LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი დგას: საცობებით სავსე ქალაქი, სადაც ვეღარ ვმოძრაობთ – რა განტვირთავს ქუჩებს

4335
OLYMPUS DIGITAL CAMERA

ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ნიუ-იორკსა და პარიზს ჰგავს, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. თბილისი მსოფლიო მეგაპოლისებს დიდი ხანია დაეწია და გაუსწრო, ოღონდ არა ეკონომიკური ზრდით და განვითარებით, არამედ მხოლოდ საცობებით.

საკმარისია ამ თემაზე, თუნდაც სოციალურ ქსელში დავიწუწუნოთ, მაშინვე გამოჩნდება ვიღაც და დაგვტუქსავს: „შენ იცი, პარიზში რა ხდება?“ და რა ხდება – თბილისში თუ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საფრანგეთის დედაქალაქში 2 მილიონზე მეტია, ამას ყოვეწლიურად 45 მილიონი ტურისტი დაუმატეთ. წესით, მარტივი მისახვედრია, რომ პარიზის მაგალითი სრულიად შეუსაბამოა და როგორც ალეკო ელისაშვილი იტყოდა, „თბილისის შედარება პარიზთან უბრალოდ უვიცობაა“. 

კოსტავა-შარტავაზე მოძრაობა პიკის საათებშიც კი არ არის პრობლემური - კალაძე საცობებზე

ველობილიკებისა და ავტობუსის ზოლების საპარკინგე ადგილად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს.

რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, მთელი თბილისის პრობლემის გადაჭრის გზებზე მასალა მოემზადებინა და კონკრეტული რჩევები ეკითხა კომპეტენტური ადამიანებისთვის – რა ეშველება თბილისს?

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე დავით მესხიშვილმა კონკრეტული გეგმა გვითხრა, რა შემთხვევაში განიტვირთება ქალაქი. ყველაზე მთავარ მიმართულებად ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მიიჩნევს.

„საერთაშორისო გამოცდილებით საცობების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მერია რომ ალაგ-ალაგ მოუწოდებს ხალხს, გააჩერეთ მანქანები, გადასხედით მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასე მოწოდებით არ ხდება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ალტერნატივა უფრო იაფი და კომფორტულია“, – აცხადებს მესხიშვილი.

მისი ინფორმაციით, დღეს

დედაქალაქს დაახლოებით 1000 ავტობუსი სჭირდება და რეალურად 600-ც არ გვაქვს.

„ახალი ავტობუსები, ფაქტობრივად, არ ემატება, უბრალოდ ხდება ჩანაცვლება, იმიტომ რომ ყვითელი ავტობუსები ვეღარ უძლებს. გამოდის, რომ ახლები რაც შემოდის, ამით რაოდენობა არ იზრდება“, – ამბობს მესხიშვილი.

 

ავტობუსებზე აკეთებს აქცენტს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატიც. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ავტობუსები ერთნაირად უნდა შეიძინონ, თუ უნდათ, რომ ქალაქი ცოტა განიტვირთოს. 

ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ეს 60-60 ავტობუსი, პორცია-პორცია რომ შემოგყავს, შე კაი ადამიანო, შემოიყვანე ერთიანად, რამდენიც გჭირდება. რა ტაქსებს ეცი, შე დალოცვილო, ჯერ ეს ჩაანაცვლე, ოღონდ პორცია-პორცია კი არა, ერთბაშად შეუკვეთე და ამაში დახარჯე ფული. საზოგადეობრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ბევრი, კომფორტული და მოხერხებული“, – განმარტავს ელისაშვილი.

ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც წლებია დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობენ და თბილისის ქუჩებს, ტრანსპორტის გადაადგილების სქემებს კარგად იცნობენ, საცობებისგან განტვირთვის სხვა გზებზეც საუბრობენ.

დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო მონიშვნების, შუქნიშნების კუთხით თბილისში სრული კატასტროფა გვაქვს.

„ძალიან ბევრგან, დედაქალაქის მასშტაბით, არასწორადაა გაკეთებული ნიშნები და მონიშვნები. არის შემთხვევები, როცა საგზაო მონიშვნა საგზაო ნიშანს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ე.წ. ზებრა გადასასვლები ავიღოთ – ვიღაცამ მოიგონა, რომ ისინი ავტობუსის გაჩერების წინ უნდა გაკეთდეს.

ეს არის კატასტროფაა.  ეს არის სკოლის მასალა, რომ არ უნდა გადავიდეთ ავტობუსის წინ“, – აცხადებს მესხიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ ხშირად ერთდროულადაა შუქნიშნები, მიწისქვეშა ან ზედა გადასასვლელები და ე.წ. ზებრა, რაც მისი თქმით, ასევე საცობებს ქმნის.

„დღემდე ვერ გავაუქმეთ, როცა ავტომობილსა და ქვეითს ერთდროულად აქვს მწვანე ნიშანი, ეს ქმნის სრულ კატასტროფას. კიდევ ერთი მაგალითი – თავისუფლების მოედნიდან ლეონიძეზე რომ შევდივართ, იქვე ზებრა გადასასვლელის გაკეთება არასწორია. თუ მაინცდამაინც აკეთებ, ცოტა შიგნით უნდა დახაზულიყო და არა გზის პირზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი არაკომპეტენტურობას უკავშირდება.

ალეკო ელისაშვილისთვის კი, ავტობუსების და საგზაო მონიშვნების გარდა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გზა მიწისქვეშა ტრანსპორტია.

„მეტროს ვაგონების შემადგენლობები არასაკმარისია. კალაძემ რამდენიმე კი დაამატა, მაგრამ კიდევ უნდა გაიზარდოს. ახლა, ტაქსების რეფორმის შემდეგ, ნახეთ როგორ მიაწყდა ხალხი მეტროს?

ძიუდოისტი უნდა იყო, მეტროში რომ შეხვიდე.

კალაძე: მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც დღეს მეტროთი მგზავრობს 


2 მილიარდია უკვე დახარჯული კალაძის მიერ ზოგადად
, ამის ნახევარი ზოგადად ტრანსპორტის განვითარებას რომ მოხმარდებოდა, ეს პრობლემა აღარ იქნებოდა.

ავიღოთ თუნდაც ბასლაინები. მერიასთან რომ გააკეთეს და მერე წყდება, ეს რა არის. ბასლაინის არსი ისაა, რომ ავტობუსს არ ჰქონდეს შეფერხება, შენ რომ ასე პორცია-პორცია გაქვს დახაზული, რა აზრი აქვს, რომ უცხოელებს აჩვენო? ველობილიკების არ იყოს. პეკინზეა და მერე პირდაპირ 26 მაისის მოედანზე უნდა გახვიდე, სხვა გზა არაა“, – აცხადებს ელისაშვილი.

ის ფიქრობს, რომ ხალხს თუ ეცოდინება, მეტროში ჩასვლა უფრო კომფორტულია, უფრო მეტი ადამიანი დატოვებს მანქანას სახლში და მეტროში გადაჯდება.

 

რადიო „ფორტუნა“ ამ თემებზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსაც დაუკავშირდა.

მამუკა მუმლაძემ გვითხრა, რომ საცობებს ორი მთავარი მიზეზი აქვს:

„კერძო ტრანსპორტის სიმრავლე და მეორე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა. ქალაქი კერძო ტრანსპორტით რომ გადაივსო, ნაწილობრივ მეორე ფაქტორის ბრალია.

მერიის გეგმაშია, ძველი ავტობუსების უმოკლეს დროში სრულად ჩანაცვლება და ავტობუსების პარკის გაზრდა“, – აცხადებს მუმლაძე.

თბილისის საცობებისგან განტვირთვის გზებზე, დედაქალაქის პრობლემებსა და მერიის გეგმებზე „ფორტუნას“ კრიტიკულ კითხვებს თავად  მამუკა მუმლაძე პასუხობს. ნახეთ ინტერვიუ

პრიორიტეტი ქვეითია: რას ფიქრობს მერია ავტობუსებზე, ბასლაინებზე, შუქნიშნებზე, გადასასვლელებზე… ფორტუნას ექსკლუზივი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები