LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ გადაცემათა კოლოფის შესახებ და როგორ უნდა მოვუაროთ მას სწორად

გადაცემას „ავტოსერვისი“ რეზიდენტი ავტოექსპერტი ავტომატური გადაცემათა კოლოფების სპეციალისტი  დავით ლობჟანიძე ესტუმრა. სტუმარმა განსხვავებულ ძრავებზე და მათ სწორ ექსპლუატაციაზე ისაუბრა.

ევროპელი, ამერიკელი თუ იაპონელი მწარმოებლები ძირითადად ვარიატორულ, რობოტიზირებულ ან მოჭიდების დისკიან კოლოფებზე გადადიან, რომლებსაც კლასიკურ კოლოფებთან შედარებით მეტი პრობლემები აქვთ…

დიახ, ნამდვილად ასეა. მთავარი პრობლემაა მოჭიდების დისკი, თვითონ კოლოფი მექანიკურია და არ ზიანდება. ზოგადად, ასეთი კოლოფის მართვა არის ძალიან რთული. მექანიზმი გადატვირთულია და საცობებში სიარულიც მას დიდ ზიანს აყენებს.

ჩვენი ლანდშაფტიც გასათვალისწინებელია, ბევრი აღმართ-დაღმართი, ბევრი საცობი და ასეთ პირობებში კოლოფი დიდ ხანს ვერ მუშაობს…

ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, მათ კოლოფებს არაფერი არ აქვთ, მათ შორის არც მოჭიდების დისკი, ელექტრონულ ვარიატორს  ორი ელექტროძრავი ამოძრავებს. კოლოფს არაფერი ცვეთადი არ გააჩნია, ელექტრონულ-მაგნიტური ველია წარმოქმნილი და ცვეთა ფიზიკურად არ არის, რაც უფრო საიმედოა.

ბენზინის და დიზელის ძრავზეც შეიძლება ალბათ მსგავსი კოლოფის დაყენება…

კი ნელ-ნელა მოდის ეს ტენდენცია. ასეთი ძრავი უფრო საიმედოა, რესურსიც უფრო დიდი აქვს და ელექტრონიკაც არ არის დიდად დატვირთული.

როდის უნდა გამოიცვალოს ზეთი გადაცემათა კოლოფში, როგორია რეკომენდაციები?

ყველა მწარმოებელი თავის რკეომენდაციას იძლევა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხახუნის დროს დეტალები იცვითება. პატარა ნაწილაკები ზეთში ერევა, ეს ნაწილაკები იმდენად პატარაა რომ ფილტრიც ვერ იჭერს, ატარებს. ბუნებრივია, მინარევებიანი ზეთი კოლოფის ცვეთას იწვევს. ამიტომ შეცვლა აუცილებელია. კოლოფის მწყობრიდან გამოყვანა სულ პატარა ნაწილაკსაც კი შეუძლია.

ახალ ავტომობილებზეც კი,  100-120 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ მაინც უნდა შეიცვალოს ზეთი, ეს პირველ ჯერზე და შემდეგ უკვე უფრო ხშირ-ხშირად. თუ ქალაქში დადის მანქანა ზეთის შეცვლაც უფრო ხშირად სჭირდება.

სპორტული ავტომობილების შემთხვევაში ზოგი ფიქრობს, რომ ზეთის გამოცვლა არც ისე აუცილებელია. არადა საზღვარგარეთ სპორტქარებს ზეთს ლამის ყოველი შეჯიბრის შემდეგ უცვლიან…

მე როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ზეთს ხშირად არ ცლვიან, რადგან თვითონ მწარმოებელი ეუბნება, რომ ზეთის შეცვლის დროს შეიძლება კოლოფი დაზიანდეს. ამასთან, ზეთის შესაცვლელად ბევრი პროცედურაც უნდა გაიარო და ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ტექნიკას, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, ზეთი უმრავლეს შემთხვევაში შესაცვლელი აქვს ხოლმე.

ქართული ავტობაზრობის 95% ალბათ მეორადი ავტომობილებითაა გაჯერებული. იაპონიის ბაზარი დაიხურა და მანქანები ძირითადად ამერიკიდან ჩამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები ან დამტვრეულია, ან ჩაძირული… მოკლედ ჩვენამდე მხოლოდ აღსადგენი ავტომობილები აღწევს…

ჩვენთან მოყავთ ბევრი ავტომობილი, რომელიც თითქოს უწყინარ ავარიაში დაზიანდა. გადაცემათა კოლოფი გადარჩა და მილებია დაზიანებული. ამ მილებს ერთმანეთზე ადუღებენ, რაც გამტანიანობას ამცირებს. ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ ეს უბრალოდ დროის საკითხია და გადაცემათა კოლოფი მაინც ზიანდება. ზოგჯერ ეს დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება. კონტროლი ყოველთვის აუცილებელია, დროულად უნდა გამოვცალოთ ანტიფრიზიც, ვნახოთ რადიატორიც რა მდგომარეობაშია და თუ ძალიან ძველია უნდა შეიცვალოს.

ყველაფერს ხომ თავისი ვადა აქვს და დროულად განახლება აუცილებელია. თანამედროვე ავტომობილები მრავალგადაცემინია, მათზე 8-10 გადაცემიანი კოლოფები აყენია. შეიძლება ითქვას, რომ გართულებული კი არ არის, ზედმეტი თავის ტკივილია. ვითომ მანქანა უნდა იყოს ბევრად ეკონომიური, თუმცა მუდმივად ცვლი სიჩქარეს, რადგან ჩვენს ქალაქში გადაადგილება არც თუ ისე მარტივია…

ამ დროს ყველაზე მეტად ჰიდრობლოკი იტვირთება და გამოდის მწყობრიდან. გამაგრილებელსაც და ზეთსაც დიდი ყურადღება უნდა. მაღალსიჩქარიან გადაცემათა კოლოფში ნაწილები როგორც წესი, ნაკლებია და სამაგიეროდ ელექტრონიკითაა დატვირთული. მოცულობაც განსხვავებული აქვს, 4 სიჩქარიანი და 10 სიჩქარიანი კოლოფები რომ გვერიდგვერდ დადოთ – 10 სიჩქარიანი უფრო პატარა იქნება. მას რესურსიც ნაკლები აქვს. მწამოებელს უნდა რომ ავტომობილი უფრო ეკონომიური გახადოს, ამიტომ სიჩქარეებს უმატებს და უმატებს. გამძლეობა კი იკლებს და იკლებს.

თანამედროვე მსოფლიოშია თითქოს ასეთი ტენდენცია, ავტომობილი უფრო ეკონომური, უფრო განვითარებული ხდება და ამ დროს მისი რესურსი მკვეთრად მცირდება. მწარმოებლები მანქანებს 5 წლიანი ექსპლუატაციისთვის ქმნიან, თუმცა ჩვენთან ეს ზღვარი ბევრად უფრო მაღალია…

ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფი ძალიან საიმედო გამოვიდა. ჩაძირული ავტომობილებიც ჩამოყავთ, ძრავში წყალი ხვდება და მაინც მუშაობს. მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრონიკაზე მუშაობს და ცვეთა თითქმის არ აქვს.

როგორია თქვენი რჩევები, კოლოფის მოვლასთან დაკავშირებით, ექსპლუატაციასთან დაკავშირებით?

მოდით მოვლით დავიწყოთ… ყველაფერი ძრავით იწყება, როცა ძრავს ათბობთ გადაცემათა კოლოფი არ თბება, ამიტომ მოძრაობა დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოთ და ნელ-ნელა მოუმატოთ. საქმე ისაა, რომ კოლოფში სითხე ნელ-ნელა ცხელდება და როცა სითხე ცხელი არ არის ცვეთა უფრო ძლიერია. ასევე არ შეიძლება განეიტრალება. შეიძლება ერთხელ, ორჯერ არაფერი მოუვიდეს, მაგრამ მწყობრიდან მაინც გამოვა და არავის ვურჩევ რომ ეკონომიის მიზნით გაანეიტრალონ ხოლმე. გაგრილების სისტემაც უნდა იყოს მწყობრში, ვუზუალურად ვერ შეამოწმებ, თუმცა სითხეების ცვლა სჭირდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი