გასულ ზაფხულს ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბებმა ფულის ხარჯვის ახალი რეკორდი დაამყარეს. ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის კლუბებმა ჯამურად 6 მლრდ დოლარზე მეტი დახარჯეს.
ამასთან, არ შედგა რეკორდული ტრანსფერი – ნეიმარი ვერ დაბრუნდა „ბარსელონაში“, პოგბა დარჩა „მანჩესტერში“.

აი ასე გამოიყურება ექვსეული, რომლებმაც ყველაზე მეტი დახარჯეს.

 

6. არსენალი – 152 მლნ ევრო

ლონდონური კლუბის ამ სიაში გამოჩენა ცოტა გასაკვირია. ამბობდნენ, რომ ემერის სავაჭროდ მხოლოდ 40 მლნ ევრო ქონდა, მაგრამ ბოლოსკენ „მეთოფეებმა“ სამჯერ გაისროლეს: პეპე 80 მილიონად, ტირნი 27-ად და ლუიზი 9-ად იყიდეს.

 

5. მანჩესტერ იუნაიტედი – 159 მლნ ევრო

სულშერს უნდოდა ისეთების მოშორება, ვისაც არ უნდოდა თამაში და მერე ახლების მოყვანა. პირველი ნაწილი ასე თუ ისე გამოუვიდა, წავიდნენ სანჩესი, ლუკაკუ, დარმიანი, სმოლინგი.
მისვლით მხოლოდ სამი მივიდა: ჯეიმსი (სუონსი), უან ბისაკა (კრისტალ პალასი) და მაგუაირი (ლესტერი), რომელშიც მცველისთვის სარეკორდო 87 მლნ ევრო გადაიხადეს.

 

4. იუვენტუსი – 188 მლნ ევრო

იტალიის ჩემპიონმა ხუთი მოთამაშე იყიდა. ყველა – მცველი, აქედან სამი ცენტრალურია. უცნაურია, მაგრამ ლოგიკური – ბარძალი წავიდა, კიელინი და ბონუჩი ახალგაზრდები ვერ გახდებიან.
ნიჭიერი ჰოლანდიელის მატის დე ლიგტის სანაცვლოდ 85 მლნ გაიღეს.

 

3. ატლეტიკო – 243,5 მლნ ევრო

დიეგო სიმეონემ მისთვის არადამახასიათებლად აფრიალა ფულები. თუმცა კლუბმა როდრი, ერნანდესი და გრიზმანი დიდ ფულად გაყიდა და მათი ჩამნაცვლებლები იყიდა. ყველაზე მეტი „ათლეტებს“ ჟოა ფელიქსი დაუჯდათ.

 

ატლეტიკომ გრიზმანი ბარსაში გაუშვა და მის ნაცვლად ჟოაო ფელიქსი მიიყვანა რეკორდულ თანხად

 

2. ბარსელონა – 255 მლნ ევრო

ჯერ კიდევ ზამთარში ვიცოდით, რომ დე იონგი მივიდოდა „აიაქსიდან“ (75 მლნ). მას შეუერთდნენ ფირპო, ნეტუ, ემერსონი და მთავარი – ანტუან გრიზმანი. აი ნეიმარის ტრანსფერი რომ გამოსულიყო, კატალონიელებს ხარჯებში ვინ გაასწრებდა, მაგრამ…

 

1. რეალი – 305 მლნ ევრო

მადრიდში შეიძლებოდა პოგბა ჩასულიყო, მაგრამ „იუნაიტედმა“ ყველაფერზე უარი თქვა. სამაგიეროდ მივიდნენ: მილიტაო, როდრიგო, მენდი, იოვიჩი და აზარი.
„სამეფო კლუბს“ სატრანსფერო რეკორდი არ დაუმყარებია, მაგრამ რაოდენობით ყველას აჯობა.

მსგავსი თემები