დიდებული, ბრწყინვალე ამბავი და შედეგი – საქართველო ევრობასკეტს უმასპინლებს. ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მიუღია დიდი სპრორტული ღონისძიებები, მაგრამ ეს კიდევ სხვა მასშტაბია, სხვა შესაძლებლობა და შანსია, რაც უნდა გამოვიყენოთ კალათბურთის და ზოგადად სპორტის კიდევ უფრო განვითარებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია უსათუოდ დაემატება.

ევროპამ საქართველოს ნდობა გამოუცხადა და ეს ნდობა და დიდი პასუხისმგებლობა უნდა გავამართლოთ.
თუმცა ჯერ ემოციებისა და სიხარულის დროა.

ჩვენი საკითხი მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა გამოაცხადა. საქართველოს ევრობასკეტის თანამასპინძელი იქნება გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ამ ქვეყნებში თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს გერმანია უმასპინძლებს.

საქართველოს, როგორც მასპინძელს, შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მეხუთე ევროპის ჩემპიონატი.

მიუნხენში გამართულ ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.

ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა ჯერ გერმანია და ჩეხეთი თქვა და შემდეგ დაასახელა საქართველო, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს და მთლიანად საქართველოს მიულოცა:

– ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ეს ასევე მოიტანს ახალ საკალათბურთო დარბაზებს, კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს გააჩენს ქვეყანაში, სადაც საკალათბუთო ტრადიცია ძალიან ძლიერია. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

„ვბრუნდებით საქართველოში პოზიტივით. ამით საქართველო ევროპული სპორტის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვლადიმირ ბოისა:
„ასეთი დიდი ტურნირი საქართველოში ჯერ არასდროს ჩატარებულა და მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. ეს ფედერაციის დიდი შრომის შედეგია და ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეაზიდენტს მხარდაჭერისთვის“.

თორნიკე შენგელია:
„ეს საქართველოსთვის უდიდესი წარმატებაა და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის მიუნხენში ყოფნამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში“.

 

პაატა გურასპაული:
„საქართველო ზედიზედ ოთხჯერ გამოვიდა ევრობასკეტზე და საკმაოდ კარგადაც. ცოტა დაგვაკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამასთან, ყველამ ნახა, რომ საქართველო არავისთვისაა იოლი მეტოქე“.

 

მიხეილ ბატიაშვილი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი):
დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით. ეს ქართული კალათბურთისა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები