LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური მეგაშოუს „დიდი სცენა“ ფინალური დღე – გამარჯვებულები და რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული, რომელსაც საოცნებო პრიზები გადაეცა

283
დიდი სცენა

დიდი და რთული გზის შემდეგ, მეგაშოუ „დიდი სცენის“  ფინალიც შედგა. პროექტში დარჩენილმა სამმა ფინალისტმა გენიალური გია ყანჩელის კომპოზიციები და მსოფლიო მუსიკის შედევრები შეასრულეს. კონკურსანტებს აკომპანემენტს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უწევდნენ. ფინალური შოუ კი ყველაზე წარმატებული ირაკლი კაპანაძისთვის აღმოჩნდა, რომელმაც ჟიურისა და მაყურებლის გული ნამდვილად მოიგო, შესაბამისად დიდი სცენის გამარჯვებულიც ის გახდა.

ფინალური შოუ სულაც არ ჰგავდა საკონკურსო დღეს. საღამომ სიუპრიზებთან ერთად ჩაიარა. კონცერტი ნატო მეტონიძემ, ომა ფავორმა და ერეკლე დეისაძემ  უკვდავი სიმღერით „საით მიდიხარ“ გახსნეს. მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი ჟიურის წევრი გიორგი ცაგარელი წარდგა, რომლის შესრულება  მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იმდენად ემოციური და ენერგიული იყო, რომ კომპოზიციის ბოლოს სიმებიც კი გაწყდა.

ყოველ კვირა დღეს ,,რუსთავი 2″-ის ეთერიდან აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია მაყურებელს ესალმებოდნენ და ,,დიდი სცენის” მეგაშოუს განსაკუთრებულს ხდიდნენ. ბუნებრივია მათთვისაც ემოციური აღმოჩნდა ფინალური კონკურსის დღე.

მუსიკალური პროექტის „დიდი სცენის“ რადიო პარტნიორი რადიო „არ დაიდარდო“ გახლდათ. ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული კი ცოტნე გელოვანი გახდა, რომელსაც ყველა მომღერლისთვის საოცნებო პრიზები გადაეცა.  „ფორტუნა“ ცოტნეს ჩაუწერს სიმღერას, რომელიც დატრიალდება ოთხივე რადიოსადგურში, შემდეგ გადაუღებს კლიპს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გავა ტელეკომპანია „მუზიქ ბოქსის“ ეთერში და  ბოლოს მოხვდება იმ საკონკურსო სიმღერებს შორის, რომლებიც „ოქროს ტალღისთვის“ იბრძოლებენ.

ირაკლი კაპანაძე: „ძალიან ამაყი ვარ ჩემი გულშემატკივრებით, რომ ასე დამიდგნენ გვერდში და ეს ტიტული, რომელსაც ჰქვია „დიდი სცენის“ პირველი გამარჯვებული, მე მარგუნეს. უზომოდ ბედნიერი ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი“.

ნატო მეტონიძე: „ირაკლი  უდაოდ ღირსეული გამარჯვებულია, რაღაცნაიად ინტუიციურადაც ვგრძნობდი ამას, სამართლიანიც ასე იქნებოდა, როგორც დღეს დამთავრდა. რა თქმა უნდა ეს გვაბედნიერებს ყველას, ირაკლი ნამდვილად იმსახურებდა ამას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები