LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი რატომ გვიყვარს ეს ხალხი: საქართველომ წაგებული შემოატრიალა და მოიგო

476
69429267-2395155343914884-6280645404107210752-o

აი ეს არის რაგბი, ასეთები არიან ჩვენი ბორჯღალოსნები და სწორედ ასეთ მიდგომას ითხოვს ხალხი თუნდაც ფეხბურთელებისგან. 10 წუთი იყო მატჩის დასრულებამდე დარცენილი და საქართველო 10 ქულით აგებდა თამაშს, თუმცა ბოლოს მაინც მოიგო – ჯიგრით, გაუტეხლობით, მიწოლით, მონდომებით, ერთმანეთის და ლელოს გატანით…

საქართველოს ნაკრები იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადება და სამი ტესტი დაგეგმა. პირველი რუსებთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეზობლებმა ური შემოგვითვალეს, თქვენთან საშიშიაო (რუსები რომ ამას ქართველებს ეტყვიან), ამიტომ ჩანაცვლდა სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი „საუზერნ კინგსით“.

ქართველებმა თამაში ბოლოსკენ შემოატრიალეს, სამი ლელო დადეს და მეტოქე 24:20 დაამარცხეს.

 

ჩვენებს ბოლო თამაში დაახლოებით ნახევარი წლის წინ ქონდათ ჩატარებული, პირველი მოსამზადებელი ეტაპის ძირითადად ფიზმომზადებას ემსახურებოდა. გუნდი ახლახან გადავიდა ბურთით ვარჯიშზე, ტექნიკური და ტაქტიკური ნიუანსების დახვეწაზე და მოსალოდნელიც იყო, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იქნებოდა.

მოლოდინი გამართლდა და მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ბორჯღალოსნების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, რითაც კარგად ისარგებლა „კინგსმა“ და მეორე ტაიმის დასაწყისში 15 ქულით დაწინაურდა – 20:5.

მეორე ტაიმის შუიდან ბორჯღალოსნებმა თამაში დაალაგეს, ტემპი გაზარდეს და საბოლოოდ მეტოქის დაცვა გატეხეს. ეს პირველად 67-ე წუთზე მოხდა, როდესაც „კინგსმა“ საკუთარი 22-დან სცადა ბურთის ხელით წამოღება, მაგრამ დაკარგა და ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, გიორგი მელიქიძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 73-ე წუთზე სხვაობა ერთბაშად 7 ქულით შემცირდა. ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, ღერძის შეცვლის შემდეგ მოლი ლელოში აუცილებლად შევიდოდა, მაგრამ მცველებმა ის წესების დარღვევით ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, ტრიბუნები ახმაურდა, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ გამოჭრეს ხაზი და ჯარიმის შემდეგ ბურთი აუტში, 5-მეტრიან წყვეტილთან გადაგზავნეს. მოლის შემდეგ ბურთი ხაზში გაიშალა, მოდებაძეს ლელომდე დაახლოებით 1 მეტრი დააკლდა, თუმცა იქვე გაჩნდა შალვა სუთიაშვილი და რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით ანგარიში 24:20 გახადა.

„საუზერნ კინგსს“ ბოლო შეტევა დარჩა, ბურთი მოიპოვა და სახიფათოდაც შეუტია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა წითელ ზოლში თავის დაცვა მოახერხა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „საუზერნ კინგსის“ მთავარი მწვრთნელი რობერტ კემპსონი თამაშით კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა საჭირო გამოცდილება შეიძინა. მწვრთნელს დაეთანხმა გუნდის კაპიტანი სტეფან ანხერერიც და ორივე ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ფრანჩაიზი პრო 14-ს დაამშვენებდა.

რობერტ კემპსონი: ეს ზუსტად ისეთი თამაში იყო, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაც ასე ძალიან გვჭირდებოდა, განსაკუთრებით სტატიკაში და მას შემდეგ, რაც მოედანზე საქართველოს ნაკრების „პირველი ნომრები“ შემოვიდნენ. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე ტაიმში მცირედ იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი. ის გამოცდილება, რაც დღეს მივიღეთ, ჩვენთვის ფასდაუდებელია“.

მილტონ ჰეიგი:

„ჩვენი მზადების წლევანდელ პროცესს 4 წლის წინანდელს თუ შევადარებთ, ვფიქრობ ნებისმიერი მორაგბეც დამეთანხმება, რომ დაახლოებით 50%-ით წინ ვართ მაშინდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში – ფიზიკურად, მენტალურად თუ სხვა კუთხით. ამ კონკრეტულ თამაშს თუ შევხედავთ, ვაგებდით 15 ქულით, მეტოქემ კუნთები დაგვანახა, გაგვიძალიანდა, თუცა დასკვნით 12 წუთში მისი ბედი შემოვატრიალეთ, რაც ასევე ჩვენს კარგ მომზადებაზე მეტყველებს. პირველი შეხვედრისთვის კმაყოფილი ვარ, თუმცა არ ვამბობ, რომ კარგად ვითამაშეთ და წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“.

საქართველო 31 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ (20:00 სთ) ექვსი ერის შოტლანდიას ეთამაშება.

 

27 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი

საქართველო – საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები