LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შოშიტაშვილი: გვაქვს მიწვევები, გასტროლები… ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება, სიხარული და სიყვარული მოდის ხალხისგან

35
ქსოვრელები

12 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი შოშიტაშვილი და „ქსოვრელები“ სტუმრობდნენ, რომლებმაც ახალ ნამუშევრებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „მინდოდა მეთქვა“ პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

გიორგი შოშიტაშვილი: გვაქვს მიწვევები, გასტროლები… ახალ სიმღერაზე დავიწყეთ მუშაობა. ძველი სიმღერაა და ჩვენ ვაახლებთ. დარწმუნებული ვარ, ყველას უყვარს, მაგრამ იმდენად მიძინებული და მივიწყებულია, რომ ყველას გაუხარდება.

ბატონი ელდარი თუ გეხმარებათ რეპერტუარის შერჩევაში?

არა, თუ გეტყვით, რომ ამაზე ზრუნავს, მოგატყუებთ, მას თავისი ანსამბლი ჰყავს. ჯერჯერობით ჩვენი ბაზიდან გამომდინარე ვაახლებთ სიმღერებს.

გასტროლები და მიწვევები ახსენეთ, უკვე დაგეგმილი გაქვთ კონცერტები?

კი, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ორი კონცერტი იგეგმება ამერიკაში. აგვისტოში კერძო მიწვევა გვაქვს ისრაელში. ძალიან მალე შეიძლება საქართველოში გავაკეთოთ კონცერტი, რომელსაც სავარაუდოდ „ეპოქა“ ერქმევა. კონცერტზე ძველი სიმღერების ჩვენს მიერ დამზადებული ახალი ვერსიები იქნება.

როგორც ვიცი, სტუდიის შექმნა გადაწყვიტეთ და მინდა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ.

ჩვენ ვართ, ვქმნით და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება, სიხარული და სიყვარული მოდის ხალხისგან, მაგრამ რომ გადავხედოთ ჩვენს შემდგომ თაობას, ამ ყველაფრის გამგრძელებელი აღარავინ მოდის. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ „ქსოვრელების აკადემია“ გავაკეთო, სადაც ჩვენ შევასწავლით ინსტრუმენტებს. ჯერჯერობით შენების პროცესში ვართ. სავარაუდოდ, 2-3 წელი დასჭირდება ამ ყველაფერს. მსურველი ბევრია და ამან გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მინდოდა მეთქვა“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება ჩვენს ეთერში.

დავიწყებ იმით, რომ კარგია, როცა ძველს ვაახლებთ და ეს ხალხს მოსწონს, მაგრამ ქეთი ხუციშვილისგან გვქონდა შემოთავაზება, რომ რაღაც ახალი და ინოვაციური გაგვეკეთებინა. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ დავრწმუნდით, „ქსოვრელებისთვის“ ეს მიმდინარეობაც კარგია. აუცილებლად კიდევ შევქმნით ასეთ ექსპერიმენტებს. ქეთი ხუციშვილმა დაგვიწერა ტექსტიც, მუსიკაც და არანჟირებაც ნაწილობრივ მას ეკუთვნის. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

 

გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები – მინდოდა მეთქვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები