საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიის ძალიან კარგი გუნდი დაამარცხა – 9:7 – და ზედიზედ მეოთხედ გაინაღდა ევროპის პირველობაზე გამოსვლა.

თამაში თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაწინაურდა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება ერთხელაც არ მისცა (პირველი ტაიმი 5:3), თუმცა ერთ ეპიზოდში გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის ბედი თითქმის ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. გადამწყვეტ მომენტში კი საქართველომ ივარგა და „ოლიმპიკის“ აუზში მისული გულშემატკივარი გაახარა.

 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 იანვრიდან უნგრეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.
ბუდაპეშტში ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მოიყრის თავს. ტურნირი ასე ნაადრევად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გამო იმართება და ევროპულ ნაკრებებს თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირიც ექნებათ სათამაშო.

გერმანელების დამარცხების გამო ფინალური რაუნდის წილისყრისას უკეთეს ჯგუფში მოხვედრის შანსი გვაქვს. სასურველია, ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლოთ.

2020 წლის ევროპირველობის რვა ადგილი უკვე განსაზღვრულია. დანარჩენი 8 ადგილისთვის ბრძოლაში შარშანდელი ჩემპიონატის მე-9-მე-16 ადგილოსნებს ხუთი გუნდი დაემატა და წილისყრით ისინი შესარჩევი ტურნირის ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:
ჩვენს A ჯგუფი გერმანია, საქართველო, შვეიცარია მოხვდნენ.
ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის.

სხვათა შორის საქართველოს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში გერმანიასთან დამარცხდა 9:10.

საქართველო ჯგუფში მეორე თამაშს ხვალ დილით, 10:30 საათზე გამართავს შვეიცარიასთან და დიდი ალბათობით ამ მატჩსაც მოიგებს, რადგან შვეიცარია შედარებით სუსტი მეტოქეა. ამ შეხვედრაში გამარჯვება, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ დასკვნით ეტაპზე შედარებით ხელსაყრელი მეტოქეები შეგხვდება.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები