საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის მორიგი მატჩი ქუთაისში, აია არენაზე გამართა და ბელგიის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა 78:6 (პირველი ტაიმი 33:6).

თავიდანვე ცხადი იყო, რომ აორი არათანაბარი ძალის მეტოქის დაპირისპირება დაძაბულად ვერ წარიმართებოდა. ეს მატჩამდე მწვრთნელებმაც ირიბად, მაგრამ მაინც აღიარეს.

„შავი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი გიომ აჟაკი ამბობდა, რომ მისი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან თამაშით ბევრ რამეს ისწავლიდა.

ბორჯღალოსანთა თავკაცი ლევან მაისაშვილი იმედოვნებდა, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი წინა ორ თამაშზე უკეთესი იქნებოდა და რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდებს მისცემდა.
„ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა მჯერა, რომ მათ თავდაჯერებულობა არ აკლიათ და ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთო”, – თქვა ჩვენი გუნდის თავკაცმა.

ბრწყინვალედ ითამაშა ჩვენი ნაკრების ახალწვეულმა აკაკი ტაბუცაძემ, რომელიც ოთხი ლელოს ავტორი გახდა.

ლელოს ავტორები ასევე გახდნენ: ვანო კარკაძე, სოსო მათიაშვილი, ზურა ძნელაძე (პირველ ტაიმში), გიორგი ბეგაძე, ბექა გორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ზურაბ ძნელაძე (მეორე ტაიმში).

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ბონუსით – 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.

რაგბი ევროპის შემდეგი მატჩი კი ბევრად რთული და მნიშვნელოვანია: 14 მარტს, 18:00 საათზე მესხის სტადიონზე ჩვენი ბორჯღალოსნები რუსეთს ერკინებიან და კიდევ ერთხელ ეცდებიან პრინციპული მეტოქის დამარცხებას.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები