძლიერი ტკივილი. რაც შეეხება ხველას, ის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციაა და სასუნთქი გზების გათავისუფლებისკენაა მიმართული. კოვიდპაციენტებში საწყის ეტაპზე შეიმჩნევა მშრალი ხველა და ამ შემაწუხებელი ხველის მოსახსნელად ძალიან კარგი მეთოდია თაფლის გაწუწვნა. პაციენტების უმრავლესობას თაფლი ხველას უხსნის. მოსახლეობას ვურჩევდი თვითნებურად არ მიიღოს არცერთი მედიკამენტი, მით უმეტეს მაშინ, თუ ექიმმა უნდა მოახდინოს დიფერენცირება, არის ეს მშრალი ხველა თუ პროდუქტიული, ანუ ნახველიანი. ხშირად თვითმკურნალობისას პაციენტები ერთმანეთში ურევენ მშრალი  და პროდუქტიული ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს, რაც რეკომენდებული არ არის. რადგან პროდუქტიული ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ამოსახველებელია და მშრალი ხველის დროს მისი მიღება არ არის სასურველი. ანალოგიურად, მშრალი ხველისათვის განკუთვნილი ხველის დამთრგუნველი საშუალებების მიღება არ არის მიზანშეწონილი პროდუქტიული ხველის დროს. ამიტომ აუცილებელია  ექიმთან კონტაქტი. მესმის,რომ ეს რთულია დღესდღეობით, მაგრამ ეს ის სიმპტომია, რომელიც დაყოვნებადია, ექიმთან კავშირამდე.

არის თუ არა რეკომენდებული თუნდაც მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები კოვიდინფიცირებულებში? ბევრი პაციენტი სიმპტომების უტრირებას ახდენს და შემდეგ ძალიან ნერვიულობს.

ზოგადად მინდა ყველას ვუთხრა, ნუ შეეშინდებათ. დადებით და ოპტიმისტურ განწყობას ლომის წილი მიუძღვის ადამიანის გამოჯანმრთელებაში არა მხოლოდ კოვიდის, არამედ ნებისმიერი დაავადების მიმდინარეობისას. დამშვიდდით და მშვიდად მიყევით სიმპტომურ მართვას. იმ პაციენტებს, რომლებიც კოვიდით ინფიცირებამდე სვამდნენ დამაშვიდებელ საშუალებებს, შეუძლიათ გააგრძელონ მათი მიღება. რაც შეეხება მსუბუქ დამაშვიდებლებს, მათი ფართო სპექტრი არსებობს და რასაკვირველია, მათი მიღება ადამიანებს შეუძლიათ ამ მძიმე ფონზე. თუმცა, აქაც სასურველია კონსულტაცია ნევროლოგთან ან ოჯახის ექიმთან. შესაძლოა ადამიანს ესაჭიროებოდეს არა მსუბუქი, არამედ ისეთი მედიკამენტი, რომელიც სწორედ ექიმმა-ნევროლოგმა უნდა დანიშნოს.

არ შემიძლია არ გკითხოთ რემდესივირის შესახებ. ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მისი გადასხმიდან მეორე დღესვე იგრძნო უკეთესობა. ეს მედიკამენტი მალე შემოვა საქართველოში და მძიმე პაციენტებს მისით უმკურნალებენ. თუმცა არსებობს კითხვის ნიშნები ამ პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

“რემდესივირის” მიმართ უდიდესი მოლოდინები არსებობდა მაშინ, როდესაც პრეპარატი კვლევაში ჩაეშვა, თუმცა თანამედროვე მედიცინა მტკიცებულებებს და სანდო კვლევებს ეფუძნება, რომლებიც ამ მედიკამენტის შემთხვევაში, მის ეფექტურობას ვერ ადასტურებენ. მაღალი სანდოობის კვლევები “რემდესივირის” ეფექტურობის საკმარის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ.

ბოლოს ვაქცინასთან დაკავშირებით გკითხავთ. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა საქართველოში ლოკდაუნის დასრულებამდე, ანუ უახლოეს ორ თვეში ვერ შემოვა? რა იქნება მერე, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

ეს ყველაფერი ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ ვაქცინაციას დიდი იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან “რემდესივირისგან” განსხვავებით  სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენა. დღე დღეზე ევროპის რიგ ქვეყნებში და აშშ-ში დაიწყება ვაქცინაცია, პირველ რიგში  აიცრებიან წინა ხაზის ექიმები, ჩვენი კოლეგები და ჩვენც ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები