LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ დიაბეტი – ენდოკრინოლოგ თამარ ხასაიას რეკომენდაციები

237
tamatr-khasaia

ტკბილეულის გადაჭარბებული მოთხოვნილება, შიმშილის მუდმივი შეგრძნება, პირის სიმშრალე და აფორიაქებულობა, კიდევ რა სიმპტომებით ვლინდება დიაბეტი ტიპი 2, რა პროდუქტებს უნდა მოვერიდოთ და რა პროდუქტებით გავამდიდროთ ჩვენი რაციონი. როგორი უნდა იყოს გლუკოზის ნორმა სისხლში და როდის ინიშნება დიეტა, მედიკამენტი და ინსულინი. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” კლინიკა ,,ინ ვიტროსა” და ,,კარაფს მედლაინის” ექიმმა ენდოკრინოლოგმა, თამარ ხასაიამ ისაუბრა.

არსებობს საზოგადოებაში გავრცელებული რამდენიმე მითი დიაბეტზე, მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ თუ ადამიანს ლიან უყვარს ტკბილეული, ის მიდრეკილია დიაბეტისკენ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

ეს მოსაზრება სიმართლესთან გარკვეულწილად ახლოს არის. ცნობილია, რომ ადამიანები, ვისაც უყვართ ტკბილი, მიდრეკილი არიან ჭარბი წონისკენ, ჭარბი წონის ადამიანებს კი უფრო დიდი შანსი აქვთ განუვითარდეთ მეორე ტიპის დიაბეტი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ტკბილისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ, ჭარბად მოიხმარენ მას, მაგრამ არ აქვთ მიდრეკილება და შესაბამისად დიაბეტიც არ უვითარდებათ. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლის მახასიათებელი გააჩნია, ამიტომ ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ვისაც ტკბილი უყვარს აუცილებლად დიაბეტი დაემართება.

მართალია თუ არა, რომ დიაბეტი მხოლოდ მსუქან ადამიანებს ემართებათ?

სწორია მოსაზრება, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, უფრო ხშირად ემართებათ დიაბეტი, ვიდრე გამხდარ ადამიანებს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შეიძლება არ ქონდეს ჭარბი წონა ადამიანს , მაგრამ დაემართოს ტიპი 2 დიაბეტი. სტატისტიკურად დიაბეტი ტიპი 1 ნორმალური ან წონადეფიციტის მქონე ადამიანების დაავადებაა, დიაბეტი ტიპი 2 კი უფრო ჭარბწონიან ადამიანებს ემართებათ.

შეიძლება, რომ დიაბეტი ტიპი 2 გაჩნდეს სტრესის შედეგად და როგორ?

სტრესული ფაქტორი შესაძლოა გახდეს დიაბეტის მაპროვოცირებელი, ანუ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის ჩამოყალიბება, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს მიდრეკილება, ანუ ვინც გენეტიკურად ატარებს წინასწარ განწყობას. შეძენილ დიაბეტზე ვსაუბრობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კუჭქვეშა ჯირკვალზე  ქირურგიული ან მედიკამენტოზური ჩარევა ხდება ან დაავადების გამო კუჭქვეშა ჯირკვალზე ბეტა უჯრედების დაზიანება ვითარდება. ბეტა უჯრედები გამოყოფენ ინსულინს. ის ფაქტი, რომ მეორე ტიპის დიაბეტი ემართებათ ასაკში ან სტრესის გამო არის დაპროვოცირებული, არ ნიშნავს რომ ის შეძენილია, ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც ქონდათ წინასწარ განწყობა, გენის მატარებლები იყვნენ და  მაპროვოცირებელ ფაქტორზე ჩამოუყალიბდათ დიაბეტი.

მედიცინაში ხშირად გვესმის ფრაზები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნაკლები სტრესი, მოწესრიგებული კვების და ძილის რეჟიმი – ეს ყველა ის ფაქტორია, რომელიც ხელს გვიწყობს, რომ არ ჩამოგვიყალიბდეს დაავადება.

 

მართალია თუ არა ის მოსაზრება, რომ დიაბეტი არ იკურნება?

დიაგნოზირებული დიაბეტის დროს, ,,დღეს მაქვს და ხვალ არა”-ასე არ ხდება, ეს არ არის გრიპი რომ მორჩეს, მაგრამ დიაბეტის დროს რომ გართულებები არ განვითარდეს და ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე არ აისახოს, ის იყოს აქტიური, ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელა. დღეს მედიცინა ვითარდება, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ და ალბათ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე უკვე მოგვცეს იმის თქმის საშუალებას, რომ დიაბეტი განკურნებადია.

როდის იწყებს დიაბეტი გამოვლინებას სიმპტომების დონეზე და რა სიმპტომებია ეს?

ამ საკითხში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დიაბეტის ტიპს, საზოგადოებაში გავრცელებული სიმპტოტომები: პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, წონაში უმიზეზოდ კლება, ეს ახასიათებს პირველი ტიპის დიაბეტს. პირველი ტიპის დიაბეტი უფრო ახალგაზრა ასაკში ემართებათ, 27-28 წლამდე, მოზრდილთა დაავადებასაც კი ეძახიან, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ასაკში ამ დაავადების გამოვლენის ალბათობას. დაავადებისთვის დამახასიათებელია ინსულინისდეფიციტით მიმდინარე მდგომარეობა ანუ ადამიანის ორგანიზმში ბეტა უჯრედები აღარ გამოყოფენ ინსულინს. სიმპტომატიკა დაავადების დაწყებიდან მოკლე დროში გამოიხატება, ინსულინის დეფიციტით მიმდინარ მდგომარეობა სიცოცხლითვის შეუთავსებელია, შესაბამისად ეს ადამიანები მალევე ხვდებიან ექიმთან.

რაც შეეხება მეორე ტიპის დიაბეტს, ის გვემართება უფრო დიდ ასაკში და დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოსახლეობამ იცის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი ეს სიმპტომები დაავადების გაჩენიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ იჩენს თავს. ტიპი 2 დიაბეტის დროს ორგანიზმში იმდენად დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისთვის დამახიათებელი პროცესი, რომ საკუთარი ინსულინი გადავიდა დეფიციტში, მეორე ტიპის დიაბეტი კი მიმდინარეობს საკუთარი ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითებით, ასეთ ადამიანებს აქვთ საკუთარი ინსულინი, ხშირად ბევრიც, უბრალოდ ქსოვილი ამას ისე ვერ გრძნობს როგორც საჭიროა, შესაბამისად არ ხდება გლუკოზის ისე დახარჯვა, როგორც იმ ადამიანის ორგანიზმში რომელსაც დიაბეტი არ აქვს. ამ მდგომარეობის გამო ექიმთან მიმართვიანობა ხშირად დაგვიანებულია ხოლმე.

მეორე ტიპის დიაბეტს ახასიათებს სიმპტომები, უბრალოდ ყოველდღიურობაში მათ ყურადღებას არ ვაქცევთ, ესენია შიმშილის აუტანლობა, ხელების და შინაგანი კანკალი, ფორიაქის შეგრძნება, წონაში უმიზეზოდ მატება, ტკბილზე გაძლიერებული მოთხოვნა, არ აქვთ დანაყრების შეგრძნება და საკვებზე დამოკიდებული ხდებიან. სამწუხაროდ, ხშირია გვიანი მომართვიანობა, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, პაციენტებს უკვე სისხლძარღვების და ნერვული დაბოლოებების დაზიანება,  ღვიძლში და თირკმელში დარღვევები და სხვა უამრავი პრობლემა აღენიშნებათ, შესაბამისად მკურნალობაც ძლიერი პრეპარატებით იწყება.

აღსანიშნავია, რომ დიაბეტს არ ახასიათებს ტკივილი, თუ დიაბეტი ტკივათ,ეს ძალიან დაგვიანებული სტადიაა.

როდის ინიშნება დიეტა, როდის მედიკამენტი და როდის ინსულინთერაპია?

რა სახის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევაც არ უნდა იყოს, ეს არის გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, მეტაბოლური სინდრომი, ინსულინ-რეზიდენტობა, ტიპი 1 დიაბეტი იქნება, ტიპი 2, თუ დიაბეტის სხვა ტიპის პირველი რგოლი, ამოსავალი წერტილი ნახშირწყლოვანი დარღვევის დროს  არის დიეტოთერაპია. დიეტოტერაპია ეს არის ინდივიდუალურად, ერთ კონკრეტულ პაციენტზე გათვლილი კვების რეჟიმი მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. დიეტოტერაპის გარეშე დადებითი გამოსავლის მიღწევა გამორიცხულია, ამიტომ მკურნალობას ვიწყებთ დიეტოტერაპიით.

რაც შეეხება ტაბლეტოტერაპიას, ეს დამოკიდებულია თუ რომელი ტიპის დიაბეტზე ვსაუბრობთ. მეორე ტიპის დიაბეტის დროს მკურნალობას ტაბლეტოტერაპიით ვიწყებთ, ხოლო ტაბლეტირებული თერაპიის რომელი ჯგუფის პრეპარატს ავირჩევთ, პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობაშია ღვიძლი, თირკმელი, გულსისხლძარღვთა სისტემა, როგორია გლიკემიის მაჩვენებელი, როგორია საკუთარი ინსულინის მარაგი. პრეპარატმა უნდა გაააქტიუროს ან ხელი შეუწყოს ინსულინის გამომუშავებას. არის შემთხვევები, როდესაც მეორე ტიპის მკურნალობის დროს შესაძლოა დაგვჭირდეს ინსულინთერაპია, მაგრამ როგორც კი სისხლში შაქრის დონე დარეგულირდება და დაზიანებული ორგანოების ფუნქცია გამოსწორდება გადავდივართ უკვე ტაბლეტოთერაპიაზე. ყოფილა შემთხვევები რომ იმდენად კარგად წასულა მკურნალობა, ინსულინოთერაპიით დროთა განმავლობაში მხოლოდ დიეტოთერაპიაზე დაგვიტოვებია პაციენტი.

პირველი ტიპის დიაბეტის დროს ინსულინის გარეშე შაქრის გადამუშავება არ ხდება ორგანიზმში, შესაბამისად მკურნალობა იწყება ინსულინოტერაპიით.

ინსულინს ექიმი არ ნიშნავს იმიტომ რომ ან უნდა ან არა, აქ საუბარია საჭიროებაზე და მოსახლეობამ უნდა გაიგოს , რომ პირველი ტიპის დიაბეტის დროს ინსულინით მკურნალობა აუცილებელია, სწორედ ამიტომ ადამიანებს მთელი ცხოვრება ინსულინის ინექციის გაკეთება უწევთ. ინსულინი არ არის ნარკოტიკი, ადამიანის ორგანიზმი ინსულინს ვერ შეეჩვევა.

საზოგადოების დიდ ნაწილს პანიკურად ეშინია ინსულინის, რეალურად რა პრეპარატია ეს და რამდენად უქმნის ის საფრთხეს ორგანიზმს?

ყველა პრეპარატი, რომელიც არასწორად იქნება გამოუყენებული მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუ ინსულინს საჭირო დოზით ვიყენებთ, მას გვერდითი ეფექტი არ ექნება. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება და გვეხმარება გლიკემიის დონის ნორმალურ ფუნქციონირებას. რაც შეეხება პრეპარატს, დღეს ის წარმოადგენს სინთეზურ ანალოგს ადამიანის ორგანიზმში გამოყოფილი ინსულინისა, ანუ ის არის იდეალურად მიახლოებული იმ ნივთიერებასთან, რომელსაც გამოყოფს ორგანიზმი.

მითების შექმნას პაციენტების ქმედებაც უწყობს ხელს, მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეხვდეთ პაციენტს, რომელიც ინსულინის გაკეთების წინ არ იზომავს სისხლში შაქრის დონეს, არ იცის, რა რაოდენობის საკვებს იყენებს და რა რაოდენობის ინსულინი შეეფარდება მას და არც კვების წინ იზომავს შაქარს. ისმის კითხვა, როგორ უნდა გააკონტროლოს   პაციენტმა გლიკემიის დონე, თუ არ გაიზომა შაქარი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ელემენტარულია, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ გლიკემიის დონე, ხომ უნდა ვიცოდეთ სისხლში შაქრის დონე რამდენი გვაქვს. ხშირად მიფიქრია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობა ამხელა საფრთხის წინაშე დააყენონ. ინსულინოტერაპია არ არის ექიმის ან პაციენტის ნება სურვილზე დამოკიდებული, საჭირო დროს საჭირო დოზით უნდა მოხდეს ამ პრეპარატის დანიშვნა.

დიაბეტი ტიპი 2 ის დროს, ადამიანი სამუდამოდ უარს ამბობს შაქარზე?

დიაბეტის ნებისმიერი ტიპის არსებობის დროს შაქრის გამოყენება აკრძალულია. ასევე შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტი, როგორიცაა თეთრი პური, ხილიდან კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი, კრემიანი ნამცხვრები, ტკბილი წვენები – ამ ყველაფერზე ვამბობთ უარს. არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც პაციენტის ორგანიზმი გვაძლევს შესაძლებლობას მცირე დოზით ამ პროდუქტების გამოყენების უფლება მივცეთ.  მაგალითად ნახევარი კოვზი შაქარი ყავაში, ან მცირე ზომის ხაჭაპურის ნაჭერი თუ გლიკემიის დონეს არ მიცვლის და იმ ფარგლებში მინარჩუნებს, რაც მისაღებია იმ ტიპის დიაბეტისთვის, რომელიც მაქვს, შესაძლებელია ამ პროდუქტის გამოყენება, რა თქმა უნდა მცირე დოზებით.

 

დაგვიცავს თუ არა დიაბეტისგან შაქრის სამუდამოდ ამოღება რაციონიდან?

შაქრის ამოღება რაციონიდან ხელს უწყობს დიაბეტის თავიდან არიდებას, მარგამ ეს დიაბეტისგან არ გვიცავს. ნებისმიერი ნახშირწყალი, რომელიც ხვდება ორგანიზმში, ის იშლება გლუკოზის დონემდე და ტვინი აღიქვამს სწორედ გლუკოზის დონეს და არა იმას ნამცხვარი მივირთვით თუ ხაჭაპური.  მხოლოდ შაქრის შეზღუდვა არ არის დიაბეტისგან თავის დაცვა, აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება ბალანსირებულ, ჯანსაღ კვებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს და ნახშირწყლების იმ რაოდენობის მიღებას, რაც კონკრეტული ადამიანის ნივთიერებათა ცვლის, მისი გენეტიკური ანამნეზისთვის არის მისაღები.

რა სახის პროდუქტებია მავნე და რა პირიქით, სასარგებლო დიაბეტისთვის?

შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტები, როგორიცაა თეთრი პური, ხილიდან კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი, კრემიანი ნამცხვრები, ტკბილი წვენები, მაიონეზი, ნიგვზიანი საკვები, თხილეული, მზესუმზირა, ზოგადად ის პროდუქტები, რაც ნებისმიერი ადამიანისთვისაც მავნებელია არ შეიძლება დიაბეტიანი პაციენტისთვის. სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, საქონლის, ინდაურის, კურდღლის და ქათმის ხორცი. ადამიანებს ვისაც აქვთ მიდრეკილება დიაბეტისკენ შეუძლიათ კვება ისე დააბალანსონ, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე სამუდამო უარი არ თქვან. ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც სხვადასხვა სახის საკვებს ვურევთ, ისე რომ არ ვაკონტროლებთ რასთან რას ვჭამთ, თუ საცივი მიირთვით მას ტორტი არუნდა მიაყოლოთ. არაბალანსირებული კვება არის ყველაზე დიდი პრობლემა.

და ბოლოს, დღეს თითქმის არსად მოიპოვება ინფორმაცია გლიკემიის ნორმების შესახებ. იქნებ მოგვიყვეთ, როგორ იზომება შაქრის ნორმა, რა ითვლება გადაცდომად და რამდენად სანდოა სახლში გაკეთებული ანალიზი?

ვისაც არ აქვს დიაბეტი, სისხლში შაქრის დონე  ჭამამდე და ჭამის შემდეგ არ უნდა ცილდებოდეს დადგენილ ნორმებს, ზედა ზღვარი ასეთ შემთხვევაში არის 5,8 მილიმოლი, ეს არის 62 წლის ასაკს ქვემოთ მაჩვენებელი. 62 წელს ზემოთ დატვირთვიდან ორ საათში შეიძლება იყოს 6,2 /6,7 მილიმოლის ფარგლებში.

იმისთვის, რომ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის  სტადია და მოსალოდნელი დიაბეტის რისკი განისაზღვროს, ტარდება გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი, ადამიანს უზმოზე უღებენ ანალიზს, შემდეგ აძლევენ მის წონაზე გათვლილ გლუკოზის ხსნარს, ამ ნივთიერების მიღებიდან ზუსტად ორ საათში ისევ ვამოწმებთ გლუკოზის დონეს სისხლში და ლაბორტორიული შედეგების შედარებით დგინდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის რა დარღვევა აღენიშნება ამ ადამიანს. თუ ადამიანს უზმოზე 6,1 მილიმოლზე ნაკლები აქვს გლიკემია,  ხოლო გლუკოზის დატვირთვიდან 2 საათში ნაკლებია 7,2-ზე მაგრამ მეტია 6,1-ზე,  მას აღენიშნება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ეს ნიშნვს რომ ორგანიზმი ვერ არეგულირებს გლუკოზისა, მაგრამ ეს ჯერ არ არის დიაბეტი, ეს არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის პირველი რგოლი. თუ ადამიანს უზმოზე 6,1 მილიმოლზე ნაკლები აქვს გლიკემია,  ხოლო გლუკოზის დატვირთვიდან 2 საათში ნაკლებია 7,2-ზე, მაგრამ მეტია 11,6-ზე, ეს არის გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ანუ დღის რაღაც მონაკვეთში გლიკემიის დონე ცილდება ნორმის ზღვარს, ანუ ვიწყებთ უკვე პრედიაბეტში გადასვლას. თუ ადამიანს უზმოზე 7,2 მილიმოლზე მეტი აქვს გლიკემია, ხოლო გლუკოზის დატვირთვიდან 2 საათში სცილდება 11,6-ს  ანუ 200-ზე მეტი აქვს შაქარი, ეს არის დიაბეტი. გარდა გლიკემიის დონისა გვაქვს ე.წ. გლიკეზირებული ჰემოგლობინი, რომელიც გვაჩვენებს გლიკემიის დონის საშუალო მაჩვენებელს 3 თვის განმავლობაში, ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი დგინდება ადამიანს აქვს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის საწყისი სტადია, პრედიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ინსულინო რეზისტენტობა თუ უკვე დიაბეტი.

ის, რომ ადამიანმა აპარატით გაიზომა სახლში შაქარი და ნახა  რომ ნორმაშია, ეს არ ნიშნავს, რომ მას დიაბეტი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ შაქრის დონის ის ნორმა რაც ჯანმრთელი ადამიანისთვის არის მიღებული, არ შეესაბამება დიაბეტიანი პაციენტის ნორმებს. მათთვის სხვა ნორმებია მისაღები, რადგან 100-ზე დაბალ შაქარს შეიძლება ორგანიზმი ჰიპოგლიკემიად არ აღიქვამდეს, მაგრამ თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით პაციენტისთვის 100 მილიგრამი დეცილიტრში სულაც არ იყოს მისაღები და ამ მაჩვენებელმა უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე 130 მილიგრამ დეცილიტრმა.

მედიცინაში ყოველთვის ვსაუბრობთ ერთ კონკრეტულ ადამიანზე და ვფიქრობთ რომ მკურნალობა და მაჩვენებლები უნდა იყოს ინდივიდუალური.  

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები