LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი კმაყოფილია, ზოგს არ უნდოდა: რას ამბობენ ჩვენი შესაძლო მეტოქეები

79
GettyImages-1185619029

ბუქარესტში ევრო 2020-ის წილისყრა გაიმართა და ჯგუფებიც დაკომპლექტდა. ცუდი და უინტერესო ჯგუფი წარმოუდგენელია დასკვნით ეტაპზე იყოს, მაგრამ ერთი ისეთია, ყველა ცოდვაა – გერმანია, საფრანგეთი და მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია ერთად მოხვდნენ. თუმცა არის იმის შანსი, რომ სამივე მაინც გაძვრეს ჯგუფიდან. თან იმის ალბათობაც არსებობს, სწორედ აქ მოხვდეს საქართველოს ნაკრები. ისე კი პირველი ვარიანტით ჩვენ ჯგუფში ვართ ნიდერლანდებთან და უკვე ნათამაშებ უკრაინა-ავსტრიასთან. რას ამბობენ ჩვენი პოტენციური მეტოქეების მწვრთნელები და არა მარტო ისინი.

რონალდ კუმანი (ნიდერლანდები):
“მთლიანობაში წილისყრით კმაყოფილი ვარ. წინასწარ ვიცოდით, რომ უკრაინასთან ერთად ვიქნებოდით. ჰოლანდიას არ შეხვდა პორტუგალია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო რთულ ჯგუფს ჩამოაყალიბებდა. შეგვხვდა ავსტრია, რომელსაც აქამდე არ შევხვედრილვართ. ბოლო გუნდს კი დაველოდებით, ის შესაძლოა რუმინეთი იყოს ან სხვა რომელი ოთხი გუნდიდან. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ“.

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა):
“ჯგუფში იოლი გუნდები არ გვეყოლება და ეს გათვითცნობიერებული გვაქვს. ჰოლანდიასთან პირველივე მატჩი რთული იქნება. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ. ჰოლანდიასთან გასვლაზე გვიწევს თამაში, ასე რომ რთული იქნება. ავსტრია ასევე რთული მეტოქე იქნება და ვნახოთ მეოთხე გუნდი ვინ იქნება ჯგუფში. უკრაინას ჯგუფიდან გასვლის დიდებული შანსი აქვს, მთავარი ტრავმები არ გვქონდეს.

ფრანკო ფოდა (ავსტრია):
“საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ჰოლანდია ფავორიტი იქნება და ასევე უკრაინა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიასთან და სერბეთთან თამაში არ წააგო. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ კი მერვედფინალში გასვლას შევეცდებით”.

 

ან ჰოლანდია ან სიკვდილი: ყველაფერი, როდესაც საქართველო ევროპაზე მოხვდება

 

 

იოახიმ ლიოვი (გერმანია):
“სიკვდილის ჯგუში მოვხვდით. მიუნხენში ჩასატარებელი თამაშები ზეიმი იქნება, გულშემატკივრების მხრიდან კი მოლოდინი დიდია. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს ნამდვილი ტესტი იქნება და ამავდროულად მოტივაციაც. მათთვის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ჯილდო იყო”.

დიდიე დეშამი (საფრანგეთი):
“ვფიქრობ, რომ ფერნანდუ სანტუში და იოახიმ ლიოვიც იმას ფიქობენ, რასაც მე. ყველაზე რთული ჯგუფია და ამ სამი ქვეყნიდან ყველას შეუძლია ტურნირის მოგება. ჩვენ ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ, პორტუგალიამ ერთა ლიგა, ხოლო გერმანიამ 2014 წლის მუნდიალზე გაიმარჯვა. ასე რომ, რთულ ჯგუფში ვართ და გერმანიას კი, როგორც მასპინძელს, უპირატესობა ექნება”.

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია):
“თეორიულად ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა. მოწინააღმდეგეები ძლიერი ნაკრებები იქნებიან, თუმცა ჩემი გუნდიც დიდებულია. თუ შემეკითხებით ვისურვებდი თუ არა გერმანიას და საფრანგეთის მოხვედრას ჩვენ ჯგუფში გეტყვით, რომ არა. გერმანიის და საფრანგეთის მწვრთნელებსაც რომ კითხოთ ისინიც გიპასუხებენ, რომ ჩვენთან მოხვედრა არ ენდომებოდათ. შევეცდებით ტურნირისთვის კარგად მოვემზადოთ და ტიტული დავიცვათ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები