LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პრაქტიკაში თითქმის არ მახსენდება ვირუსის გართულება არაჭარბწონიან პაციენტებთან, რომელსაც არ ჰქონდა ქრონიკული დაავადებები” – ეკა ჩაკვეტაძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

3
eka-chakvetadze

გამოიყენება თუ არა კოვიდის სამკურნალოდ საფრანგეთში ,,რემდესივირი” და რა განაპირობებს გართულებებს იმ ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,ფორტუნას” გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ინფექციონისტი ეკა ჩაკვეტაძე ესაუბრა…

– ქალბატონო ეკა, ვიცით რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. არ შემიძლია არ გკითხოთ პრეპარატ “რემდესივირთან” დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქართველი ექიმების ნაწილი ამბობს, რომ მტკიცებითი მედიცინით ამ პრეპარატის ეფექტურობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ არ დასტურდება და ამიტომ ის არ უნდა იყოს გამოყენებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, მეორე ნაწილი კი პირიქით თვლის, რომ “რემდესივირს” აქვს ეფექტი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მან “რემდესივირი” საკუთარ თავზე გამოსცადა და მეორე დღესვე თავი უკეთ იგრძნო. საფრანგეთში რას ფიქრობენ ამ პრეპარატზე?

ეკა ჩაკვეტაძე: “რემდესივირის” მიმართ ძალიან დიდი მოლოდინები არსებობდა და ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ის არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ, თუმცა გარკვეული ეფექტი მაინც აჩვენა, თუნდაც საავადმყოფოში გატარებული დღეების რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. პირადად მე ამ პრეპარატს არ ვიყენებ, თუმცა ვიცი, რომ პარიზის რამდენიმე წამყვანი კლინიკა, მათ შორის “სენ ლუის” კლინიკა ამ პრეპარატს იყენებს. ზოგადად იმის შესახებ, თუ რომელი პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული, გადაწყვეტილებას ეროვნული სამეცნიერო საბჭო იღებს, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს და მის მიერ რეკომენდებულ პრეპარატებს შორის ამ ეტაპზე “რემდესივირი” არ არის, თუმცა ის არც აკრძალულია და როგორც გითხარით, იყენებენ კიდეც. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში მსგავს გადაწვეტილებას უნდა იღებდეს ეროვნული სამეცნიერო საბჭო, რომელშიც ყველა სფეროს სპეციალისტები უნდა შედიოდნენ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე რეანიმატოლოგები, ინფექციონისტები, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები და ა.შ.

– სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი დღიურად 30-სცდება ხოლმე. გარდაცვლილებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ ჰქონიათ. რას გვეტყვით ამის შესახებ, რატომ შეიძლება გართულდეს კოვიდი, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები არ აქვს?

ეკა ჩაკვეტაძე: ამაში როლს ასრულებს ასაკიც და ისიც, რომ როგორც იცით, კორონავირუსი მამაკაცებისათვის უფრო სახიფათოა. გარდა ამისა დიდ როლს ასრულებს ჭარბი წონაც. მე პირადად მყოლია 40 წლამდე პაციენტები, რომლებსაც ვირუსთან გამკლავება ძალიან გაუჭირდათ სწორედ წონის გამო. შესაზლოა სახეზე იყოს გარკვეული გენეტიკური განსხვავებებიც, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ნაკლებად მდგრადს ხდის. იყო საუბარი და კვლევები სისხლის ჯგუფებზეც… მედიცინა არ არის 100%-იანი დარგი, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამე, მაგრამ მე პრაქტიკაში თითქმის არ მახსენდება ვირუსის გართულება არაჭარბწონიან პაციენტთან, რომელსაც არ ჰქონდა ქრონიკული დაავადებები.

– ლევან რატიანმა კორონავირუსი სახადს შეადარა და არნიშნა, რომ ის უნდა მოვიხადოთ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

ეკა ჩაკვეტაძე: სახადს ძველად ეძახდნენ დაავადებას, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობდა არც წამალი და არც ვაქცინა. მაგალითად შავი ჭირი, ქოლერა იყო სახადი. თუმცა საბედნიეროდ, დღესდღეობით უკვე გვაქვს ვაქცინა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ და გარკვეულ არსენალსაც ვფლობთ, ასე რომ იმედს ვიტოვებ, რომ კორონავირუსი საბოლოოდ  სახადი არ გამოდგება.

 

– სწორედ ვაქცინასთან დაკავშირებით დაგსივამთ შემდეგ შეკითხვას. რამდნეიმე ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, თუმცა ბექა ბახტაძემ “ფეისბუკის” საშუალებით გვამცნო, რომ FDA არ გასცემს “ფაიზერის” ვაქცინით აცრის რეკომენდაციას 16 წლამდე მოზარდების, ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისათვის. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ გარკვეულწილად ვაქცინის უსაფრთხოებაა ეჭვქვეშ?

ეკა ჩაკვეტაძე: სიტუაცია ასეთია – ყველა ქვეყნის სამეცნიერო საბჭო ამბობს, რომ ისინი ჯერჯერობით ვერაფერს იტყვიან, რადგან არ აქვთ “ფაიზერის” კვლევების მონაცემები თუნდაც ეფექტურობის ან ტოლერანტულობის კუთხით. საფრანგეთის წამყვანი სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ისინი ჯერჯერობით ვერაფერს იტყვიან, რადგან “ფაიზერის” მასალა არ მიუღიათ. საფრანგეთში ამ საკითხს ხვალ განიხილავენ, რადგან ინტერნეტში გამხდარა ხელმისაწვდომი ეს მასალები. ევროკომისიის სამეცნიერო საბჭოსაც ჯერ თავისი აზრი არ გამოუთქვამს.

რაც შეეხება ბავშვების და ორსული ქალების აცრას, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გამოჩნდება ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. ისედაც, ვაქცინაცია იწყება რისკ-ჯგუფებიდან და საბედნიეროდ, კოვიდის რისკ-ჯგუფს არც ორსულები და არც ბავშვები არ წარმოადგენენ. ამიტომ ამ კუთხით ასეთი მიდგომა შეიძლება გამართლებულიც კი იყოს.

დიახ, მაგრამ ხომ არიან ბავშვები, რომლებიც რისკ-ჯგუფში არიან, რადგან თანხმლები დაავადებები აქვთ?

ეკა ჩაკვეტაძე: დიახ, ეს ძალიან რთული კითხვაა და ამ წუთას მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ასე ვერავინ აიღებს თავის თავზე აცრის გაკეთებას, როდესაც რეკომენდაცია არ არის. თუმცა მეორეს მხრივ, რისკ-ჯგუფებიდან აცრა იმიტომ იწყება, რომ იქ ლეტალობა მაღალია და სხვა გზა არ არის. მაგალითად 80 წლის ზემოთ ასაკში ინფიცირების შემთხვევაში ლეტალობა 60%-ია.

რა შეგიძლიათ გვირჩიოთ ძალიან წარმატებულმა ექიმმა ძალიან წარმატებული კოვიდთან მებრძოლი ქვეყნიდან?

ეკა ჩაკვეტაძე: ერთადერთი, რაც ვიცით 100%-ით და რაც დამტკიცდა ეს არის ის, რომ ნიღაბი და სოციალური დისტანცია მუშაობს. ლოკდაუნის შემოღებამდე ერთი თვით ადრე საფრანგეთში დღეში 50 000 შემთხვევა იყო, დღეს კი, ლოკდაუნის დაწყებიდან 40 დღეში დღიური შემთხვევების რაოდენობა არის 7000. ინფიცირებულთა უმეტესობა ინფიცირდება თავშეყრის ადგილას. ამიტომაც დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად ძალიან ეფექტურია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები