LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი, გავუსწოროთ თვალი რეალობას: რატომ ვერ ითამაშა ქინქლაძემ და თაობამ დიდ ტურნირზე

121
rB8qZFvmC7eAOZudAACZkbg93uo117

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ქინქლაძის დარი ფეხბურთელი ჩვენ ქვეყანას არ ჰყოლია. ქინქი იყო მსოფლიო დონის ტალანტი, რომელსაც სხვა ვითარებაში და სწორი მიდგომით თავისუფლად შეეძლო დამდგარიყო პლანეტის უდიდეს ფეხბურთელებს შორის, მაგრამ მთელი რიგი პირობების გამო ასე არ მოხდა. ვისაც მოედანზე ქინქლაძე უნახავს, მას ყოველთვის დააფასებს და აღტაცებით ისაუბრებს, თუმცა ასევე ყველა ერთხმად დანანებით აღნიშნავს გაფანტულ ნიჭს და წლებს, როდესაც ქინქლაძეს გულშემატკივარი აღფრთოვანებაში უნდა მოეყვანა…

გაზეთმა “ლელომ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ქართული ფეხბურთის ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელთან გიორგი ქინქლაძესთან.

 

– სადაცაა მოვა 12 ნოემბერი, როცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა გავმართოთ. როგორია თქვენი განწყობა და მოლოდინი ამ თამაშის წინ?

– მოლოდინი დიდია. ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური! თუ გახსოვთ, ბელარუსთან შეხვედრის წინ ვლადიმერ გუცაევთან ვიყავი მიწვეული გადაცემაში. მაშინ ვთქვი, ბელარუსთან მოვიგებთ-მეთქი. ახლაც იგივე განცდა მაქვს – ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება შეგვიძლია.

– თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ, ზედმეტია…

– მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ფეხბურთელებს ბოლომდე აქვთ გათავისებული მისი დატვირთვა. შეიძლება, საკლუბო დონეზე ჩაგივარდეს ერთი ან ორი თამაში, მაგრამ ეს ისეთი მატჩია, რომ ყველამ ბოლომდე, 100 პროცენტით უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. მჯერა, ეს ასეც იქნება.

– თანამედროვე ნაკრებზე და მის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე უნდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა…

– თუნდაც ეს ბოლო სამი თამაში რომ ავიღოთ, უკვე გამოჩნდა, რომ არჩევანის საშუალება არის და ნაკრებში აშკარად გაზრდილია კონკურენცია. ეს ძალიან კარგია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი კონკურენცია ძალიან ხშირად არის ხოლმე წარმატების წინაპირობა და კლუბი იქნება თუ ნაკრები, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლთა რიგებში ყოველთვის არის ძალიან დიდი კონკურენცია. როცა მწვრთნელს აქვს არჩევანის საშუალება, ეს უკვე ძალიან კარგია.
ამაში ვაისის წვლილიც არის. მეორეა ის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი გვიკლია. ეს არის ფაქტი, ეს არის მწვრთნელის მუშაობის შედეგი და, აქედან გამომდინარე, ვაისის მუშაობას დადებითად შევაფასებდი. ზოგადად, როცა ამა თუ იმ ნაკრების სათავეში მოდის უცხოელი მწვრთნელი, მას ყოველთვის სჭირდება რაღაც დრო. შეიძლება, ვინმესთვის ორი წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ დამერწმუნეთ, როცა ნაკრების ფორმირებას ეხება საქმე, თუნდაც ორი წელი მაინცდამაინც დიდი დრო არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ – ფაქტია, ვაისმა დიდი სამუშაო ჩაატარა ნაკრებში.

– გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გკითხავთ. ამ თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ ახლა თქვენი აზრი გვაინტერესებს კონკრეტული კითხვით – შეუძლიათ მათ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ?

– ყველა ხედავს, რომ ეს ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ იშრომებენ და დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ძალიან გვინდა ყველას, რომ ეს ასე იყოს.

– უდიდესი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებთ. როგორ გგონიათ, ეს პლუსი იქნება მეტოქისთვის?

– იცით, ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში არცერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს. უნდა დამიჯეროთ, რომ ეს ასეა. ამ თამაშზე თუ მაყურებელი არ დაუშვეს, ჩვენთვისაც არ იქნება კარგი, მაგრამ მე ვფიქრობ, მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ უმაყურებლოდ თამაში. მათი ლიდერები კარგ გუნდებში თამაშობენ. დღევანდელ ვითარებაზე არ ვამბობ და ზოგადად კი, ისინი თამაშობენ კლუბები, რომლებიც არ უჩივიან მაყურებლის ნაკლებობას, მათთვის ეს იოლი მომენტი არ იქნება ნამდვილად.

– როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეგვიძლია დავამარცხოთ მეტოქე?

– მოდით, გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ იმ ორი თამაშიდან, რომლებიც მათთან უკვე ვეთამაშეთ. კითხვა დავსვათ ასე: რომელ შეხვედრაში ითამაშა უკეთესად საქართველოს ნაკრებმა? ჩემი აზრით, ეს იყო სკოპიეში გამართული მატჩი. იქ საქართველოს ნაკრებმა უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშა. მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისურ შეხვედრაში უნდა შევუტიოთ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მთელ თამაშს შეტევაში ვერ გაატარებ. ჩემი აზრით, ხანდახან კონტრშეტევებსაც უნდა მივმართოთ. მაკედონიის ნაკრები ზოგჯერ ძალიან კარგად მოდის კონტრშეტევებზე და ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ერთ თამაშში წყდება ყველაფერი და უკან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

– ისიც ფაქტია, რომ მაკედონიას რამდენიმე ძალიან ძლიერი ლეგიონერი ჰყავს…

– ჩვენ გაკვრით უკვე ვთქვით ამაზე. უბრალოდ, ეს ისეთი მატჩია, რომ მოგების გარდა სხვა რამეზე ვერ ვიფიქრებთ. თანაც, დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ საქართველოს ნაკრები ამ მატჩში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ჩვენ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა დაგვემატოს, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე… მოკლედ, დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე.

– …და ასრულდება ოცნება, რომელიც ვერ აისრულა თქვენმა თაობამ ამის გამო ძალიან დაგვწყვიტა გული. წარმომიდგენია, როგორ განიცდით ამას…

– მართლა ძალიან განვიცდით ყველა!.. მაგრამ მოდი, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვთქვათ, რომ პირობითად რომ ავიღოთ, იტალიას, ინგლისს და გერმანიას ჩვენზე ძლიერი ნაკრებები ჰყავდათ. მაშინ შესარჩევი სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გასულიყავი, რომელიმე გრანდი მაინც უნდა ჩაგეტოვებინა ჯგუფში. კარგად გახსოვთ, რამდენად ძლიერი შემადგენლობები ჰყავდათ მაშინ გრანდებს – იტალიას, გერმანიას, ინგლისს… მოგვიანებით საფრანგეთს… ჩვენ ინგლისის ნაკრებს შევხვდით და რა ფეხბურთელები თამაშობდნენ იმ დროინდელ გუნდში ხომ გახსოვთ?
მხოლოდ ვიდეოფრაგმენტებში გვინახავს ინგლისის ნაკრები, რომელიც 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ბევრი იმ შემადგენლობას იმასთან ადარებდა, ჩვენ რომ ვეთამაშეთ… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რთული იყო ძალიან…

საქართველო-ინგლისი 0:2 (1996 წ). გიორგი ქინქლაძე და დევიდ ბექჰემი

 

მაგრამ მოდით, დავივიწყოთ, რა იყო წარსულში და იმედით შევხედოთ მომავალს. ეს არის უნიკალური შანსი და უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. ამისთვის საჭიროა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად გვყავდეს, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე. ის დიდი ძალაა ნაკრებისთვის და, იმედი მაქვს, ჯანმრთელად იქნება.

– თქვენ კარგად იცით ფეხბურთელის ფსიქოლოგიის ნიუანსები. გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ტრავმები შეეჩვია. ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხომ არ იმოქმედებს?

– იცით, რა არის? გიორგის ძალიან უნდა, რომ მალე ჩადგეს მწყობრში და გამოადგეს ნაკრებს. წინა ერთა ლიგაში მან დიდი სარგებლობა მოუტანა ეროვნულ გუნდს და უნდა, რომ კიდევ გაახაროს საქართველო. არადა, მისი ტრავმა ისეთია, რომ ბოლომდე თუ არ მოშუშდა, ეპიზოდურად სულ შეახსენებს თავს. ამიტომ მოთმინებაა საჭირო. ის ჯერ პატარაა ასაკით და ეჩქარება დაბრუნება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. გიო ხასიათით ნამდვილი ფეხბურთელია, შრომისმოყვარეა… სასიამოვნოა, რომ ასეთი ფეხბურთელები გამოჩნდნენ…

– ახლა ხვიჩა კვარაცხელიაზეც გკითხავთ. ბევრი მიიჩნევს, რომ მას რომელიმე გრანდში შეუძლია თავის დამკვიდრება…

– მე ვიცი, როგორ ცხოვრობს ხვიჩა. ის ცხოვრობს “რუბინის” ბაზაზე და ფეხბურთის გარდა, საერთოდ არაფერი აინტერესებს. შრომობს სულ და სპორტსმენია სულით. ჩემი აზრით, თუ ასე გააგრძელებს, მას შეუძლია ითამაშოს რომელიმე გრანდში.

– და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რას შეცვლის ჩვენს საფეხბურთო რეალობაში?

– ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ, ზოგადად ქართული სპორტის საკეთილდღეოდ. მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი სპორტი გახდება კიდევ უფრო წარმატებული. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, უნდა მოვიგოთ!..

 

lelo.ge

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები