LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიტაური: ფილარმონიის კარი იღება არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრი ნიჭიერი შემსრულებლისთვის – 29 მაისს „ქართული სიმღერის და ცეკვის ზეიმი“ გაიმართება

28
გიორგი-ჩიტაური

19 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ჩიტაური სტუმრობდა, რომელმაც 29 მაისს დაგეგმილ „ქართული სიმღერის და ცეკვის ზეიმზე“, ფესტივალის პროგრამაზე და მონაწილეებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „უნდა დაგიბრალო“ წარუდგინა.

გიორგი, ვისაუბროთ 29 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, „ქართული სიმღერის და ცეკვის ზეიმი“, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

დადგა ის დრო, როდესაც ფილარმონიის კარი იღება არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრი ნიჭიერი შემსრულებლისთვის და ეს დიდ ბედნიერებას გვგვრის ყველა მონაწილეს. ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ყველა იმ ადამიანს, ვისაც  ქართული სიმღერა და ცეკვა უყვარს, მინდა მოვუწოდო, რომ 29 მაისს მობრძანდნენ „ქართული სიმღერის და ცეკვის ზეიმზე“, სადაც გიორგი ჩიტაური „იბერიასთან“ ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე. საღამოზე შესრულდება თქვენთვის საყვარელი სიმღერები, რომლებიც ცოტა მივიწყებას მიეცა, რადგან ბოლო პერიოდი სხვა ჟანრის მუსიკის კეთებით ვარ დაკავებული. რახან მაინც მთა არის ჩემი სავიზიტო ბარათი და ჩემი სულის და ცხოვრების ნაწილი, მე არასოდეს ვივიწყებ იმას, რაც ჩემი არის და ძირითადად მთის სიმღერებს შევასრულებ საღამოზე. რა თქმა უნდა, შესრულდება ახალი სიმღერებიც და ჯგუფი „იბერიაც“ რამდენიმე ნომრით წარდგება მაყურებლის წინაშე. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი მეგობრებიც, ფატი ბროლაშვილი, ზურა ბარბაქაძე, ფანდურა, გიორგი ჯმუხაძე, პავლე ჩიტაური, გაგა მანავლიშვილი, ანსამბლები „ქართული“, „ხმა მესხეთიდან“ . 16 მაისს სართიჭალაში გვქონდა ძალიან თბილი და კარგი საღამო ამ ფესტივალის ფარგლებში და სრული ანშლაგით ჩაიარა. იქნება 3 საათიანი პროგრამა. კონცერტის დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ. ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფილარმონიით არ შემოვიფარგლებით, ივლისის დასაწყისში ბათუმშიც ვგეგმავთ ამ ფესტივალის ჩატარებას. ისეთი მუხტი გვაქვს, რომ ყოველ შაბათ-კვირას კონცერტი გვექნება.

როგორი ისტორია აქვს შენს ახალ სიმღერაზე, „უნდა დაგიბრალო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ამ სიმღერას სხვებიც მღეროდნენ და ძალიან მიყვარდა და ვთხოვე ავტორებს, რომ ამ სიმღერის ჩაწერის უფლება მოეცათ. ტექსტის ავტორი ზაზა ბიბილაშვილი გახლავთ, მუსიკის – ირაკლი პოპიაშვილი. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. „იუთუბ“ არხზე ძალიან ბევრი ნახვა აქვს, ძალიან შეიყვარა მსმენელმა.

 

გიორგი ჩიტაური – უნდა დაგიბრალო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები