ევროპა ლიგაზე გადმოსული საქართველოს ჩემპიონისგან წელს დიდი მოლოდინი გაჩნდა. არა იმიტომ, რომ „საბურთალო“ რაღაც განსაკუთრებული გუნდია და ციდან ვარსკვლავებს წყვეტს, უბრალოდ ცოტა გაგვიმართლა – „არარატი“ და მერე ლუქსემბურგული „დუდელანჟი“ სულაც არ არიან იმ კალიბრის გუნდები, რომელთა დამარცხებაზე ვერ ვიოცნებებდით. მით უმეტეს, რომ „საბურთალომ“ გაიარა ამათზე არა ნაკლები „შერიფი“, გარკვეული გამოცდილება მიიღო ზაგრების „დინამოსთან“ თამაშით და ბოლოს, ერევანში მოუგო „არარატ-არმენიას“ (2:1). ასე რომ, იმედი საფუძვლიანი იყო, მაგრამ…

მაგრამ თბილისში წავაგეთ 0:2. ჩვენი გუნდის უპირატესობა კი იყო, მომენტებიც იქმნებოდა, თუმცა უშედეგოდ, მსაჯმაც ცოტა გვიმტყუნა და შეცდომებიც არ დავაკელით, ამ ყველაფერმა კი სავალალო შედეგი გამოიღო.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე სტუმართა მეკარემ აჯობა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “საბურთალოს” იბევრს უტევდა, გოლი კი კინაღამ აქეთ გაუშვა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჯერ ყენია, შემდეგ როლოვიჩი შეიყვანა, თუმცა სტუმართა კონტრიერიშს რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

“საბურთალო” ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს…

“საბურთალომ” ევროპა ლიგაზე მესამე თამაში წააგო შინ.

 

საბურთალო – არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

 

გიორგი ჭიაბრიშვილი:

„ეს იყო სრული კრახი და ამ კრახში 100%-ით დამნაშავე მე ვარ. ბევრი მინუსი გვქონდა, ტაქტიკურმა მონახაზმა არ გაამართლა, მაგრამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ამ თამაშამდე იდეალურ კონდიციაში ვერ მოვიყვანე გუნდი ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ყველამ რაღაცა დავაკელით. მეორე ნომრად თამაში არ გადამიწყვეტია. უბრალოდ, თამაში არ გამოვიდა. იყო უიღბლობაც, შეცდომებიც, მაგრამ ეს მატჩი წასაგები არ იყო, სტუმრებს უკეთესი ფეხბურთელებიც არ ჰყავდათ. ეს უფრო ხასიათის პრობლემა იყო.

მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ევროტურნირებზე ან სხვა წესებია და ჩვენ არ ვიცით, ან რაღაც სხვა ხდება. მეათე წამზე გაფრთხილება მოგვცა, ამის შემდეგ ბოლომდე ბრძოლა ფეხბურთელსაც ეშინია და შედეგზე გავლენას სწორედ ასეთი წვრილმანები ახდენს. ისედაც ჩვენი გაგვჭირვებია და მსაჯები სანაკრებო და გნებავთ საკლუბო დონეზე კიდევ გვიმატებენ.

თუ ვინმეს ეს დაეხმარება, მე ბოდიშს ვიხდი. როგორც ჩანს, მეტი დრო და მეტი შრომა გვჭირდება. ხომ არ უნდა ავიღო სამწვრთნელო კარიერაში პაუზა? ერთი ვიცი, რომ დღეს არ ვარ ღირსი, საქართველოს ჩემპიონს სათავეში ვედგე. ორი დღე დავისვენებ, მომხდარს ფეხბურთელებთან ერთად გავაანალიზებ და თუ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, რომ გუნდში მუშაობა გავაგრძელო და ისევ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო, მაშინ დავრჩები“.

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები