LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ტუნინგი და რამდენად დიდია დაინტერესება ქართველ ავტომოყვარულთა შორის

გადაცემას „ავტოსერვისი“ GT performance-ის დამფუძნებელი ნოდარ სვანიძე ესტუმრა. გადაცემის მთავარი თემა ავტომობილის ტიუნინგი ანუ გაძლიერება იყო.

როდის შეიქმნა, რატომ შეიქმნა და ზოგადად როგორი ისტორია აქვს თქვენს კომპანიას?

კომპანია 2012 წელს შეიქმნა. მთავარი იდეა კი მაშინ ძალიან მარტივი იყო. მყავდა პირადი ავტომობილი და მსურდა მისი დატუნინგება. მაშინ ამ სფეროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა და ვისაც დავუკავშირდი ყველასგან უარი მივიღე. ჩემი ავტომობილის სიმძლავრის გაზრდა შეუძლებელი იყო. მაშინ Audi A4 მყავდა, 2.0 ტურბო ძრავით. არადა ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია და ვიცოდი რომ ამ ძრავს გაძლიერების კარგი საშუალება ქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. მივაგენი შესაბამის დანადგარებს და გადავწყვიტე მათი ჩამოტანა, რათა ჩემი ავტომობილის გაკეთებასთან ერთად სხვებისთვისაც შემეთავაზებინა ეს სერვისი. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.

რა დანადგარზეა საუბარი?

ძირითადად ეს არის პროგრამის ჩამწერი და ამომწერი, რომელიც ძრავის კომპიუტერში ცვლილებების შესატანადაა საჭირო. ყველა ძრავს აქვს თავისი კომპიუტერი რომელიც მართავს ტურბინის წნევას, ბენზინის და ჰაერის შეფარდებას, აალების კუთხეს და ა.შ. ამ ყველაფერის შეცვლა პროგრამითაა შესაძლებელი და ამ პროგრამის გამოსაყენებლად დანადგარია საჭირო.

როგორც გავიგე, პირველ ეტაპზე მექანიკური ჩარევა არ ხდება და ავტომობილის მონაცემებს კომპიუტერის მეშვეობით ცვლით?

ტუნინგის პირველი დონე და სიმძლავრის გაზრდა კომპიუტერით ხდება. რა თქმა უნდა, შედეგი კონკრეტულ ავტომობილზე და ძრავზეა დამოკიდებული. ზოგს უკეთესი შედეგი აქვს და ზოგზე ძალიან დაბალ სიმძლავრეს მიიღებ.

მაგალითად, ატმოსფერული ძრავის შემთხვევაში კომპიუტერული ჩარევა ბევრს არაფერს ცვლის. ტურბინიანის შემთხვევაში კი მთელი სიმძლავრის ამოღება ტურბინის წნევის გაზრდითაა შესაძლებელი.

არის თუ არა იმის საფრთხე რომ დატუნინგების შემდეგ ავტომობილს რაიმე პრობლემა წარმოექმნას, რესურსი შეუმცირდეს ან ერთჯერადი ხომ არ იქნება ეს სიმძლავრის მომატება?

სწორი ტუნინგის შემთხვევაში, თუკი ყველა პარამეტრი ისეა მოდიფიცირებული რომ არ იცვლება ტემპერატურული რეჟიმი და სხვა მახასიათებლები, ავტომობილის გამოყენება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.

თავიდან ყველაფერი საკუთარი ავტომობილის გასაუმჯობესებლად დაიწყე, შემდეგ კი ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მიეცა. საინტერესოა, თუ რამდენად არის მოთხოვნა? ბევრია ისეთი ავტომოყვარულია, ვისაც თავისი ავტომობილის მონაცემები არ აკმაყოფილებს?

ბაზარი ძალიან დიდი არ არის, თუმცა არიან ადამიანები ვინც დაინტერესებულია რომ ავტომობილის სიმძლავრე გაზარდოს. ყველაფერი პროგრამული ჩარევით იწყება ხოლმე და მერე შეჩერება რთულია. თითქოს იწამლები, მეტი და მეტი გინდა. ეს დაუსრულებელი პროცესია.

როცა ნამდვილი ავტომანიაკი ხარ ეს დამოკიდებულება  გასაკვირიც არ არის. ყოველთვის გინდა რომ შენს ავტომობილს რაღაც გაუუმჯობესო.

ტუნინგი კი როგორც ვიცი, რამდენიმე ეტაპად იყოფა…

ტუნინგის დაყოფა პირობითია და პირველი, მეორე თუ მესამე დონის ტუნინგს გულისხმობს. პირველი მათგანი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ძრავის კომპიუტერზე პროგრამის შეცვლა. მეორე დონე უკვე მექანიკურ ჩარევას და მარტივ მოდიფიკაციებს გულისხმობს. რაც შეეხება მესამე დონეს, ამ დროს იცვლება ან ტურბო, ან კომპრესორი. თუკი ატმოსფერული ძრავია, შეიძლება დავაყენოთ ტურბინა და კომპრესორი.  ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ასევე ბევრად მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

უმაღლესი ტუნინგის გავლის შემდეგ ავტომობილი ძალიან ძლიერდება და ქუჩაში გადაადგილებაც რთული ხდება…

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მსგავსი გაძლიერების შემდეგაც ავტომობილის ჩვეულებრივი მოხმარება განვაგრძოთ.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რა დანადგარები თუ აპარატურა გვჭირდება და რას ვაკეთებთ?

პირველ რიგში ეს შეეხება ნაწილებს, როცა მათ ვცვლით ახალი ნაწილები უცხოეთიდან ჩამოგვაქვს ხოლმე. ჩვენი მომწოდებლები და პარტნორები გვყავს. ნაწილების დაყენების შემდეგ ყველაფერს პროგრამული მორგება ჭირდება. რა თქმა უნდა, არაქარხნულ ნაწილზე ქარხნული პროგრამა ვერ მუშაობს. და ბოლოს, აუცილებელი დანადგარია ასევე დინოსტენდი, რაც ავტომობილის სიმძლავრეს ზომავს. პროგრამულადაც ყველა პარამეტრს ვაკონტროლებთ, რათა რამე პრობლემა არ შეიქმნას.

როგორია თქვენი მუშაობის პროცესი, ანუ ამოწმებთ ავტომობილს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებთ პროგრამულ ჩარევას?

თავიდან უბრალოდ ვამოწმებთ მანქანას, ვადგენთ თუ რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ უკვე ვწყვეტთ როგორ გავაუმჯობესოთ ეს შედეგი. გვჭირდება თუ არა რამე ნაწილები და ა.შ.

საქართველოში ალბათ ყოველი მეორე ავტომფლობელი ოცნებობს, რომ ცხენის ძალები გაზარდოს. თქვენს კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი ტიპის ტუნიგნი გაგიკეთებიათ და საყვარელი ტუნინგ მანქანებიც გყავთ ალბათ…

დღეს საქართველოში ნომერ პირველი 335 BMW. შედარებით დაბალ ფასიანი ავტომობილია და უფრო ხელმისაწვდომია. მისი ტუნინგიც არ ჯდება ძვირი და საკმაოდ კარგი შედეგის დადებაც შეიძლება. რაც შეეხება Mercedes-ს – 5.5 კომპრესორები, E კლასი თუ CLC კლასი –  ამ ძრავების ტუნინგი ალბათ ყველამ იცის.

ბევრი ცხენის ძალა კარგია, თუმცა სამუხრუჭე სისტემა თუ გაუძლებს ბევრ ცხენს?

სამუხრუჭე სისტემის გაძლიერება  მხოლოდ რამდენიმე ავტომობილზე მოგვიწია. ეს ხომ დამატებითი ხარჯია და ამის გაკეთება თითქმის არავის არ სურს ხოლმე. მთავარია მანქანამ იაროს და სხვა რაღაცეები უბრალოდ აღარ აინტერესებთ.  რაც, რა თქმა უნდა, ქალაქში სიარულის დროს ძალიან საშიშია.

უსაფრთხოებასთან ერთად გამონაბოლქვის სისტემაზეც ბევრი სამუშაოა. ასეთ ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლა ძალიან გაუჭირდებათ.

ბევრი პროექტი გაგიკეთებიათ და რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?

საქართველოში დღესდღეობით ყველაზე მძლავრი ავტომობილი არის Nissan GTR, რომელიც დაახლოებით 1400 ცხენის ძალაზეა ასული. აჩქარების გაზომვა რთულია, რადგან მოჭიდების პრობლემაა. თუმცა, ტუნინგში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია 100-დან 200-მდე აჩქარება და ამ მაჩვენებელს ავტომობილი 3,6 წამში ავითარებს. თუკი ამ მონაცემებს მსოფლიო მასშტაბით განვიხილავთ, ჩვენი შედეგი მე-14 ადგილზეა. რაც ქართული რეალობისთვის ძალიან კარგი შედეგია.

თუ გქონიათ უცხოეთიდან საინტერესო შეკვეთები?

კი, გვქონია შეკვეთები ამიერიკავკასიიდან, თუმცა ბევრი არა. გავაკეთეთ რამდენიმე ავტომობილი, რომლებმაც ძალიან კარგი შედეგები დადეს.

შეუძლია თუ არა ნებისმიერ ავტომოყვარულს რომ თქვენთან მონაცემების შესამოწმებლად მოვიდეს?

რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და თავისი მანქანის ცხენის ძალები გაზომოს. დინოსტენდზე შემოწმების საფასური არის 60 ლარი. ამ პროცედურის დროს იმასაც გაიგებს, აქვს თუ არა ავტომობილს რაიმე პრობლემა და როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის ჩავარდნა. მოკლედ, ყველასთვის გახსნილები ვართ და ჩვენი სტენდი სხვა კომპანიებისთვისაც ღია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ აპირებთ განვითარებას და ასევე, საინტერესოა, თქვენი რეკვიზიტები, სად უნდა მოგძებნონ ავტომოყვარულებმა?

სამომავლო გეგმები ალბათ ისაა, რომ საქართველოში ჩვენი ცნობადობა გაიზარდოს და ტუნინგით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს. ასევე გვინდა რომ გავიდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. შეჯიბრებებზე გვინდა რომ უკეთესი შედეგები გვქონდეს და უცხოურ შეჯიბრებებზეც გამოვიყვანოთ ჩვენი ავტომობილები.

ჩვენი კომპანია  და ჩვენი დინოსტენდი არის ბელიაშვილის 63 ნომერში, ჩვენი ნამუშევრების ნახვა კი ოფიციალურ საიტზე და Facebook გვერდზეა შესაძლებელი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მოგვწეროთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი