LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილს ლანჩხუთში სტადიონი არ ააშენებინეს

529
Guria-Bidzina

გასული სეზონის ბოლოს პლეი ოფის საშუალებით გადავიდა ლანჩხუთის “გურია” მისი ტრადიციებისთვის უჩვეულო, თუმც ბოლო წლებში დაჩვეულ მეორე ლიგაში, კიდევ უფრო უჩველო მესამე ლიგიდან. ამ ერთ წელიწადში 400 ათას ლარზე მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა, რითაც ვალები კი “დაიფერთხა”, თუმცა კლუბმა პლეი ოფს თავი მაინც ვერ დააღწია…

ახლა გურულები ქვედალიგელ “არაგვს” ეთამაშებიან და დუშელებთან ორმატჩიან პაექრობაში ეცდებიან ლიგაში დარჩენას. ისინი ამას იმდენად მნიშვნელოვნად თვლიან, რომ დუშეთში 500 ქომაგით ჩასვლას გეგმავენ. “ფირალებმა” სია უკვე “გაახაზირეს” და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთიდან აღმოსავლეთში იმდენ გულშემატკივარს იახლებენ, რამდენიც მთავარი ლიგის ზოგიერთ მატჩს არ ესწრება. სხვათა შორის, წინა პლეი ოფსაც (2018-ში), ქუთაისში, “სამგურალთან” ათასამდე გურული ქომაგი დაესწრო.

ლანჩხუთის კლუბი ფინანსურად ნელა-ნელა წელში იმართება. მართალია, ვალი კიდევ არსებობს, თუმცა წლის ბოლომდე მმართველი კომპანია 500 ათასამდე ინვესტიციას გეგმავს. გაისად განხორციელებული ინვესტიცია კი მთლიანად კლუბზე დაიხარჯება, რაც გურულებს იმის საშუალებას მისცემს, ახლა თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, მომავალ სეზონშივე დაუმიზნონ მთავარ ლიგას.

გურულებს სტიმულს აძლევს ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიეხედება “გურიას” სტადიონს. ერთ დროს მრავლისმნახველ არენას, რომელიც 25 ათას ქომაგს იტევდა და წლების განმავლობაში პირთამდე ივსებოდა, ახლა მხოლოდ ერთი და ისიც აღმოსავლეთის ტრიბუნა აქვს. ამას კი “გურიას” ტრადიცია ნამდვილად არ იმსახურებს.

ახლახან გადაწყდა, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი საფეხბურთო არენას რომ დაემსგავსოს, ამაში გურულებს ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება. ამ მხრივ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს რომ არ ეშლება, ლანჩხუთლებმა უკვე იციან – რამდენიმე წლის წინ, ადმინისტრაციის შენობას, სამსაჯოს, საპრესკონფერენციოსა და გასახდელებს სწორედ ივანიშვილის კომპანიამ ნახევარ მილიონზე მეტი დაახარჯა, რის გამოც გურულებს დღემდე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გასახდელები აქვს. ახლა კი დასავლეთ ტრიბუნა გაკეთდება, თანამედროვე ლოჟით და სავარაუდოდ, ტრიბუნის ქვეშაც გაკეთდება გასახდელები. როგორც იცით, სტადიონს სტანდარტული სათადარიგო მოედანიც აქვს.

ეს საშური საქმე კი მმართველი პარტიის ლიდერამდე მიიტანა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ და კლუბის საპატიო პრეზიდენტმა, ბესიკ ტაბიძემ, რომელიც მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად “გურიას” გვერდში უდგას. ამასწინათ, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “პარაგრაფში” ივანიშვილი გურიის რეგიონის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და როგორც გვითხრეს, სწორედ იქ უთხრა მას ტაბიძემ – ლანჩხუთში ხალხი ყველაფერს გაგვიგებს, ოღონდ სტადიონზე მოგვეხმარეთო. ტყუილი არაფერი უთქვამს. ლანჩხუთში ფეხბურთი ისე უყვართ, რომ გურული კაცი სათვაყვანებელ გუნდს ყოფით პრობლემებზე წინ დააყენებს.

თავის მხრივ, ივანიშვილიც ცნობილია მშენებლობებით და სტადიონიც ბევრი გაუკეთებია. ამიტომაც სჯერათ გურულებს, რომ ამ საქმეს წინ აღარაფერი დაუდგება. მეტიც, “პარაგრაფში” შეხვედრის მეორე დღესვე გააქტიურებულა “გურიას” სტადიონის საქმე და ამაში რომ სწორედ “ოცნების” ლიდერის ხელი ურევია, ფაქტია.

იმას, რომ “ქარული ოცნების” ლიდერს “გურიას” სტადიონზე დახმარება თხოვა, ამას თავად ტაბიძე ადასტურებს. საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძე კი ამბობს: “მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ამის შესახებ იყო შეხვედრაზე საუბარი და ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება…”

სხვათა შორის, აქვე ერთი საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი გახდა ჩვენთვის ცნობილი: დაახლოებით 2011-12 წლებში ივანიშვილს ლანჩხუთში რაგბის არენის აშენება განუზრახავს, მაგრამ მაშინ უკვე პოლიტიკაში მოსულს, თურმე, მიწის ნაკვეთი არ გამოუყვეს…

 

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები