
Pegasus Airlines ბათუმის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.
როგორც რადიო ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, ”პეგასუსი” ბაზარზე კონკურენტული ფასით შევა და ხელმისაწვდომ ტარიფებს შეინარჩუნებს, რათა კონკურენცია გაუწიოს ტრაბზონიდან ოპერირებად კომპანიებს. ამ ეტაპზე ბილეთის ფასი კონფიდენციალურია.
Pegasus Airlines-ის ცნობითვე, ავიაკომპანია აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას აპირებს და ბათუმი-სტამბულის რეისებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს.
აღნიშნული შეთავაზება მიმზიდველია ტრანზიტული რეისების მგზავრებისთვის, ბათუმიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით მგზავრობა 180-190 ევროდ იქნება შესაძლებელი, თბილისიდან კი საშუალოდ 250-260 ევროა.
ავიაკომპანიის გენერალური აგენტის GASA-ის (Georgian Avia Service Agency) ცნობით, იქ ჩასულ მგზავრს სხვა ქალაქებში მატარებლით ხელმისავწდომ ფასად გადაადგილების საშუალებაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines საქართველოს ბაზარზე 2010 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს.