LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები განაპირობებს გულის პრობლემებს – მიხეილ მეტრეველი ხშირად დასმულ შეკითხვებზე

26
mikheilmetrevelistumradeqimtan

რა ფაქტორები განაპირობებს გულის პრობლემებს, რომელ პათოლოგიები უნდა გამოიყოს გულ-სისხლძართვთა დაავადებებიდან, როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკა და რა ტიპის მკურნალობა ინიშნება ამ დროს – ამ და სხვა საინტრესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა „ჯერარსის” მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარდიოქირურგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მეტრეველმა ისაუბრა. მიხეილ მეტრეველს 15 წლიანი საექიმო გამოცდილება აქვს, ის 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, გახლათ საქართველოსა და პოლონეთის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი.

პირველ რიგში ჩვენს მსმენელს  რომ აუხსნათ, რა ფაქტორები განაპირობებს გულის პრობლემებს?

დღეისათვის საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებების ფართო სპექტრს ვხვდებით, შეიძლება იყოს იშემიური დაავადებები,  სარქვლოვანი პათოლოგიები,  თანდაყოლილი მანკები, შეძენილი მანკები, გულის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეები. თითოეული დაავადება საჭიროებს მკურნალობის შესაბამის მეთოდს, მოიცავს დიაგნოსტიკის ფართო სპექტრს.

რა სერვისებით, შეთავაზებებით და პაციენტზე მორგებული პირობებით არის კლინიკა „ჯერარსის” გულ-სისხლძართვთა  დეპარტამენტი გამორჩეული?

ჯერარსი” ყველა სახის კარდიო-ვასკულარული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა, იქნება მოზრდილთა თუ ბავშვთა ამბულატორიული მკურნალობა, თანდაყოლილი თუ შეძენილი მანკების დეპარტამენტი, გულის უკმარისობების, არითმოლოგიური დეპარტამენტი, იშემიური დაავადებების, როგორც დახურული ასევე ღია ქირურგიული ჩარევების,  გულის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის შესაძლებლობაა. სამი დიდი კარდიო-რეანიმაციული განყოფილება გვაქვს,  ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი კარგად ჩატარებული ოპერაცია თუ მკურნალობა მოითხოვს კარგ რეაბილიტაციას ჩვენთან კი ამის სრულფასოვანი შესაძლებლობაა.

რომელ პათოლოგიებს  გამოყოფდით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან, რომელიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული?

ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული  გულის იშემიური დაავადებები, რომელიც გულის მკვებავი, კორონარული არტერიების დაზიანებასთან არის კავშირში. საგულისხმოა გენეტიკური ფაქტორი, ასევე ცხიმიანი საკვები, დიაბეტი, სტრესები, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მივდივართ ადინამიურობასთან. ფეხით მოსიარულეების რიცხვი ძალიან დაბალია, რაც თავისთავად ცუდია და ხელს უწყობს მრავალი სხვადასხვა ტიპის დაავადებების, მათ შორის გულის იშემიური დაავადებების, განვითარებას.

როგორ ხდება გულის იშემიურის დაავადების დიაგნოსტიკასა და რა ტიპის  მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

იშემიური დაავადების დიაგნოსტირება უპირველესად კარდიოლოგთან ვიზიტის, ელექტროკარდიოგრამის ჩატარებით ხდება, კარდიოგრაფიულად ვნახულობთ, რომელიმე კედელზე გვაქვს თუ არა განვითარებული იშემია, კარდიოგრამა კარგად ასახავს გადატანილ მიოკარდიუმის ინფარქტს, ასევე ვაკეთებთ ულტრაბგერით გამოკვლევას კარდიოექოსკოპიას, სადაც თითოეულ კედელს ვაფასებთ, ჩამორჩება თუ არა, როგორი კუმშვადობა აქვს გულს, დაქვეითებულია თუ არა ის და ა.შ.

შემდეგი ეტაპია, როდესაც ეჭვი გვეპარება კორონარული არტერიების დაზიანებაში ვატარებთ კვლევას-კორონაროგრაფიას, სადაც 100%-ით გამოვლინდება კორონაროგრაფიული არტერიების დაზიანების ხარისხი, ამის შემდეგ ვადგენთ პაციენტი დავტოვოთ მედიკამენტურ მკურნალობაზე, უკვე სტენდის იმპლანტაციაა რეკომენდირებული თუ ოპერაციული მკურნალობაა საჭირო. არსებობს გაიდლაინები და პროტოკოლები რითაც ვხლმძღვანელობთ. საქართველოში ხშირად გვხვდება მრავალსისხლძარღვოვანი დაავადებები და ასეთ შემთხვევაში მივდივართ ქირურგიული მკურნალობის გზით, მაგრამ თუ ერთი ან ორი სისხლძარღვის დაზიანებაა და პაციენტის კლინიკური სურათიც დამაკმაყოფილებელია მივდივართ სტენდ-იმპლანტაციის გზით.

მედიკამენტოზურ მკურნალობას მივმართავთ იმ შემთხვევაში თუ სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი ძალიან არ არის გამოხატული, 30-40%-იან შევიწროებას აქვს ადგილი, ასეთი პაციენტები ხანგრძლივად და მუდმივად იღებენ დანიშნულ მედიკამენტებს.

როგორც კარდიოქირურგი მკურნალობის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას და რაზეა ეს დამოკიდებული?

ევროპის კარდიოქირურქიული ასოციაციების მიერ მოწოდებული გაიდლაინების შესაბამისად ვმოქმედებთ, არის შემთხვევები, როდესაც დგება საკითხი, თუ რომელი მეთოდი ჯობია პაციენტისთვის, ვიკრიბებით კონსილოიუმზე და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ინტერვენციული და ქირურქიული მეთოდიდან რომელი უფრო შედეგიანი იქნება პაციენტისთვის.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ხშირად გვხვდება სარქვლოვანი პათოლოგიები…  რა სახის პათოლოგიებს ვხდებით სარქვლოვან დაავადებებში?

ადამიანს გულში ოთხი სარქველი აქვს, აორტის ანუ მთავარი არტერიის აორტალური სარქველი, ის სამი აფრისგან არის წარმოდგენილი, შემდეგია ფილტვის არტერიის სარქველი, მესამე მიტრალური და მეოთხე ტრიგოსპიტალური სარქველი. ოთხივე სარქველს თავისი ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანია გულის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. თითოეული მათგანი ემსახურება ერთ პრინციპს – გაიღოს, გაატაროს სისხლი და სისხლს რომელსაც გაატარებს, უკან არ უნდა შემობრუნდეს.   ალბათ გვსმენია რევმატიული დაავადებები, რომლებიც აზიანებენ სარქველებს, შესაძლოა, რევმატიულად იყოს დაზიანებული გადაგვარებული სარქვლოვანი აპარატი თავისი აფრებით, შეჭმული და კალცინირებული. ასევე შესაძლოა შევხვდეთ რაიმე ინფექციის შედეგად დაზიანებულ სარქველებს, პოსტტრამვულ დაზიანებებს, სახეზეა ხოლმე სარქვლოვანი სტენოზები, შევიწროებები, შესაბამისად სისხლი ვერ გადის სათანადოდ, წინააღმდეგობა ექმნება. ასევა სარქვლოვანი ნაკლოვანებები, სისხლი გადის, მაგრამ უკან ბრუნდება, ორივე ასეთ შემთხვევაში მკურნალობის მედიკამენტოზური მკურნალობა იწყება, მაგრამ თუ დაგვიანებულია დიაგნოსტორება, პაციენტი უკვე მოდის ქოშინით, უკმარისობებით, საჭიროა ქირურგიული კორექცია.

სარქვლოვანი პათოლოგიის დროს თითოეულ სარქველს თავისი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა, ყველა გულის უკმარისკობისკენ არის მიმართული, ქოშინი, ადვილად დაღლა და ა.შ. შორს წასულ ფორმებში გული დეკომპენსაციას განიცდის, იწელება გულის კამერები, გადაძაბულია, ამ დროს ხდება მზარდი პერიფერიული ვასკულარული უკმარისობები, ფეხების შეშუპება, სითხის დაგროვება პლევრის ღრუში. ფილტვებიდან წყალი ამოუღეს, ხშირად გვხვდება ეს გამოთქმა ყოფით ცხოვრებაში, რაც დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან.

რა უპირატესობა აქვს მინიინვაზიურ ჩარევებს სარქვლოვან პათოლოგიებში?

სარქვლოვან პათოლოგიებში მინი-ინვაზიურ ჩარევას დიდი უპირატესობა აქვს, თავიდანვე აღვნიშნე, რომ რეაბილიტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მინი-ინვაზია განაპირობებს, რომ გულ-მკერდის ძვლის მთლიანობა არ არის დარღვეული, ტკივილი ნაკლებია, სუნთქვითი მუსკულატურა გამოთიშული არ არის და ოპერაციის შემდეგ პაციენტი ადრე აქტიურდება, არ ჭირდება კორსეტი. პაციენტები მინი ინვაზიური მეთოდის შემდეგ თავს კარგად გრძნობენ და მეოთხე-მეხუთე დღეს ეწერებიან ბინაზე, შეუძლიათ დაუბრუნდენ  ჩვეულ ცხოვრების რიტმს, სამსახურს,დატვირთვას და ა.შ.

სუფთა ქირურგიული თვალსაზრისით, თუ რა შემთხვევებში გაკეთდება მინი-ინვაზია, ეს დამოკიდებულია დაავადებაზე, პაციენტის კონსისტენციაზე და ქირურგის მიერ არჩეულ ტაქტიკაზე.

 ხშირად ისმის კითხვა, რა განსხვავებაა მექანიკურ და ბიოლოგიურ სარქველს შორის?

ბიოლოგიური სარქველი პირდაპირ ბიოლოგიურ მასალას წარმოადგენს, მისი პლიუსი ის არის, რომ მას არ ჭირდება მუდმივად სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება.  თუმცა, მინუსი არის ის, რომ როდესაც ახალგაზრდა ასაკში ხდება მისი იმპლანტაცია,  ადრეულად იწყებს გაფუჭებას, ბიოლოგიური სარქველი ვერ ძლებს დიდი ხნით, როგორც მაგალითად მექანიკური სარქველი. თუ მექანიკური სარქველი 20-25-30-40 წელი გვინახავს, ბიოლოგიური სარქველის ხანგრძლივობა მცირეა მექანიკურთან შედარებით. თუმცა ევროპაში მოღვაწეობის პერიოდში მე მინახავს 30-35 წლის ახალგაზრდა ხალხი , რომლებიც ბიოლოგიურ სარქველს ირჩევდნენ, მათ ერჩივნათ , რომ მეორედ გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ ამ დისკომფორტს ყოფილიყვნენ მოკლებულნი. საქართველოში ესე არ არის, ვურჩევთ ჩაიდგან მექანიკური სარქველი, ორ ოპერაციას სჯობს ერთხელ გაიკეთო და ის დისკომფორტი აიცილო თავიდან . თუმცა აქ არის მეორე, თუ ახალგაზრდა ქალბატონია, სურს შვილის ყოლა ამ შემთხვევაში სჯობს ჯერ ბიოლოგიური ჩაიდგას, შვილს გააჩენს და შემდეგ უკვე გამოიცვლის და ჩაიდგავს მექანიკურ სარქველს.

როგორ მიდინარეობს პოსტოპერაციული რეაბილიტაცია

პოსტოპერაციული პერიოდი ძალიან მნიშველოვანია, რაც უფრო ადრე გააქტიურდება ორგანიზმი პოსტოპერაციულად, ყოველთვის უკეთესი შედეგები გვაქვს. დადებითი შედეგი დამოკიდებულია როგორც ორგანიზმზე, ასევე ოპერაციის წარმატებულად ჩატარებაზე, ოპერაციის შემდგომ მოვლაზე და პაციენტის  განწყობაზე. ხშირად მინახავს პაციენტი, რომელიც ოპერაციამდე არის დეპრესიული, ცუდ განწყობაზე, ასეთ დროს ვდებ ხოლმე ოპერაციას და ვეუბნები, რომ შემართებით განეწყოს, იმიტომ იკეთებს ოპერაციას, რომ კარგად გახდეს. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ნაკლებია ოპერაციის მიმდინარეობის დრო, გამოსავალი უფრო მარტივია, ქირურგი სწრაფად უნდა მუშაობდეს, ტექნიკური თვალსაზრისით სწრაფად უნდა შეასრულდეს ეს ოპერაცია, როდესაც პათოლოგიაა არ შეიძლება გული დიდხანს იყოს გაჩერებული. შუნტირების ოპერაციას გულის გაჩერება საერთოდ არ სჭირდება, მომუშავე გულზე ვმუშაობთ.

პოსტოპერაციული პაციენტი, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, დროულად უნდა გათბეს და აპარატიდან მოიხსნას, კარდიოქირურგიაში თუ არის ადეკვატური ქირურგია და ანესთეზია, 3-4 საათი აბსოლუტურად საკმარისი დროა პაციენტის აპარატიდან მოსახსნელად. თუ ადრე მოვხსნით პაციენტს, მალევე მოხდება მისი გააქტიურება, ფეხზე დაყენება, სუნთქვითი ვარჯიშების, კიდურების მასაჯების ჩატარება. მნიშვნელოვანია კვების რაციონი, უნდა იყოს თევზი, ხორცი მოხარშული. ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტი მაღალკალორიული საკვებით იკვებება, ოპერაცია არის ტრამვა, რა დროსაც იხარჯება ორგანიზმის მარაგი, სუსტდება იმუნური სისტემა, შესაბამისად უმნიშვნელოვანია ძალების აღდგენა.

რა რჩევებს მისცემთ მსმენელს?

რჩევები შემდეგია, ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს გენეტიკური ფაქტორი, დედას ან მამას თუ ჰიპერტონული  დაავადება აწუხებს, ადრეულ ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს გადატანილი, ან რაიმე სხვა გენეტიკური დაავადება აღენიშნება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და დაიწყოს გამოკვლევა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად ადეკვატური მკურნალობა ბევრად ეფექტურია. ევროპაში, აშშ-ში 35 წლის ზემოთ ყველა მამაკაცი სვამს სისხლის გამათხელებელ პრეპარატს, ასპირინს. 40-45 წლის ზემოთ კი კორონოგრაფიას გეგმიურ რეჟიმში იტარებდნენ, ახლა უკვე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არიან გადასული, რადგან ნაკლებ ინვაზიურია. გრიპის ვირუსსაც კი შეუძლია ადამიანს ავნოს, მათ შორის გულის დაავადებებიც გამოიწვიოს, გულის კუნთის ანთებები, რომელიც კარდიომიოპათიამდე მიდის და ადამიანი ცუდად ამთავრებს სიცოცხლეს. შესაბამისად სწორედ გრიპის ვირუსის დროსაც უნდა მივმართოთ ექიმს და ვიმკურნალოდ შესაბამისას. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ექიმთან გეგმიური ვიზიტის კულტურა არ გვაქვს, ხშირად მინახავს ზრდასრული 20-25 წლის ადამიანი მოდის და ერთხელაც არ აქვს გულის ექოსკოპია გაკეთებული, ეს ძალიან ცუდია, იქნებ ახალგაზრდას თანდაყოლილი დაავადება აქვს და არ ვიცით. მაგალითად მკრთალი მანკები თავდაპირველად არ ვლინდება კვლევების გარეშე, როდესაც სიმპტომები ჩნდება უკვე დაგვიანებულია მკურნალობა. ჩემი რჩევაა ელემენტარულად გავესინჯოთ ექიმს, გამოვიკვლიოთ თავი.

 და ბოლოს როგორც ვიცით 17 მაისი ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეა, რომ გვესაუბროთ ამის შესახებ და რა აქტივობებს გეგმავს კლინიკა ჯერარსი ამ დღისთვის?

ყველა ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ჩაიტაროს სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე მიიღოს კლინიკა ”ჯერარსის” სპეციალისტების კონსულტაციები კარდიო ვასკულარული მიმართულებით. იგეგმება უფასო კონულტაციები, შევქმენით უფასო პაკეტები, დავაჯგუფეთ უფასო კვლევები. ხელმისაწვდომია გულის ექოსკოპიები, კარდიოგრამები, ლაბორატორიული კვლევები თითქმის ნახევარ ფასად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები