საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Global Carbon Project დაინტერესდა, თუ რა გავლენა იქონია COVID-19–მა ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში შემოღებული შეზღუდვების დამსახურებით მავნე გამონაბოლქვი შემცირდა და ჰაერში საშიში ნივთიერებების დონემ საშუალოდ 17%–ით იკლო. ასეთი შედეგის მიღწევა დიდწილად სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვის დამსახურებაა, რადგან CO₂ ჰაერში ძირითადად ავტომობილის გამონაბოლქვით ხვდება.

ექსპერტთა შეფასებით, პანდემიამ მსოფლიოს რიტმი მთლიანად შეცვალა. ინფექციის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა საწარმოების უმრავლესობა გააჩერა და ტრანსპორტის გადაადგილებაც მინიმუმამდე შემცირდა. აპრილის დასაწყისში მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებელი საშუალოდ 17%–ით დაეცა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ცვლილება ლამის 26% იყო.

მავნე ნივთიერებების შემცირება პირველ რიგში სახმელეთო ტრანსპორტის დამსახურებაა, მეორე ადგილს ქარხნები იკავებენ, მესამეს – ენერგეტიკული სექტორი და მეოთხე ადგილზე კი – ავიაცია გავიდა.

სტატისტიკაზე დაყრდნობით ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თუკი ყველა შეზღუდვა ივნისის შუა რიცხვებში მოიხსნება, მაშინ მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა მხოლოდ 4%–ით შემცირდება. ხოლო თუკი გარკვეული შეზღუდვები წლის ბოლომდე მაინც გასტანს – მაშინ CO₂–ის დონის ვარდნა 8% იქნება.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ელექტრომობილების პოპულარობა უფრო გაიზრდება და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას ხელს ესეც შეუწყობს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05