LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერები და „ანო და ვანოზე“ ამღერებული ათასობით ადამიანი

2322
კახიძე

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების მოსასმენად 17 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ საზოგადოება ოჯახის წევრებთან ერთად შეიკრიბა. „აქ ჩემს შვილთან ერთად მოვედი, მინდოდა, რომ მოესმინა, როგორია აკადემიური ქართული სიმღერა“, აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა, რომელიც პატარა გოგონასთან ერთად დარბაზისკენ მიიჩქაროდა. წვიმიანი დღის მიუხედავად, რამდენიმე ათასი მსმენელი 2019 წლის სეზონის პირველ ქართულ პროექტზე დასასწრებად „ბლექ სი არენაზე“ შეიკრიბა.
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის სიმღერები ქართული მუსიკალური სამყაროს განუყოფელი ნაწილია და თითოეული მსმენელის ცნობიერსა და ქვეცნობიერში მყარად ზის. ნებისმიერი ის სიმღერა, რომელიც შეკვეთილში მდებარე არენაზე 17 აგვისტოს აჟღერდა, ქართველი მსმენელისთვის ძალიან ახლობელია და მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს.
სპეციალურად „ბლექ სი არენასთვის“ ორგანყოფილებიანი მუსიკალური ღონისძიება განსხვავებული ფორმით წარმოადგინეს. უზარმაზარ ეკრანზე, რომელიც სცენაზე გახლდათ დამონტაჟებული, რეჟისორ დავით გერსამიას მიერ შექმნილი ვიდეოინსტალაციები გადიოდა, რომლებიც კონკრეტულ კომპოზიციებზე გახლდათ მორგებული.
რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად, სცენაზე იდგნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები, ანსამბლი „რუსთავი“ და სოლისტები: ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი იდგნენ.
ღონისძიების წაყვანა, მამის, ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის სიმღერებისა და შემდგომ, მეორე განყოფილებაში, საკუთარი კომპოზიციების შესახებ საუბარი და საინტერესო ამბების გახსენება საკუთარ თავზე ვახტანგ კახიძემ აიღო.

მუსიკალური საღამოს პირველ ნაწილში, ძირითადად, ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით, ასევე ნეკა სებისკვერაძის, ნატუკა კახიძის, გიორგი სუხიტაშვილისა და მაკა ზამბახიძის დუეტებით, ჯანსუღ კახიძის ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები მოვისმინეთ, როგორებიცაა: „მგზავრული“, „თმაში ჭაღარა შემომერია“, „მოვა მაისი“, „იავნანა“, „საზამთრო“ და რასაკვირველია, „მრავალჟამიერი“, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ჯანსუღ კახიძის რეპერტუარში შედის. სწორედ „მრავალჟამიერით“ დასრულდა პირველი ნაწილი და ოცწუთიანი შესვენების შემდეგ დარბაზში მსმენელს მეორე განყოფილებისთვის უხმეს, სადაც ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი მუსიკისთვის უნდა მოგვესმინა…
მეორე ნაწილი სევდიანი კომპოზიციით გაიხსნა, ვახტანგ კახიძის მიერ კინოფილმ „რუსული სამკუთხედისთვის“ დაწერილი „სევდა“ და ომის კადრები, რომლებიც დიდ ეკრანზე გადიოდა, პუბლიკისთვის ემოციური გადახვევა აღმოჩნდა იმ საზეიმო განწყობიდან, რომელიც პირველმა განწყოფილებამ შექმნა… როგორც მაესტრო ვახტანგმა აღნიშნა, არ უნდოდა კონცერტის მძიმე ემოციებით დატვირთვა, მაგრამ დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, სწორედ ასე გაეხსნა ღონისძიების მეორე ნაწილი და მხარდაჭერა გამოეხატა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი სახლების აგურ-აგურ დაშლა უწევთ. მან ასევე თქვა, რომ მადლობელი იყო იმ აპლოდისმენტებისთვის, რომელიც ზემოხსენებულ კომპოზიციას მოჰყვა… თუმცა გაიგებდა იმასაც, ომის კადრების ნახვის შემდგომ მსმენელს წუთიერი დუმილით პატივი რომ მიეგო იმ ადამიანებისთვის, ვინც სამშობლოსთვის თავი გაწირა…
მეორე განყოფილება ვახტანგ კახიძის რეპერტუარის მარგალიტებით გაგრძელდა, როგორებიც გახლავთ: „მეფე და ჩიტი“, „იცოდე, შენი ვარ“, „სიყვარულო, რა ხარო“, „არა,“ „ლეკური“ და სხვა.
მსმენელი მაინც ყველაზე მეტად ელოდებოდა „ანო და ვანოს“, რომელიც 27 წლის შემდეგ, სწორედ „ბლექ სი არენას“ კონცერტისთვის, ვახტანგ კახიძემ გააორკესტრა და პირველად წარუდგინა ამ ფორმით მაყურებელს. „ანო და ვანოს“ პირველივე ნოტებიდან ცხადი გახდა, რომ დარბაზში ყველა საცეკვაოდ განეწყო და ადგილებიდან წამოიშალნენ, რასაკვირველია, სიმღერის ტექსტი ყველამ ზეპირად იცოდა და მაესტროსა და სოლისტებს სიამოვნებით აჰყვნენ… სიმღერის ბოლოს ემოციები, რომლებიც ამ დროს დარბაზში ტრიალებდა, განსხეულდა იმ ფერადი ქაღალდებით, რომლებმაც სცენიდან ამოხეთქა და პარტერში მჯდომებსაც ნაწილობრივ გადაეფარა…

„ანო და ვანო“, მაყურებლის მოთხოვნით, მუსიკოსებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს… ამჯერად უკვე არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც ცნობილ მელოდიას არ ღიღინებდა.
კონცერტის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარეს.
ვახტანგ კახიძე:
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, წინა დღეს გვქონდა 10-საათიანი რეპეტიცია. მივიღეთ ისეთი სასურველი რეზულტატი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მართლა არაჩვეულებრივი დარბაზი ემსახურება ყველა ჟანრისა და მიმართულების მუსიკას, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ იმ პროფესიონალებს, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ. მადლობა „ბლექ სი არენას“ გუნდს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ასეთი საღამო გამოსულიყო.
პირველი წუთებიდან მაყურებლისგან მოდიოდა სითბო და მხარდაჭერა. ჩვენი მაყურებელი ხანდახან მორცხვობს, რომ წამოდგეს, აგყვეს იმღეროს და იცეკვოს. დღეს საერთოდ საპირისპირო სურათი იყო. უდიდესი მადლობა მსმენელს”.
გიორგი სუხიტაშვილი:
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „ბლექ სი არენას“ და იმ უამრავ ადამიანს, ვინც მაღალპროფესიონალურად იმუშავა, იმიტომ, რომ ეს იყო მუშაობის ძალიან მაღალი სტანდარტი.
რაც შეეხება მოსულ მაყურებელს, უდიდესი მადლობა მათ. ეს არის იმედი იმისა, რომ ქართული მუსიკა არის ძალიან საჭირო, კეთილი, ნოსტალგიური და მოთხოვნადი. ეს გვჭირდება ყველას. ამ არენასაც და ჩვენს მსმენელსაც უკეთეს და უკეთეს კონცერტებს ვუსურვებ.
ნეკა სებისკვერაძე:
იმდენად დიდი ემოცია და ბედნიერების შეგრძნება, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება. ჩვენთვის, ქართველი შემსრულებლებისთვის უდიდესი სტიმულია, რომ ასეთი ბრწყინვალე სივრცე ეთმობა ქართულ მუსიკას, ქართულ პროექტებს, რომლებზეც ამდენად დიდი მოთხოვნაა. სავსე იყო დარბაზი, ვარ ემოციურად დატვირთული და უღრმესი მადლობა, პირველ რიგში, მსმენელს.
ტატო ხარჩილავა:
„ალბათ, ჩვენი გუნდისთვის ყველა საამაყო დღეა დღეს, რადგან ასეთი დიდი წარმატებით ჩაიარა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამომ. ერთია, როცა ჩამოგყავს უცხოელი არტისტები და ყიდი ბილეთებს, მეორეა, როცა ქართველი არტისტის კონცერტი არის ასეთი მაღალი ხარისხის, რომელსაც ესწრება ამდენი ადამიანი. ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კონცერტი იყო, რაც არენაზე გამართულა“.

ფოტო: copter.ge

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები