LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზიანი სასმელი ბავშვებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება – ელენე ხარაშვილი კარიესის მიზეზებზე

25
elenekharashvili19

გადაცემის ლაივი LIVE

რა როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი ჯანსაღი კბილების ფორმირების პროცესში, რას გულისხმობს კბილების მოვლა ადრეული ასაკიდან, რა როლი აქვს ამაში საკვებს, რომელი ტკბილეულია ყველაზე მავნე ბავშვებისთვის და რა ძირითადი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვებისთვის ჯანასღი კბილების შესანარჩუნებლად – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სტომატოლოგმა და ორთოდონტმა, ელენე ხარაშვილმა იუსაბრა.

ელენე, დავიწყოთ გენეტიკით, რა როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი ჯანსაღი კბილების ფორმირების პროცესში?

გენეტიკა არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული პაციენტების მომართვიანობაში. მარტივია ვთქვათ, რომ ჩვენს მშობელს, დედას თუ მამას ზუსტად იგივე მდგომარეობა ჰქონდათ. გენეტიკურად გადადის მხოლოდ კბილის ფორმა და არა კარიესი. კბილებს აქვს ეგრეთ წოდებული რელიეფი, ფისურები. შეიძლება ეს ფორმაც იყოს გენეტიკური და ზუსტად ეს იწვევდეს კარიესის გამომწვევ ფაქტორთა მიზეზებს. კარიესი ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კბილები ამოდის პირის ღრუში, შესაბამისად შეუძლებელია მსგავსი ინფექციური დაავადება გენეტიკურად იყოს გადამდები. აქედან გამომდინარე გენეტიკურად არა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ჩვენი კარიესული მიკროფლორით დავაზიანოთ ჩვენი პატარა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჯანსაღი პირის ღრუ პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ბავშვის ჯანსაღ პირის ღრუსთან. იმიტომ, რომ ის მიკროფლორა, რომელიც კარიესულია და ვთქვათ კონკრეტულ მშობელს გააჩნია, შეიძლება პირადი ნივთებით გადავდოთ.

რას გულისხმობს კბილების მოვლა ადრეული ასაკიდან და რა როლი აქვს ამაში საკვებს?

საქმე არის ჩვენში, მშობლებში. მშობლის ჩართულობა იგულისხმება ბავშვის დაბადებიდან, როგორც ვარჩევთ პედიატრს, ასევე ხდება სტომატოლოგის შერჩევა. სტომატოლოგი აუცილებლად გირჩევთ, თუ როგორი კვების რეჟიმი უნდა გქონდეთ, როგორი  უნდა იყოს ჰიგიენის პროცედურები, მაშინაც კი, როდესაც კბილი არ აქვს თქვენს პატარას. როგორ დავიცვათ ის იმ ნახშირწყლების ჭარბი მოხმარებისგან, რომელიც არის კარიესის გამომწვევი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გენეტიკურად ეს არ გადადის, გენეტიკურად მხოლოდ ის ფორმა გადადის, რომელიც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მშობელს ჰქონოდა. ეს არის ინფექცია, რომელიც კონკრეტული სტრეპტოკოკი იწვევს და შესაბამისად ამ ბაქტერიების გამრავლება ხდება ნახშირწყლების პროვოცირებით. ახლა საკმაოდ ხშირია მავნე ჩვევა – პირით სუნთქვა. პირის სუნთქვის დროს პირის ღრუში არის უფრო მეტი სიმშრალე, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში. შესაბამისად ბაქტერიებისთვის ბევრად ადვილია ამ ფლორაში გამრავლება. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მშობელს, ბავშვსა და სტომატოლოგს შორის. კბილები ამოჭრიდან ორი წლის მანძილზე განიცდიან მინერალიზაციას. ალბათ შეხვედრილხართ, რომ ერთი და იგივე რაოდენობით მოიხმარენ მშობლებიც და ბავშვებიც ნახშირწყლების შემცველ პროდუქტს, მაგრაბ ბავშვს უფუჭდება და რატომ? იმიტომ, რომ მისი კბილები არის დაბალ მინერალიზებული და მარტივად  შემავალია ყველა პრობლემასთან მიმართებაში.

მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში ორსულის ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი კვების რეციონი. რაც შეიძლება პატარა ბავშვისთვის უნდა შეირჩეს კონკრეტულად ბავშვთა სტომატოლოგი, მას კონკრეტულად გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციფიკა ბავშვთან მუშაობის, მიდგომის და იმ პროდუქტების ისე შეთავაზება, რომ ეს არ იყოს ბავშვისთვის ტრამვული. ჩვენთვის დამახასიათებელია დენტოფობია, ეს მოდის ბავშვთა ასაკიდან. ჩვენს კლინიკაში კონკრეტულად ცალკე შექმნილია გასართობი ოთახი, კომუნიკაციის ოთახი, სადაც ვუადვილებთ ადაპტაციას. ჩვილობიდან მოყავთ ბავშვები და მოყავთ იმისთვის, რომ უბრალოდ გავიაროთ კონსულტაცია. ისინი ჩვენგან იგებენ, რომ პირველი კბილის ამოჭრიდან იწყება კბილებზე ზრუნვა. ყველა კბილს აქვს კონკრეტული ფუნქცია და კონკრეტული დავალება პირის ღრუში. შესაბამისად ჩვენთან ერთად ივსება ყბების რკალი კბილებით და ჩვენ ვზრუნავთ მასზე. არსებობს დენტალური ხელსახოცები, თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები და კონკრეტული ჯაგრისები, რომელიც ირჩევა. ასევე მნიშვნელოვანია კვების რაციონი, რომელსაც სტომატოლოგი ურჩევს პაციენტს, ამ შემთხვევაში პაციენტის მშობელს. რაციონთან ერთად მინდა აღვნიშნო პირის ღრუს ჰიგიენის მოვლის მარტივი წესები. მშობლის ჩართულობა არის 7 წლამდე აუცილებელი , შეუძლებელია ბავშვს, რომელსაც არ აქვს მანუალური ხატვის და წერის ჩვევები,მან სრულფასოვნად შეასრულოს ეს პროცედურა. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი წვლილი გვაქვს ჩვენ მშობლებს, იმისათვის რომ  ბავშვების კბილები იყოს ჯანსაღი.

ჩვენ უხსოვარი დროიდან ვიცით, რომ კბილების პირველი მტერი ტკბილეულია, შეიძლება გავიგოთ, რომელი ტკბილეულია ყველაზე მავნე ბავშვებისთვის?

მინდა გამოვყო კონკრეტული ტკბილეული, ეს არის შოკოლადი, საწუწნი კანფეტი და ჟელეს შემცველი კანფეტები, ასევე წვენები, რომელიც არის დამტკბარი და ასევე ხაჭოს შემცვლელი შოკოლადით დაფარული ტკბილეულები. შოკოლადი ერთადერთია, რომელსაც არ აქვს იმდენად მიწებების უნარი კბილზე და მას ნერწყვი ბევრად მალე ჩამორეცხავს. რაც შეეხება ტკბილს , ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მათი რაოდენობა. რაოდენობაში ვგულისხმობ იმას, რომ  თუ აუცილებელია მივცეთ ტკბილეული რაციონში ბავშვს,  სჯობს დავამთხვიოთ ძირითად კვებას. ამის შემდეგ მათი დამუშავება ნერწყვისთვის ბევრად მარტივია, ანუ თუ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ულუფა შოკოლადის, ჯობია ეს ბავშვს მივცეთ ერთჯერადად. იმიტომ, რომ ნერწყვისთვის ბევრად მარტივი დასამუშავებელია, ვიდრე ულუფებად მისი მიწოდება. ასევე არის ორცხობილები, რომელსაც ბავშვს წახემსების მიზნით ვაძლევთ, შესაბამისად აქედან მოდის ნაადრევი კარიესი.

ჩვენ ბავშვებს ვანებივრებთ ყველა პროდუქტით, რომელიც კბილებისთვის საზიანოა. შესაბამისად თუ ამას დაემთხვა პირით სუნთქვა და არასრულფასოვანი ჰიგიენა, დაბალ მინერალიზებული კბილი ვეღარ უძლებს ამდენ დატვირთვას. ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია, რომ მივცეთ ერთ ულუფად და არ იყოს მათი რაოდენობა ძალიან დიდი.  ნუ იქნება საწუწნი კანფეტები ასეთი ჭარბი რაოდენობით, ის არასდროს არ ნეიტრალდება ნერწყვით. მიეცით ბავშვებს წყალი, თუ ვართ ისეთ ადგილას, რომ კბილის გამოხეხვა არ შეგვიძლია .

მართალია თუ არა, რომ ჩვილებისთვის განკუთვნილი ჩაი ფერს უცვლის კბილებს და აფუჭებს მათ?

რა თქმა უნდა აფუჭებს. ჩაის  ვაძლევთ ბავშვებს, ალბათ იმ დროს, როდესაც გვინდა ჩავანაცვლოდ ძირითადი საკვები. ეს ნიშნავს, რომ კბილის ღრუში მუდმივად მუშაობს ნახშირწყლები, რომელიც ახალ ამოსულ კბილებზე იღებს შეტევას. აქედან გამომდინარე თუ ჩაის მიცემა გინდათ, თუნდაც გვირილის ჩაის და წერია ანოტაციაში რომ შეიცავს ქსილიდს, რა თქმა უნდა  თავისუფლად შეუძლია მშობელს მისცეს. მაგრამ თუ ეს ნახშირწყლებით შემცველი ჩაია, შეგვიძლია გადავიდეთ მისი ჭიქით მიცემაზე, მაწოვარათი ბავშვებს უფუჭდებათ ზედა ყბის თითქმის ყველა საჭრელი კბილი.

თუ ყოველ ჯერზე, ტკბილეულის მიღების შემდეგ მოხდება კბილების გამოხეხვა, მაინც მოახდენს თუ არა ის ცუდ ეფექტს?

ამით თქვენ ძალიან დაეხმარებით ბავშვს. ჩვენი პრობლემა იცით რაშია, თუ ჩვენ ვაჩვევთ მათ ხელების დაბანას, პირად ჰიგიენას, იგივეა კბილების გამოხეხვა.

როგორ მოქმედებს კბილებზე ნაყინი და გაზიანი სასმელები?

ნაყინი საკმაოდ მალე ნეიტრალდება ნერწყვით და რაც მთავარია შეუძლებელია ნაყინის ჭარბი რაოდენობით მიღება. შეუძლებელია, რომ სამ ნაყინზე მეტი მივიღოთ ერთდროულად, შესაბამისად ნაყინში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობის დიდი დაგროვება ვერ ხდება იმ დოზით, რომ მოხდეს კბილებზე უარყოფითი გავლენა. რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ეს არის ყველაზე დიდი მტერი არა მხოლოდ ბავშვთა ასაკისთვის. ის ძალიან მკვეთრად ჯდება კბილებში და აზიანებს. გაზიანი სასმელის ხშირი მოხმარება იწვევს დამახასიათებელი კარიესის წარმოქმნას. მისი მიღება კატეგორიულად არ შეილება პატარა ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ასაკი არის 1-დან 5-წლამდე.

შეიძლება თუ არა კბილის ტკივილის დროს ბავშვისთვის გამაყუჩებლის მიცემა?

ბავშვის კბილის ანატომია ზუსტად იგივეა როგორიც დიდის. ოღონდ ცოტათი პატარაა ზომაში, ის შეიცავს ფესვებსაც, გვირგვინსაც და შიგნით არის ნერვი. შესაბამისად ტკივილი ზუსტად იგივეა, როგორიც უფროსებში. ერთადერთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია მწვავე ტკივილის ქრონიკულში გადასვლა. ამ კბილს აქვს ნერვი და სწორედ ამიტომ ტკივათ. მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან მიყვანამდე ბავშვს აუცილებლად დავალევინოთ გამაყუჩებელი, იმაზე რაზეც ვიცით რომ არ აქვს ალერგია. როდესაც მწვავე ტკივილი გადადის ქრონიკულში, ქრონიკული გადადის ჩირქოვანში. როდესაც უკვე ბავშვის ყბა გასიებულია და ლორწოვანიც და რბილი ქსოვილებიც ჩართულია, ამ დროს უკვე ძალიან რთულია დავეხმაროთ პატარას.

როგორ მოქმედებს კბილების სწორად ფორმირებაზე მაწოვარა?

მე მესმის, რომ ძალიან კომფორტულია ეს მშობლებისთვის, მაგრამ მაწოვარას ხანგრძლივი გამოყენება, წელიწადი და სამი თვის შემდეგ, იწვევს თანკბილვის პრობლემას. მაწოვარას გამოყენებისას როდესაც ბავშვი წოვს, ზედა კბილები ცოტათი ზემოთ იწევს. შესაბამისად სასაც მაწოვარას მსგავსად ფორმირდება და ბავშვს უვითარდება ღია თანკბილვა. თუ ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც მოიხმარს მაწოვარას, მუდმივი კბილების ჩანასახები გადაადგილდება. მაწოვარას მოშორების შემდეგ ეს პრობლემა არ რეგულირდება, ღია თანკბილვა იწვევს დიქციის პრობლემას  და გვიწევს ორთოდონტიული აპარატებით მკურნალობა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ბოლო სტატისტიკით ძუძუთი კვება წელიწადი და სამი თვის შემდეგ არ არის რეკომენდებული, წოვის რეფლექსის და დედის რძის ნახშირწყლებით დატვირთულობის გამო.

აქვს თუა არ მნიშვნელობა იმას, როგორ ფორმირდება და ყალიბდება სარძევე კბილები, როდესაც ისინი მაინც მოსაცვლელია?

საკმაოდ გაიზარდა ქართველი მშობლების ცნობიერება. კბილები რომლებიც 6-8 თვის ასაკიდან იწყებს ამოსვლას, მათი მუდმივი კბილებით ჩანაცვლება 13-15 წლის ასაკამდე გრძელდება. ყბებში ყველა კბილს აქვს თავისი ფუნქცია, ისინი მონაწილეობენ ყბების განვითარებაში, ღეჭვის ფუნქციის ჩამოყალიბებაში, რადგან საკვების მექანიკური გადამუშავება კბილებით ხდება და არასრულფასოვნად გადამუშავებული საკვები კი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს. ბავშვს ეწყება ყლაპვის, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ეს ინფექცია ზედა სასუნთქ გზებსაც აზიანებს. ასევე თუ ვკარგავთ რომელიმე კბილს, მის ადგილას გადანაცვლება ხდება მეზობელი სარძევე კბილების, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივი კბილისთვის ადგილი იკარგება. ხშირად ვიყენებთ ორთოდონტიულ აპარატს, რომელიც სივრცეს ინარჩუნებს. ასევე კბილები, რომლებიც თერაპიულ აღდგენას არ ემორჩილებიან, მათ ნაცვლად კეთდება მეტალის და ცირკონის გვირგვინები და ეს კბილი შემდეგ ამ გვირგვინიანად იცვლება, მანამდე კი ეს მეტალის ან ცირკონის გვირგვინები სრულფასოვნად ფუნქციონირებენ და ასევე ინარჩუნებენ ყბების სიმაღლეს. სარძევე კბილი აუცილებელი, მნიშვნელოვანი და საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების თვითშეფასებისთვისაც. ბავშვები, რომლებსაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი ღიმილი, მათი თვითშეფასება ძალიან დაბალია. ხშირად გაგვიკეთებია ცირკონის გვირგვინები ღიმილის გამოსასწორებლად და მათ აი ასე უნებლიეთ უთქვამთ, რომ ამის შემდეგ ზეიმზე აუცილებლად გაიღიმებენ.  მშობელს შეიძლება არც ცოდნოდათ, რომ ბავშვი ასე განიცდის, საუბარია 4-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებზე.  რაც შეეხება ჯანმრთელ პირის ღრუს, 6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა აუცილებელია ბავშვისთვის, აქვე მნიშვნელოვანია მე-6 კბილი, რომელიც ამოდის სარძევეების უკან და ხშირად გონიათ, რომ ეს კბილიც არის სარძევე რაც შეცდომაა, მუდმივი მე-6 კბილი ყველაზე მნიშვნელოვანი კბილია, რომელიც დაახლოებით 6-8 წლის ასაკში ამოეჭრება ბავშვს და ამათი დაცვაც ხდება კონკრეტული მანიპულაციით, რაც კბილებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს. თუ ბავშვობაში სწორად ვმართავთ პატარას პირის ღრუს, ეს უდიდესი ფინანსური ინვესტიციაა სამომავლოდ.

რა ძირითადი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვებისთვის ჯანასღი კბილების შესანარჩუნებლად?

არსებობს სამი ოქროს წესი, ბავშვს დაბადებისთანავე შეურჩიონ ბავშვთა სტომატოლოგი, დაგეგმონ 6 თვეში ერთხელ რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან პრევენციის მიზნით, დაიცვან ჰიგიენა, დღეში ორჯერ, დილა საღამოს, ორი წუთის განვმავლობაში გამოიხეხონ კბილები, ჯანსაღი კვება, სწორედ გაწერილი რაციონი, ნაკლები წახემსებები, მეტი ხილი და ნაკლები კამფეტი, ეს არის აუცილებელი რეკომენდაციები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები