LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკონკურენტო ქართული ვაზის ჯიშები

44
fruitful-0

საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია დაფიქსირებული და რიცხვმრავლობის მიხედვით ვერავინ გაუწევს მას მეტოქეობას. მაგრამ საქმე მარტო სიმრავლეში არ არის. საქართველოში არის მეტად მრავალფეროვან ჯიშთა სიმფონია ფერთა არაჩვეულებრივი გამით: თეთრი, მოყვითალო თეთრი, მომწვანო თეთრი, მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი, მუქი წითელი, შავი და მრავალი სხვა. აგროკულტურული წესები საქართველოში ურთულესია, უმაღლესი ხარისხისაა; ისტორიულად არცერთ ქვეყანაში არ სრულდება ვაზთან დაკავშირებით იმდენი სამუშაო, რამდენიც ჩვენთან, ზოგ ქვეყანაში ვაზი ისხვლებოდა მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ, ასეთივე ინტერვალებით ხდებოდა დაბარვა და სხვა სამუშაოები. საქართველოში კი მწყობრი, გეგმაზომიერი ციკლი გახლდათ, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლიდა.

 

 

ძალიან მდიდარია ქართული ჯიშის ვაზების სახელტა ნომენკლატურა, ასევე სამუშაო ციკლთან, ღვინის დაყენებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტერმინები.

ასეთი მონაცემების მიხედვით, საქართველო უნიკალურ სურათს იძლევა და ცხადი ხდება, რომ პრიორიტეტი არა მხოლოდ ვაზის მოშინაურება, არამედ ტექნოლოგიის შექმა და სახელების ორიგინალურობაცაა. ივანე ჯავახიშვილმა ისტორიკოსმა და უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ დაასაბუთა, რომ ვენახი უძველეს დროს აღნიშნავდა არა ვაზებით სავსე ბაღს როგორც დღეს, არამედ ვაზს, ყურძნის მსხმოიარე ხეს, რომლის ნაყოფისგან ღვინის მიღება იყო შესაძლებელი. ე.ი. ვენახი იგივე უნდა იყოს, რაც ღვინის ხე. ეს, ცხადია ვენახის ეტიმოლოგიის უძველეს შრეს განეკუთვნება. შემდგომ ვენახმა,  ვაზებით დარგული ბაღის მნიშვნელობა მიიღო.

“ყურძენი” დღეს მხოლოდ ვაზის ნაყოფის აღმნიშვნელი სახელია. ძველად კი მას უფრო ფართო მნიშნელობა ჰქონდა – აღნიშნავდა არა მხოლოდ ნაყოფს,  არამედ ნაყოფის მსხმოიარე ხესაც. ე.ი. ვაზს. მაშასადამე, უძველეს ხანაში “ყურძენს” ვაზის მნიშვნელობა ჰქონია.

რაც შეეხება სიტყვა “ღვინის” ეტიმოლოგიას,  ბოლომდე ის დღემდე არ გახლავთ ახსნილი, თუმცა ავტორთა დიდი უმეტესობა მას აღმოსავლურ წარმომავლობისად მიიჩნევს. ევროპულ ენებზე ღვინის სახელწოდებაში ქართული “ღვინის” ანარეკლის დაუნახაობა შეუძლებელია, თუმცა თვით ქართულ სახელში ყველაფერი ნათელი არ არის, ენათმეცნიერების კვლევები, სადაც ბევრი საგულისხმო მხარეა წამოწეული, საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ  შეიძლება სემანტიკურმა ძებამ აღმოუჩინოს დახმარება კვლევას. პირველ რიგში წყაროები იუწყება, რომ უძველეს ჯიშთა ნაყოფი შავი ფერისა იყო, რაც ქართულში კარგად დგინდება “ძელშავისა” და “ყურძნის” ჩვენეული განმარტებით. შავი ფერის ყურძნიდან წითელი ფერის ღვინო იწურებოდა. შავი ფერის მარცვლები ეგვიპტურ სამარხებშიც აღმოაჩინეს, ჰომეროსის დროსაც ყოფილა ცნობილი შავი ყურძნის ჯიში, საიდანაც სურნელოვან ღვინოს წურავდნენ.

მომზადებულია წიგნის : ქართული ღვინის კულტურა 2016 მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები