საქართველოს ნაკრები მეთერთმეტედ შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ირლანდიას და ფრედ 0:0 ითამაშა. აქამდე მხოლოდ ერთი ფრე გვქონდა ნათამაშები ბრიტანელებთან და სხვა ყველა წაგებული. დღეს ისეთი თამაში იყო წასაგებად საქმე ნაღდად არ გვქონია, თუმცა მიუხედავად უპირატესობისა, არც მოსაგებიც ეთქმოდა, რადგან ერთხელაც ვერ დავარტყით კარში.

ზედიზედ მეორე 0:0 საშინაო მატჩში. ჯერ დანიასთან, ახლა ირლანდიასთნ. ერთის მხრივ, კარგია, რომ ჩვენზე უკეთეს გუნდებთან არ ვაგებთ, გოლს არ ვუშვებთ და ა.შ., თუმცა მომთხოვნ ქართველ ქომაგს მარტო ეს არ აკმაყოფილებს. გვინდა გოლები, თუ გოლები არა სახიფათო მომენტების შექმნა მაინც, რაც ძალიან ძნელად მისაღწევია მიუხედავად მონდომებისა და ბურთის ფლობის უპირატესობისა.

ბევრი არაფერი შევაქმნევინეთ მეტოქეს, თუ მატჩის დასაწყისში ირლანდიელთა თავურს არ ჩავთვლით, რომელიც ძელს მოხვდა, მაგრამ მატჩის მიწურულს მაინც გაგვეპარა ახალგაზრდა დებიუტანტი კონოლი და კინაღამ ქარს გავატანეთ მთელი 90 წუთის ნაშრომ-ნაწვალები.

არ იყო ურიგო თამაში ირლანდიასთან და აქტივშიც კი შეიძლება ჩაიწეროს, მაგრამ თან კითხვები მაინც რჩება.
ჩვენი გუნდისა და ცალკეული ფეხბურთელების მონაცემებზე ბევრს ვსაუბრობთ და თან თუ ინდომებენ, მაგრამ მომენტსაც ვერ ქმნიან, ეს რას უნდა ნიშნავდეს?

შესარჩევ ტურნირზე უფრო მაგარი ტურნირი ჩვენ გუნდისთვის არაფერი არ ყოფილა აქამდე და მწვრთნელი რომ ამბობს ამ თამაშებს მოსამზადებლად ვიყენებთო, რა ლაპარაკია. შესარჩევი ამხანაგურია თუ როგორ არის?
ისე ამ მწვრთნელის შერჩეული შემადგენლობა ისევ ბადებს კითხვებს, უფრო სწორედ იმეორებს ერთი და იგივე კითხვებს. როდესაც ნაკრებს უთამაშებელი ფეხბურთელების რიგი უდგას, დანიისა თუ შვედეთის ჩემპიონატებში გამორჩეულ ფეხბურთელებს (ლობჟანიძე-ხარაიშვილი) რას ერჩის, გაუგებარია. ან თუ მაინც და მაინც უთამაშებელმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, მაშინ რატომ ჩაგრავს თუნდაც კვირკველიას და ხოჭოლავას?


ამბობენ, მწვრთნელმა უკეთ იცისო, მაგრამ ჩვენც ხომ ვუყურებთ თამაშს და გასაგებია რომ უბრალოდ ვერ გვეცოდინება მწვრთნელი ამა თუ იმ ფეხბურთელს რა დავალებას აძლევს და რას ითხოვს მისგან, მაგრამ როდესაც გამთამაშებლის ლამის ყველა ჩაწოდებული პასი მეტოქის ფეხბურთელებს მისდის; ბურთის მიღების შემდეგ შეტევას როგორც წესი აფერხებს და ნელა მოძრაობს; აჩქარების საჭიროების დროს ნელა დარბის; პარტნიორს პასებს ბრძოლაში აძლევს იმის ნაცვლად, რომ მარტივად დაუგოროს; ლამის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს, ჯარიმას საჯარიმოს ხაზთან ისე ურტყამს, რომ არანაირი გამწვავება და თან საკლუბო დონეზეც ფაქტობრივად არ ათამაშებენ; რა ახირება და რა საჭიროა ასეთი ფეხბურთელის თავიდან ბოლომდე დატვირთვა, გაუგებარია. ალბათ მიხვდით, ანანიძეზეა საუბარი.

სამაგიეროდ ისევ კარგი იყო ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა კანკავა, საერთო ჯამში დაცვის ხაზი, მონდომებული იყვნენ და ძალ-ღონე არ დაუშურიათ ყაზაიშვილ-ოქრიაშვილს, თუმცა ამან საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა.

 

თბილისი. “დინამო არენა”
საქართველო – ირლანდია 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

 

 

ახლა საქართველოს ჯგუფში 6 მატჩში ქულა აქვს და ამ ჯგუფიდან ევროპის პირველობაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. აბა პრაქტიკული ისედაც კარგა ხნის დაკარგული იყო.
15 ოქტომბერს, 22:45 საათზე გიბრალატარს ვეთამაშებით სტუმრად. შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველომ ოფიციალურ მატჩებში (ამხანაგურების ნაცვლად მოგონილ ერთა თასს თუ არ ჩავთვლით), ერთადერთი გუნდი დაამარცხა და ის სულ რაღაც გიბრალატრია.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები